პასპორტიანი ვარდები კაკაურიძის ბაღში
19-06-2017
პასპორტიანი ვარდები კაკაურიძის ბაღში
"ტანტაუს დუკატი იტალიაში შევიძინე, "დუკატი" ოქროს ფულს ნიშნავს და ეს ვარდიც ოქროსავით ბრწყინავს"

გასულ კვირას რუსთაველის თეატრის წეროვნის აგარაკებს ვესტუმრეთ. ხელოვანების გარდა, იქ სხვა პროფესიის ადამიანებიც ცხოვრობენ. კაკაურიძეების ოჯახს ნაკვეთი სამოთხედ უქცევია. ავთანდილ კაკაურიძე დამსახურებული ენერგეტიკოსია, მაღალი ძაბვის ხაზები გაჰყავს. "ჩემს მეგობრებს აქაურობა ისე მოსწონთ, "გარდენია კაკაურიძეს" ეძახიან," - გვეუბნება ოჯახის უფროსი... ბატონი ავთო და მისი მეუღლე, ნაირა ჭულუხაძე, ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ. როგორც გვითხრეს, "კვირის პალიტრასა" და "მამულ-დედულის" ჩანართსაც
ინტერესით კითხულობენ.

ნაირა ჭულუხაძე: -
იმერეთში, ზესტაფონში დავიბადე. ყოველთვის მომწონდა მოვლილი და ლამაზი ეზოები. როცა ეს აგარაკი შევიძინეთ, ეზოს გალამაზება მომინდა. დავიწყე ვარდების მოშენებით და ვეღარ ვჩერდები - ვრგავ და ვრგავ ყვავილებს. 60 სახეობის მარტო ვარდი მაქვს. მიყვარს ოსტინის, კორდესის ვარდები, მაქვს ტანტაუს დუკატი, რომელიც
იტალიაში შევიძინე და დღეს უზარმაზარი ხვიარაა.

- საოცარი ხედია თქვენი ვერანდიდან...

- ულამაზესი ხედებია. მოწმენდილ ამინდში კავკასიონი და მყინვარწვერიც კი ჩანს. აქვე სამების უძველესი ტაძარია და ჩემი დილაც მისი მოლოცვითა და ვარდების დათვალიერებით იწყება, - ვამოწმებ, რომელიმეს დაავადება ხომ არ გაუჩნდა, ვაჭრი დაყვავილებულ კვირტებს, თუ საჭიროა, ვრწყავ, ვწამლავ (ეს პროცედურა­ 10 დღეში ერთხელ მაინც სჭირდება).

- სად ყიდულობთ ვარდებს?

- სათბურებში, საყვავილეებში, კერძო პირებთან... წმინდა სამების როზარიუმიდან დედა თეკლეს თაოსნობით საჩუქრად ვარდის კალმები გაიცა და მეც ბევრი კალამი დავაფესვიანე.
შარშან პირველად ვცადე მყნობაც - წითელ ხვიარაზე ყვითელი ვარდი (გოლდ ცელე­ბრატიონ) დავამყნე. შესანიშნავად იხარა და უკვე ორივე ფერის კოკრები აქვს...
ვარდის კულტურა საქართველოში ძვე­ლთაგან იყო ცნობილი. მეფე ვახტანგ VI "დასტურლამალში" ვარდის წყლის გამოხდასაც ახსენებს. არსებობს მინიატიურული ვარდებიც, რომლებიც ულამაზესია.

- აქ სხვა მცენარეებსაც ვხედავ...

- დიახ, მაგალითად, კლემატისი - ხვიარას ტიპის კედელს აყოლებული მცენარის ხუთი სახეობა მაქვს... მაქვს სამი სახეობის ნეკერჩხალი, სამი სახეობის ვეიგელა, ხვიარები - გლიცინია და ტეკომა. ჩემს მეუღლეს ვერცხლისფერი ნაძვი უყვარს და ჩვენს ეზოში მისი ხუთი სახეობაა, ასევე: კვიპაროსი, ღვია, ნანდინა, ჰორტენზია... მაქვს სხვადასხვა ფერის ქრიზანთემა.

- ყვავილების მოვლა არ გიჭირთ?

- მოვლის შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს, გაწევრებული ვარ ჯგუფებშიც, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას.

- რამდენი ხანია, აქ ცხოვრობთ?

- აქაურობა 7 წლის წინ ვიყიდეთ. სახლი კი იყო, მაგრამ დიდხანს ვფიქრობდით, ბაღი როგორ მოგვეწყო.
წელიწადის ყველა დროს აქ საოცარი სილამაზეა. ზამთარშიც გვაქვს მოყვავილე მცენარეები - ჩიტავაშლა, ნანდინა.

- რამდენია თქვენი მიწის ფართობი?

- 600 კვადრატული მეტრი. ამის გარდა, ქვემოთ, საბაღედ და საბოსტნედ, 1500 მეტრიც ვიყიდეთ და ბაღი გავაშენეთ. გვიყვარს მიწაზე მუშაობა, თან სამი შვილი და რვა შვილიშვილი გვყავს და 600 მეტრზე ვერც ბავშვი დაეტია და ვერც ბურთი. ჩემმა მეუღლემ გააშენა შესანიშნავი ბაღი და ვენახი, ბოსტანს კი მე ვუვლი.

- ნაკვეთში არის პატარა ლამაზი კომპოზიციები. თქვენ შექმენით ეს ყველაფერი?

- დიახ. მხატვრული ნიჭით არ გამოვირჩევი, თუმცა, რასაც გავაკეთებ, მოსწონთ. კომპოზიციების კეთება ზურა შევარდნაძისგან ვისწავლე.

- ჩვენც გვასწავლეთ.

- კომპოზიციაში ორ მარადმწვანეს ერთად ვერ დარგავ. უნდა იყოს თითო ან სამ-სამი ცალი. მაგალითად, თითო კვიპაროსი და ღვია, მერე კი შერეული მცენარეები თქვენი გემოვნებით... ყველგან მაქვს პატარ-პატარა ფიგურები. ზოგი ნაყიდია, ზოგი - ნაჩუქარი. მაგალითად, მამალი გერმანიიდან არის ჩამობრძAანებული, სოკოები რიკოთზე ვიყიდე...…აქვეა თონე, ბუხარი, დგას კასრები, ფაცხაც...
ველოსიპედი ჩემი ბავშვების ნაქონია. ვარდისფრად შევღებე და დეკორაციად გამოვიყენე. ზედ ყვავილებიანი კალათაც დავამაგრე და აქაურობას ამშვენებს.

- ფანჩატურიც ორიგინალურია...

- ეს ერთ-ერთ სათბურში ვნახეთ მე და ჩემმა მეუღლემ და ძალიან მომეწონა. თავისი განათებაც აქვს, რომელიც მზის სინათლით იტვირთება და ღამე ციცინათელებივით ანათებს. ფანჩატურის ყველა სვეტს სხვადასხვა ფერის ხვიარა ვარდი მიჰყვება, ყველას თავისი პასპორტი აქვს. ვერცხლისფერ ნაძვებთან არის ელდარის სოჭი, კანადური ფიჭვები. საკუთარი სათბური მაქვს, სადაც კალმებს ვაფესვიანებ, ვამყნობ და ვაკვირდები.

- როგორც ვატყობ, აქ პალმაც მშვენი­ვრად გრძნობს თავს.

- ყველა გვეუბნებოდა, პალმას რა უნდა წეროვანში, არ იხარებს, მაღლობია და ცივაო, მაგრამ ჩემი მეუღლე ყოველ ზამთარს ფუთავს და ასე გადავარჩინეთ.

- ეს ჭაა?

- დიახ. 27 მეტრი სიღრმე აქვს. მთიდანაც გვაქვს წყალი გამოყვანილი...
მებაღეობას ბევრი ფული არ სჭირდება, მთავარი სურვილია. აუცილებელი არ არის, ეზოში 400-ლარიანი ნაძვის ხე დარგო. ტყეში უამრავი პატარა ნაძვია - ამოიღებ, მოიტან და ქოთანში ჩარგავ. სიყვარულით ყველაფერს შეძლებ. თუ ვარდის კალამი არ გაქვთ, მე გაჩუქებთ.

ლალი ფაცია
07 ივლისი 2017 09:30
იხარა თქვენმა ოჯახმა
მაგული
28 ივნისი 2017 12:30
ზალიან მომეწონა ტქვენი ბაგი ზალიან მაგარია
მედეა
27 ივნისი 2017 02:50
რა სასიამოვნო წასაკითხია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები