ცნობილი მოჭიდავე ახლა მიწას "ეჭიდავება" - კვირის პალიტრა

ცნობილი მოჭიდავე ახლა მიწას "ეჭიდავება"

"ხანდახან ვატყობ, რომ ლუკას ჩემზე მეტადაც უხარია, თუ რამე მოულოდნელად გაყვავილდება"

როცა ბუნება და გარემო გიყვარს, მასზე ზრუნვას ყოველთვის მოახერხებ. ცნობილი სპორტსმენის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის (თავისუფალი სტილით ჭიდაობაში) და კიდევ ბევრი ტიტულის მქონე ლუკა კურტანიძის ოჯახი წყნეთში ცხოვრობს და როგორც მათი ახლობლები ამბობენ, ლუკასა და მის მეუღლეს - ხათუნა მიქაცაძეს, ედემის ბაღი აქვთ საკუთარი ხელით მოწყობილი. ჩვენი რესპონდენტი ამჟამად ქალბატონი ხათუნა მიქაცაძე აღმოჩნდა.

- ლუკას წყნეთში ნაკვეთი ჰქონდა და მხოლოდ პატარა ხის სახლი იდგა, რომელსაც კელიას ეძახდა, იქ მარტო ცხოვრობდა. როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება, ცოტა გავფართოვდით და დავიწყეთ ფიქრი, როგორ მოგვეწყო ეზო. ნიადაგი კლდოვანია და იქაურობა წყალუხვობითაც არ გამოირჩევა, ამიტომ ჯერ გახრიოკებული მიწა შავი მიწით განვაახლეთ.

კახეთში, ლაგოდეხში ვარ დაბადებულ-გაზრდილი და მიწასთან ურთიერთობა არ მიჭირს. ზოგიერთ ბალახზე ალერგიული ვარ, თუმცა ეს ვერ მაბრკოლებს.

ამ დიდ ეზოში უპირველესად, საცხოვრებელი კუთხის მოწყობა იყო აუცილებელი, მაგრამ ეზო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მასზე მეტი ყურადღება გავამახვილეთ.

- დიზაინერი არ დაგიხმარებიათ?

- ყველაფერი პროფესიონალთა დაუხმარებლად შევძელით. კონსულტაციებს კი ინტერნეტით ვიღებდი მოყვარული ფლორისტებისგან...

reclama

- ბევრი ქოთნის მცენარეც გაქვთ...

- განსაკუთრებით ყვითელგულა, ლურჯი იები მიყვარს... ვერასოდეს მოვიხსენიებ ყვავილებს თავიანთი სახელებით, თითქმის ყველას ჩემი შერქმეული სახელით მივმართავ, თითოეულს რა ემოციაც მოაქვს, იმის მიხედვით.

- ნაკვეთი რამხელაა?

- 1000 კვადრატული მეტრია და ყველა კუთხე ათვისებული გვაქვს: ერთგან პურისა და ღვინის სახლი გვაქვს (თონითა და ფურნით), მის გარშემო რამდენიმე ჯიშის ვაზია გაშენებული; საზაფხულო კუთხე ცალკეა, ზამთრის კუთხე - ცალკე, იქ ისეთი ყვავილებია გაშენებული, ზამთარში რომ ხარობს...

ვენახი დიდი არ არის, რამდენიმე სხვადასხვა ძირია, სხვადასხვა ადგილიდან ჩამოტანილი, ისიც - სილამაზისთვის. მათ განსაკუთრებულად ვუვლით.

- თქვენს ეზოში შერწყმულია დასავლურ-ქართული და აღმოსავლურ-ქართული ელემენტები. ეს ალბათ იმის შედეგია, რომ თქვენ კახეთში გაიზარდეთ, ლუკა - აფხაზეთში.

- ალბათ. ყველაფერს ასევე ესთეტიკურად, შემოქმედებითად უნდა მიუდგე - ცხოვრებას სხვაგვარად, ლამაზად, ფერადად აღგაქმევინებს. ჩემთვის ყვავილები ყველაზე მარტივი საშუალებაა გუნება-განწყობილების ასამაღლებლად. ჩვენი ახლობლები ჩვენს ეზოში სტუმრობით ბედნიერი არიან.

- მებაღე არ გყავთ? ბაღის მოვლა ხომ დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს...

- ყვავილების მოვლა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ძალიან მომთმენი ვარ, წლიდან წლამდე ველოდები, როდის გაიყვავილებს და გამახარებს. ეს ყველაფრად ღირს. თუმცა ეზოში მეც და ლუკაც თანაბრად ვმუშაობთ.

57 ძირი სხვადასხვა ვარდი გვაქვს და თუ სადმე კიდევ სხვას ვნახავ, მომაქვს. ლუკას დედასაც ლაგოდეხში ულამაზესი ბაღი აქვს - აფხაზეთის შემდეგ იქ დასახლდნენ. ჩემთვისაც გაახარა ვარდის რამდენიმე ძირი და გამომიგზავნა, თუმცა მარტო ვერ ვრგავ, ამას თავისებური ძალა უნდა, რაშიც ლუკა მეხმარება. ხანდახან ვატყობ, რომ ლუკას ჩემზე მეტადაც უხარია, თუ რამე მოულოდნელად გაყვავილდება. მცენარეების, ხეხილის თვითონაც კარგად ესმის.

ეზოში 23 ძირი ნაძვი ყველა ჩვენი დარგულია, გვაქვს უამრავი და თითქმის ყველანაირი ხეხილი - ლეღვი, მსხალი, ვაშლი, ატამი, ქლიავი...

შარშან ბოლქვი ვიყიდე, ყვავილი ჯერ არ ჰქონია, წლეულს კოკრები გამოჩნდა და უზომოდ მიხარია, დედა ამ ყვავილს კარტოფილას ეძახდა, ულამაზესი ვარდისფერი ყვავილები აქვს, საქორწილო კაბაში გამოწყობილ პატარძალს ჰგავს. ძალიან მიყვარს მირონის ხეც, სურნელოვანი ყვავილები აქვს.

- თურმე ახლობლები თქვენს ეზოს ედემის ბაღს ეძახიან...

- სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს. მეგობრები ხშირად მოდიან. წასვლა გვენანებაო, - გვეუბნებიან ხოლმე. დიდი ბედნიერებაა, როცა შენთან მოსვლა ადამიანებს სიამოვნებთ.

- რა გეგმები გაქვთ?

- თუ სადმე რამე უცხო მცენარეს ვნახავ, მინდა, რომ მქონდეს, თუმცა წყნეთის ჰავა მისი გახარების საშუალებას ნაკლებად იძლევა. ამიტომ

ცოტა ხნის წინ, მე და ლუკამ საკუთარი დანაზოგით ქობულეთში პატარა ნაკვეთი შევიძინეთ, სადაც იმ ეგზოტიკურ ხილს გავაშენებ, რისი მოყვანაც წყნეთში არ შეგვიძლია. იქ კი სხვა კლიმატი, ნიადაგი და ჰავაა. გვინდა, ქობულეთშიც ლამაზი ბაღი გავაშენოთ.

ლალი ფაცია