რამ გადააშენა ჯიშიანი კახური ღორები - კვირის პალიტრა

რამ გადააშენა ჯიშიანი კახური ღორები

"კახური ჯიშის ღორი გოჭების მოგებამდე ორი დღით ადრე სახლიდან მიდის და მიუვალ ადგილას მოიწყობს ბუნაგს, მერე გოჭებთან ერთად პატრონს უბრუნდება"

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა როლანდ მიტიჩაშვილმა მრავალი წელი მოანდომა საქართველოს უნიკალური ფაუნის შესწავლას. ის არაერთი საინტერესო ნაშრომის ავტორია და ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია. ბატონი როლანდი ღორის უნიკალურ ქართულ ჯიშებზე გვესაუბრება, რომლებიც გადაშენების პირას არის მისული:

- კახური ღორი მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც თავისი გარეული წინაპრისგან არის მოშენებული სხვა ჯიშებთან შეუჯვარებლად. იმის გამო, რომ ტყის ნაყოფით (მუხა, წიფელი, პანტა, მაჟალო, თხილი, კაკალი, წაბლი...) იკვებება, მის ხორცს შეუდარებელი გემო აქვს. ამ ჯიშის ღორს უნიკალური საგემოვნო თვისებები ახასიათებს.

საუკუნის წინ ინგლისური ჯიშის ღორები შემოიყვანეს და მასთან ადგილობრივი ჯიშების შეჯვარება დაიწყეს, მაგრამ ჩვენმა მეცნიერებმა მოახერხეს ადგილობრივი ჯიშების ხალასად შენახვა.

- დიდი ხანია, რაც ქართულ ჯიშებს გადაშენების საფრთხე დაემუქრა?

- 2007 წელს საქართველოში გავრცელდა აფრიკული ცხელება, რამაც კახური ღორი თითქმის მთლიანად გაწყვიტა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში ჯერ არ შეუქმნიათ. ზოგიერთ ოჯახს კახეთში 100, 200, 300 სული გაუწყდა, ისინიც შეშინდნენ და სხვა ჯიშების მოშენება გადაწყვიტეს. მარტო შინაური კი არა, ამ ცხელებამ გარეული ღორიც გაანადგურა.

- რით არის ეს ჯიში გამორჩეული?

- კახური ღორი უპირველესად, ძალიან მცირე დანახარჯით იზრდება. ტყეში მიდის და თავისით იკვებება. საღამოს მცირეოდენ მარცვალს უყრიან, რომ უკან დაბრუნდეს, თორემ თუ საკვებს არ მიაჩვევ, გაგარეულდება. ამას კახელები "გადაზვავებას" ეძახიან. ამ ჯიშის ღორი გოჭების მოგებამდე ორი დღით ადრე სახლიდან მიდის და მიუვალ ადგილას მოიწყობს ბუნაგს, მერე გოჭებთან ერთად პატრონს უბრუნდება.

კახურ ღორს, გარეულის მსგავსად, ჯოგური ინსტინქტი აქვს: ერთად დადიან, ერთად ძოვენ და საღამოს უკან, პატრონთან ბრუნდებიან.

მართალია, კახური ღორი დიდად პროდუქტიული არ არის, რადგან მხოლოდ 100-120 კგ-ს იწონის, მაგრამ სამაგიეროდ უნიკალური გემო და გამორჩეული თვისებები აქვს. ის მუქი ფერისაა.

- რა რაოდენობაა შემორჩენილი?

- ეს ჯიში თითქმის განადგურებულია და განვიზრახეთ მისი აღდგენა. მოვიარეთ მთის რეგიონები, სადაც ის გავრცელებული იყო და რამდენიმე ტიპური ეგზემპლარი ვიპოვეთ. ამ ჯიშის ღორები მცირე რაოდენობით იყო შემორჩენილი პანკისის ხეობაში და კიდევ რამდენიმე ადგილას.

ახლა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აქვს სპეციალური ფერმა, სადაც კახური ღორის მომრავლებაზე ვზრუნავთ. ჯერჯერობით 50 სული გვყავს, მაგრამ იმედია, რომ გამრავლდებიან და წლის ბოლომდე 100 სული გვეყოლება.

- საქართველოში კიდევ იყო ერთი უნიკალური ჯიში, რომელიც მთლიანად გადაშენებულია.

- ეს იყო სვანური ღორი, ტანად უფრო პატარა - მხოლოდ 30-35 კგ-ს იწონიდა. ძალიან თვინიერი იყო და ოჯახებში ამრავლებდნენ, რის გამოც ოჯახის ღორსაც ეძახდნენ. ამ ჯიშსაც უგემრიელესი ხორცი ჰქონდა. აფრიკულმა ცხელებამ მთლიანად ამოწყვიტა, მისი ტიპური ეგზემპლარები ვერსად მოვიძიეთ.

- როგორც ვიცი, ქართული ჯიშებით ესპანელი ფერმერები დაინტერესდნენ.

- ესპანელები საქართველოში ორი წლის წინ გამოჩნდნენ, თუმცა კახური ღორით უფრო ადრეც იყვნენ დაინტერესებული - ძალიან მოეწონათ მისი გემო. ესპანელებსაც ჰყავთ "იბერიკოს" ჯიში, რომელიც გარეული ღორისგან მოდის. ესპანელები დიდი პროგრამით არიან აქ შემოსული და დიდი რაოდენობით კახურ ღორს მოითხოვენ, მაგრამ ამ რაოდენობით საქართველოში აღარ არის. ისინი ამ საქმეში სოლიდური თანხის ჩადებას აპირებენ.

ცნობილი ესპანური კომპანია საქართველოში წარმოებული ღორის ხორცის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გეგმავს.

ხათუნა ჩიგოგიძე