ქეთი მითაიშვილის სრული ბედნიერებისთვის...
05-06-2017
ქეთი მითაიშვილის სრული ბედნიერებისთვის...
თვითონაც უკვირს, არც კი ვიცი, როგორ "შემომეპარნენ" ეს ყვავილებიო. დიდ მებაღედ არ მიაჩნია თავი, მაგრამ ნამდვილ ბაღზე მეოცნებეს, შინ მოწყობილი ეს პატარა, ლამაზი ყვავილებით დამშვენებული ბაღი ძალიან უყვარს და ცხოვრების ხალისს მატებს. მიზეზთა გამო 2003 წლიდან, ძირითადად, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ ცდილობს, საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვიდეს და თავის ბაღს მოესიყვარულოს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილ დიქტორს, წამყვანსა და პედაგოგ ქეთი მითაიშვილს შინ ვეწვიეთ, რათა თავად მასპინძლისგან მოგვესმინა, როგორ მოიწყო ზღაპრული
სილამაზე კორპუსის მე-10 სართულზე და როგორ ინარჩუნებს უსაყვარლეს მინიბაღს.

- 16 წლამდე ქუთაისში ვიზრდებოდი.­ ეზოში ათასნაირი ხეხილი გვქონდა. დედას ყვავილები უყვარდა. ჩემთან რა ყვავილებსაც ხედავთ,­ უმრავლესობა, ძირითადად, კაქტუსები, დედას, ასე ვთქვათ, სახსოვარია. სამწუხაროდ, ბევრი დამეღუპა, აქ არ ვიყავი­ და ვერავინ მოუარა. მათ შორის ამარილისიც იყო,
მერე ახალი შევიძინე­.
ამ ყვავილებზე ვდარდობ, ფაქტობრივად, აქ არ ვცხოვრობ, ხანდახან წელიწადში ერთხელაც ვერ ჩამოვდივარ. მეგობარს ვთხოვე, კვირაში ერთხელ უნდა მოსულიყო და წყალი დაესხა, მაგრამ...
იცით, რა? მცენარე გრძნობს პატრონს. როგორც კი ჩამოვდივარ, საოცრება ხდება ჩემს სახლში - ყველა ერთად იფეთქებს, თითქოს სიხარულით მეგებებიან და ფეიერვერკს მიწყობენ. ყველას ვესალმები და სათითაოდ ჩამოვუვლი,­ გოგონებო, ბიჭებო, ძალიან ხომ არ მოიწყინეთ? თქვენ მაინც არ მიღალატოთ და არ მიმატოვოთ-მეთქი... მათი სახით საოცრად ერთგული არსებები მყავს გვერდით. ვაწვდი საკვებს, სასმელს და შეძლებისდაგვარად ვკრეჭ ფოთლებს ან ღეროებს. კალა ამას წინათ მოვიტანე - "ქალთა ბედნიერებას"­ ეძახიან თურმე. ვიფიქრე, მარტო ეგ მაკლია ბედნიერებისთვის-მეთქი და წამოვიღე...

- რომელი გამოდგა უფრო გამძლე?

- ყველაზე გამძლე პალმა, დედას კაქტუსები და ქლოროფიტუმია. ეს უკანასკნელი ძალიან ყოჩაღია და სასარგებლოც - ჟანგბადით ავსებს ოთახს. გამძლე აღმოჩნდა ასპიდისტრაც - მძიმე მდგომარეობაში დამხვდა, მაგრამ გამოვაცოცხლე. ძალიან მიყვარს ჩემი ტყუპის ნაჩუქარი მცენარეები - ცოტნემ ფიკუსი მაჩუქა, საბამ კი ალოე. საბა ერთხელ პატარა ჭიქებში ჩარგული პაწაწკინტელა მცენარეებით მომადგა - ვიღაც ქალი ყიდდა, შემეცოდა და ვიყიდეო. ის ყვავილებიც გავახარე. იები ჩემმა მეგობარმა ლიამ მომიტანა...

- ამ ხავერდისფოთლიანს რა ჰქვია?

- ბეგონიის ერთ-ერთი სახეობაა. თბილისში რომ ჩამოვედი, ესეც ცუდ მდგომარეობაში დამხვდა, მაგრამ გამოვაკეთე. იას­ამნისფერ ყვავილს "ნაპოლეონის შლაპას" უწოდებენ, ნემსიწვერა კი სურნელოვანია, ფოთოლს რომ თითებს გაუსვამ, სასიამოვნო არომატს დაგიტოვებს. დიდ ფინჯან-ქოთანში ჩარგული ყვავილები, ამერიკაში რომ ვიყავი, გაფუჭდა. ვინერვიულე და ჩემმა მეგობარმა ლიამ გადამირჩინა - შინ წაიღო და მოუარა. ამას წინათ ერთი მეგობარი დამპირდა, ლამაზი­ ყვავილები მაქვს და მოგიტანო, მაგრამ მეორემ გააპროტ­ესტა, რას ამბობ, აღარაფერი მოუტანო, თორემ მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ამ სახლშიო... არადა, ჩემი ბინა დუპლექსია და მეორე­ სართულზე, 40 კვმ ფართობზე, ორანჟერეის გაკეთებას ვაპირებდი. ლამაზი­ ზამთრის ბაღი მექნებოდა, მაგრამ...

- გამორჩეულად გიყვართ რომელიმე?

- პალმას გამოვარჩევ, ჩემს სახლში ის იყო პირველი მცენარე. პაწაწუნა იყო, რომ მოვიტანე და ახლა ჭერს ურტყამს თავს. პალმას გვერდითი ფოთლები რომ უყვითლდებოდა, ვაცლიდი. კარგად ვერ გავთვალე და მერქანი გავუშიშვლე. მერე მივხვდი, რომ უნდა გადამეჭრა. ჩემმა მეგობარმა მოიფიქრა და გაშიშვლებულ მერქანს გასალამაზებლად ჩინური ვარდი ავაყ­ოლე. ნელ-ნელა მთლიანად დაფარავს სიშიშვლეს. პალმა უკვე 18 წლისაა, "სრულწლოვანი" და რატომღაც ვაჟად აღვიქვამ, არადა, პალმა, თითქოს მდედრობითი სქესის უნდა იყოს. ამას ისეთი აღნაგობა აქვს, სიძლიერის­ სიმბოლოდ მყავს - ყველა ყვავილს ზემოდან დაჰყურებს და გეგონება, მფარველობსო.

სოფელი არასდროს მქონია და განვიცდი, ჩემმა შვილებმა მისი ხიბლი რომ არ იციან. ამერიკაში ვისთანაც ვცხოვრობდი, იმ ხალხს­ პატარა მეურნეობა მოვუწყვე - ეზოში კიტრი, პამიდორი და მწვანილი გავახარე. საოცარი შეგრძნებაა, შენს ნაშრომს რომ უყურებ და აგემოვნებ. მთელი ბავშვობა კორპუსის ბინაში ცხოვრებაზე ვოცნებობდი­ და დავსახლდი კიდეც. ახლა, ნახევარ საუკუნეს რაც გადავცდი, ვოცნებობ, სადმე, თბილისთან, მდინარის ახლოს ნაკვეთი შევიძინო, პატარა წალკოტად ვაქციო - ხეხილი და მცენარეები გავაშენო, ლამაზი ბაღი და ბოსტანი მოვაწყო...

ირმა ხარშილაძე
ხათუნა
16 ივნისი 2017 15:37
ერთი-ორი სიტყვა შვილებზეც გეთქვაო, წავიკითხე კომენტარებში. მაპატიეთ, მაგრამ ოდნავ ირონიული მეჩვენა ამ ტექსტზე მსგავსი გამოხმაურება. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა ესაუბრა შვილებზე მაშინ,როცა ინტერვიუ ერთ კონკრეტულ თემას მიეძღვნა? გვიყვარხარ ქეთი!
მეისტორიე
13 ივნისი 2017 15:27
ქეთის დროის ტელევიზია 10 თავით მაღლა იდგა დღევანდელ "ზავედენიაზე"!
ყველა დიქტორი ანათებდა: ჟანეტა არჩვაძე (აცხონოს ღმერთმა), თინა მგალობლიშვილი, თენგიზ ნათაძე, ირმა გურიელი, ლია მიქაძე, ქეთინო გვარამია, დავით სოკოლოვი, კახა არჩვაძე, ნუგზარ ჯუღელი, ირა მათიაშვილი, ხათუნა დონდუა (ნათელი დაადგეს), აწ განსვენებულნი: დავით ძიგუა, ომარ ტივაძე, მარიეტა ლეჟავა, ლალი ზანგურაშვილი.
ნანა
13 ივნისი 2017 12:09
ულამაზესი ქალბატონი, ქართული სიტყვის მოამაგე, ჭეშმარიტი ქალაქელი ! - ასე გვახსოვხართ ქეთი თბილისელებს. ძალიან მიყვარხართ დღესაც! იდღეგრძელეთ, იჯანმრთელეთ და ის საოცარი სათნო ღიმილი შეინარჩუნეთ მრავალჟამიერ! უკეთილშობილესი სურვილებით მომდევნო "შეხვედრამდე ". ნანა/თბილისი

რედაქტორის რჩევით