"ჩემი ფისოები პოპკორნსაც მიირთმევენ და ფილმებსაც ხალისით უყურებენ" - კვირის პალიტრა

"ჩემი ფისოები პოპკორნსაც მიირთმევენ და ფილმებსაც ხალისით უყურებენ"

კატის გამორჩეული ჯიშებიდან სპარსული, სამეფო, შინშილა - ყველაზე გრძელი, ფუმფულა ბეწვითა და თვალების განსაკუთრებული ფერით გამოირჩევა. წლებია, რაც ეს არსებები ელა მელიქსეტიანთან ცხოვრობენ.

- კნუტებისთვის აუცილებელია ყოველდღიური აბაზანა და დავარცხნა. სათანადო მოვლის გარეშე ბალანი თივთიკდება და იჩეჩება. სახის სპეციფიკური აღნაგობის გამო უპეებთან ცრემლი უგროვდებათ და პერიოდულად ტამპონით უნდა მოიწმინდოს. თვალების ფერი ზურმუხტისფერიდან ხასხასა მწვანემდე და ცისფერიდან კრიალა ლურჯამდე ეცვლებათ. თვალებს მიმზიდველობას ქუთუთოებს გარშემო თანდაყოლილი შავი კონტური სძენს. ძალიან სალონურები, დინჯები და დარბაისლები არიან. ბეწვის ბრწყინვალება კი ბალნის წვერების მუქი შეფერილობით არის გამოწვეული, თითქოს სამეფო-სადედოფლო ქურქი მოესხას მათთვის ბუნებას.

- როგორ უვლით?

- აუცილებელია, კნუტებისთვის გამზადებული გვქონდეს კუთხე, პატარა სახლი, მოხერხებული საძინებლით, სამზარეულოთი და ქვიშის საპირფარეშოთი. ძირითადად პაშტეტს გეახლებიან, ჩემები პოპკორნსაც მიირთმევენ და ჩემთან ერთად ფილმებსაც ხალისით უყურებენ. აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტები, აცრები ორი თვიდან იწყება. ჯერ კომპლექსური, შემდეგ ცოფის საწინააღმდეგო, თვეში ერთხელ მუშავდება ჭიაზე, აუცილებელია ტკიპების დასაფრთხობი საყელოც გავუკეთოთ. კნუტები დღეში სამ-ოთხჯერ ჭამენ, შემდეგ ცოტა ხანს თამაშობენ, მერე კი დაახლოებით ორი საათი სძინავთ.

- რით გამოირჩევა ჯიშიანი კნუტი?

- სუფთა სისხლის კნუტი საბუთებით, საგვარეულო ნუსხით იცნობა. ჯიშიანი კნუტები აღრიცხვაზე უნდა იყვნენ რომელიმე კინოლოგიურ კლუბში. ცხოველების ბაზრობაზე კნუტის ყიდვა საფრთხილოა - შეიძლება ძვირფასი ჯიშის მაგივრად უბრალო კატა შემოგასაღონ.

- რას ურჩევთ მომავალ პატრონებს?

- მათი ხასიათი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. რაც უფრო ალერსიანად მოეპყრობით, მით მეტ სითბოს გამოიჩენენ ჩვენ მიმართ. უნდა ვეცადოთ, კნუტი დაძაბულ ატმოსფეროს მოვარიდოთ, ეს დაგვეხმარება, აგრესიის მაგივრად, მათ დადებითი უნარ-ჩვევები გამოავლინონ და განავითარონ.

შინშილებთან ერთად შოტლანდიური ფოლდის ჯიშის კნუტიც მყავს. შემოსავლის წყაროდ არ მიქცევია, წელიწადში მხოლოდ ორჯერ შობენ, მათგან ნახევარზე მეტს ახლობლებს ვჩუქნი, დანარჩენებისგან მიღებული შემოსავალი სათქმელადაც არ ღირს, სამაგიეროდ, მათთან ურთიერთობა შეუფასებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა ფუმფულას პატრონი ასეა.

სავანა - ყველაზე ძვირად ღირებული კატა

დღეს მსოფლიოში კატის ჯიშებს შორის ყველაზე ძვირფასად ითვლება სავანა, აფრიკული სერვალისა და შინაური კატის ჰიბრიდი. მისი გამოყვანა ამერიკაში 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. სავანა ყველაზე დიდია შინაურ კატებს შორის - იწონის 15 კგ-ს, სიმაღლით 60 სმ-ს აღწევს. მისი დამახასიათებელი თავისებურებაა გრძელი ფეხები, გრძელი სხეული, ველური წინაპრებისგან გამოყოლილი დიდი თასებრი ყურები და ლაქებიანი ხშირი ბეწვი.

ამასთან, სავანა გამორჩეულია მაღალი ინტელექტით, წყნარი ხასიათით, ცნობისმოყვარეობითა და აქტიურობით. ძალიან კარგად ეგუება ცხოვრებას ახალ გარემოში, თუმცა საჭიროებს საკმაო სივრცეს თამაშისა და სირბილისთვის. კარგად ეგუება სხვა ცხოველებს, უყვარს წყლის პროცედურები.

კნუტის ფასი 4.000-დან 22.000 დოლარამდე მერყეობს.

კახა მჭედლიშვილი