რამ გადააშენა ჯიშიანი კახური ღორები
12-06-2017
რამ გადააშენა ჯიშიანი კახური ღორები
"კახური ჯიშის ღორი გოჭების მოგებამდე ორი დღით ადრე სახლიდან მიდის და მიუვალ ადგილას მოიწყობს ბუნაგს, მერე გოჭებთან ერთად პატრონს უბრუნდება"

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა როლანდ მიტიჩაშვილმა­ მრავალი წელი მოანდომა საქართველოს უნიკალური ფაუნის შესწავლას. ის არაერთი საინტერესო ნაშრომის ავტორია და ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია. ბატონი როლანდი ღორის უნიკალურ ქართულ ჯიშებზე გვესაუბრება, რომლებიც გადაშენების პირას არის მისული:

- კახური ღორი მსოფლიოში ერთად­ერთია, რომელიც თავისი
გარეული წინაპრისგან არის მოშენებული სხვა ჯიშებთან­ შეუჯვარებლად. იმის გამო, რომ ტყის ნაყოფით (მუხა, წიფელი, პანტა, მაჟალო, თხილი, კაკალი, წაბლი...) იკვებება, მის ხორცს შეუდარებელი გემო აქვს. ამ ჯიშის­ ღორს უნიკალური საგემოვნო თვისებები ახასიათებს.

საუკუნის წინ ინგლისური ჯიშის ღორები შემოიყვანეს და მასთან ადგილობრივი ჯიშების შეჯვარება დაიწყეს, მაგრამ
ჩვენმა მეცნიერებმა მოახერხეს ადგილობრივი ჯიშების ხალასად შენახვა.

- დიდი ხანია, რაც ქართულ ჯიშებს გადაშენების საფრთხე დაემუქრა?

- 2007 წელს საქართველოში გავრცელდა აფრიკული ცხელება, რამაც კახური ღორი თითქმის მთლიანად გაწყვიტა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში­ ჯერ არ შეუქმნიათ. ზოგიერთ ოჯახს კახეთში 100, 200, 300 სული გაუწყდა, ისინიც შეშინდნენ და სხვა ჯიშების მოშენება გადაწყვიტეს. მარტო შინაური კი არა, ამ ცხელებამ გარეული ღორიც გაანადგურა.

- რით არის ეს ჯიში გამორჩეული?

- კახური ღორი უპირველესად, ძალიან მცირე დანახარჯით იზრდება. ტყეში მიდის და თავისით იკვებება. საღამოს მცირეოდენ მარცვალს უყრიან, რომ უკან დაბრუნდეს, თორემ თუ საკვებს არ მიაჩვევ, გაგარეულდება. ამას კახელები "გადაზვავებას" ეძახიან. ამ ჯიშის ღორი გოჭების მოგებამდე ორი დღით ადრე სახლიდან მიდის და მიუვალ ადგილას მოიწყობს ბუნაგს, მერე გოჭებთან ერთად პატრონს უბრუნდება.

კახურ ღორს, გარეულის მსგავსად, ჯოგური ინსტინქტი აქვს: ერთად დადიან, ერთად ძოვენ და საღამოს უკან, პატრონთან ბრუნდებიან.
მართალია, კახური ღორი დიდად პროდუქტიული არ არის, რადგან მხოლოდ 100-120 კგ-ს იწონის, მაგრამ სამაგიეროდ უნიკალური გემო და გამორჩეული თვისებები აქვს. ის მუქი ფერისაა.

- რა რაოდენობაა შემორჩენილი?

- ეს ჯიში თითქმის განადგურებულია და განვიზრახეთ მისი აღდგენა. მოვიარეთ მთის რეგიონები, სადაც ის გავრცელებული იყო და რამდენიმე ტიპური ეგზემპლარი ვიპოვეთ. ამ ჯიშის ღორები მცირე რაოდენობით იყო შემორჩენილი პანკისის ხეობაში და კიდევ რამდენიმე ადგილას.
ახლა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აქვს სპეციალური ფერმა, სადაც კახური ღორის მომრავლებაზე ვზრუნავთ. ჯერჯერობით 50 სული გვყავს, მაგრამ იმედია, რომ გამრავლდებიან და წლის ბოლომდე 100 სული გვეყოლება.

- საქართველოში კიდევ იყო ერთი უნიკალური ჯიში, რომელიც მთლიანად გადაშენებულია.

- ეს იყო სვანური ღორი, ტანად უფრო პატარა - მხოლოდ 30-35 კგ-ს იწონიდა. ძალიან თვინიერი იყო და ოჯახებში ამრავლებდნენ, რის გამოც ოჯახის ღორსაც ეძახდნენ. ამ ჯიშსაც უგემრიელესი ხორცი ჰქონდა. აფრიკულმა ცხელებამ მთლიანად ამოწყვიტა, მისი ტიპური ეგზემპლარები ვერსად მოვიძიეთ.

- როგორც ვიცი, ქართული ჯიშებით­ ესპანელი ფერმერები დაინტერესდნენ.

- ესპანელები საქართველოში ორი წლის წინ გამოჩნდნენ, თუმცა კახური ღორით უფრო ადრეც იყვნენ დაინტერესებული - ძალიან მოეწონათ მისი გემო. ესპანელებსაც ჰყავთ "იბერიკოს" ჯიში, რომელიც გარეული ღორისგან მოდის. ესპანელები დიდი პროგრამით არიან აქ შემოსული და დიდი რაოდენობით კახურ ღორს მოითხოვენ, მაგრამ ამ რაოდენობით საქართველოში აღარ არის. ისინი ამ საქმეში სოლიდური თანხის ჩადებას აპირებენ.
ცნობილი ესპანური კომპანია საქართველოში წარმოებული ღორის ხორცის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გეგმავს.

ხათუნა ჩიგოგიძე
ქართველი
19 ივლისი 2017 18:36
ვაი ,უბედურო ქვეყანავ,დაქცეულო ,როგორც შინაური ასევე გარეშე მტრისაგან.
"თბილისელ"-ს
09 ივლისი 2017 19:32
ზრაპარი იყო უვარგისი ბრაზილიური ზორცის შემოტანა საქართველოში? ყველას აქვს და თვადაც გაქვს მირთმეული! ღორის ჭირის გამოგონება კი არ არის საკითხი - არამედ მისი ერთბაშად და მთალ საქართველოში გავრცელება. რა შეუძლებელია? მკადრებელი არგამოჩნდებოდა თუ დაინტერესებული ამ საქმით?

მაგრამ ხომ უნდა იყო "ორიგინალური", ყველასგან გამორჩეული, მსოფლიოზე მზრუნავი ქართველი (თბილისელი) და დასცინო რეალობას, ამტკიცო, რომ ფაქტი ჭორია!

ბაჩო
30 ივნისი 2017 15:34
იმათ გასაგონად, ვისაც არ ჯერა, რომ ღორების ან საქონლის მიზანმიმართულად დახოცვა, შეიძება, დაგეგმილი ღონისძიება ყოფილიყო, ერთ ფაქტს ვიტყვი. საქართველოში რა და როგორ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ დადასტურებულ-დამტკიცებულია, რომ გამიზნულად დაანადგურეს ძროხები დიდ ბრიტანეთში, რამაც გამოიწვია ინგლისური ყველის ოცამდე უნიკალური სახეობის სრულიად გაქრობა ადგილობრივი ბაზრიდან. ახლა ჭამენ იტალიური, ფრანგულ თუ ჰოლანდიურ (ცხადია, შემოტანილ) ყველს და მისტირიან დაკარგულს, რაზეც წარმოდგენაც კი არა აქვს ახალგაზრდა თაობას. თუ ეს მოხდა ინგლისში, რომელ გულუბრყვილოს სჯერა, რომ საქართველოში ვერ მოხდებოდა? რაც შეეხება ჩვენს ღორებს, კახურის ამბავი პირადად არ ვიცი, მაგრამ სამეგრელოში რომ მართლა დაუხოცეს მოსახლეობას ღორები ვაქცინაციით, ამის მომსწრე ვარ და მოწმე იმდენია, ვისაც არ სჯერა, შეუძლია მივიდეს, გაესაუბროს და თავად დარწმუნდეს. ზუსტად ბრიტანული სცენარით „დაიცვეს მომხმარებელი“ ჩვენთანაც. ვისაც ეს ზღაპარი ჰგონია, ის ან ცრუობს, ან თავს იტყუებს, მაგრამ რას ჭამს, არ აინტერესებს? საკითხავი, აი, ეს არის.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა