კვერცხის მდებელ დედლებს "ვენტილატორი" სჭირდებათ
19-06-2017
კვერცხის მდებელ დედლებს "ვენტილატორი" სჭირდებათ
"კვერცხის მდებელი დედლები შემოგვყავს. უკვე ჩამოწერილ დედლებს ძალიან იაფად ვყიდით, დაახლოებით 3 ლარად. ასე იაფად გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ქათამი რამით დაიწუნება, უბრალოდ, როგორც ჩვენში უწოდებენ, ეს უკვე "ძველი" დედლებია და კერძის მომზადებისას მეტხანს ხარშვა სჭირდება"

თერჯოლაში რამაზ ზაქარიაშვილზე ამბობენ, თუ საქმე არ გაქვს, ნუ დაელაპარაკები, თორემ გეტყვის, ნუ მაცდენო! და ეს გასაკვირი არც არის - საქმიანი კაცი, რომელმაც იცის, რომ დრო ოქროზე ძვირფასია. მუხლის ჩახრა არც ახსოვს. ამიტომაც შექმნა
თერჯოლაში, სოფელ გოდოგანში ხარისხიანი კვერცხის საწარმო. მთელ დასავლეთ საქართველოში ამ კვერცხს კარგად იცნობენ. მეწარმის თქმით, რომ არა მთელი ოჯახის დახმარება, ფეხზე მყარად ვერ დადგებოდა, რადგან დღევანდელი კონკურენციის პირობებში ეს ძნელია.

თეონა ზაქარიაშვილი, საწარმოს მენეჯერი: -
რადგან ამ საქმეს მთელი ოჯახი ერთად ვაკეთებთ, ოჯახის სახელით ვიტყვი,
რომ წარმატება ჩვენი მონდომების შედეგია. ყველა ფუტკარივით ვშრომობთ. Kმეკვერცხეობა ჩემს მეუღლეს შემთხვევით არ დაუწყია - კარგა ხანს თურქეთში მუშაობდა და ხედავდა, რამხელა ნაბიჯებით ვითარდებოდა იქ ეს სფერო. კვერცხის წარმოებით თურქეთი მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. გოდოგანში უკაცრიელი ადგილი მოვასუფთავეთ და პირველი შენობა ავაგეთ, სადაც 4000 მეკვერცხული ჯიშის ქათამი შევიყვანეთ. ჩემმა მეუღლემ ისინი თურქეთიდან ჩამოიყვანა. იცოდა, რომელი ჯიში იყო საუკეთესო.
- დიდი რისკია უცხო ქვეყნიდან ამდენი­ ქათმის ჩამოყვანა - შეიძლება იქ კარგი კვერცხის მდებელი იყოს, მაგრამ სხვა ქვეყანაში არ გაამართლოს, ან ტრანსპორტირებისას დაავადდეს.
- თუკი საქმე იცი, რისკი მცირდება. თურქეთი დარგში ერთ-ერთი მოწინავე არ იქნებოდა, ამგვარი საკითხები მოწესრიგებული რომ არ ჰქონდეს. თუ გინდა, ფრინველმა შრომა დაგიფასოს,­ ჩვილი ბავშვივით უნდა მოუარო, დროულად აჭამო, დაარწყულო, გაათბო თუ გააგრილო. ქათამი სიცხეს ძნელად იტანს, მაღალი ტემპერატურა ძალიან მოქმედებს­ კვერცხდებაზე, ამიტომ ფერმაში უნდა მოეწყოს გამაგრილებელი საშუალებები. ჩვენ ისინიც შევიძინეთ. პირველ ეტაპზე გაგვიჭირდა - საწარმოსთან ახლოს წისქვილიც კი არ გვქონდა, ამიტომ მთელ ოჯახს დაღერღილი სიმინდი თუ ხორბალი ურიკით მიგვქონდა კარგა მანძილიდან... მაგრამ მხოლოდ კვება ხომ არ არის საქმე - ქათამს წყალი, დასუფთავება უნდა. თავიდან ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით, ხოლო როცა კვერცხის გაყიდვა დავიწყეთ და მცირეოდენი მოგება მივიღეთ, მუშახელიც ავიყვანეთ…და მეორე საწარმოც გავაკეთეთ.

- ალბათ, ისევ თქვენი სოფლიდან აიყვანეთ მუშახელი.

- რასაკვირველია! 20 კაცია დასაქმებული ჩვენი სოფლიდან. სამუშაო დილის 9 საათზე იწყება და საღამოს 6 საათზე მთავრდება. კაცები საწარმოებს ასუფთავებენ, ქალები კი კვერცხს იღებენ, ბეჭდავენ, ყუთებში აწყობენ. მუხლჩაუხრელი­ შრომის წყალობით დავამატეთ მეორე საწარმო. დღეს 26 ათასი ფრთა ქათამი­ გვყავს და ამ ქათმის კვერცხს ვყიდით - დასავლეთ საქართველოს ქსელში გაგვაქვს.
ქათამს დაახლოებით 80 კვირა აქვს პროდუქტიულობის ვადა და ეს დრო რომ ამოიწურება, მერე ქათამსაც ვყიდით და ახალი კვერცხის მდებელი დედლები შემოგვყავს. უკვე ჩამოწერილ დედლებს ძალიან იაფად ვყიდით, დაახლოებით 3 ლარად. ასე იაფად გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ქათამი რამით დაიწუნება, უბრალოდ, როგორც ჩვენში უწოდებენ, ეს უკვე `ძველი~ დედლებია და კერძის მომზადებისას მეტხანს ხარშვა სჭირდება. სამაგიეროდ, ეს ქათამი ნატურალურია, რადგან მარცვალსაც ბუნებრივსა და ნატურალურს ვაჭმევთ კვერცხის დებისას.

- იმავეს ვერ ვიტყვით იმპორტირებულ ქათმებზე, რომლებიც თვეობით ინახება მაცივრებში.

- როგორც მოქალაქეს, ძალიან მინდა, რომ ამ საკითხს ეშველოს, მაგრამ სამწუხაროდ, გამოსავალი ჯერჯერობით არ არსებობს. ძალიან გვინდოდა, ჩვენი საწარმოდან ბაზარზე დაკლული ქათამიც გაგვეტანა, მაგრამ არ გამოგვივიდა, არადა, დაფინანსებაც მოგვცეს, ქათმების საკლავიც ავაგეთ, მაგრამ უცხოეთიდან შემოტანილი ქათმის დაბალმა ფასებმა ხელი შეგვიშალა და დღეს საწარმო საწყობად გვაქვს ქცეული. ამ საკითხზე ჩემმა მეუღლემ პარლამენტსაც კი მიმართა, თუმცა - ამაოდ. სამწუხაროდ, მეზობელი თურქეთი, თურქული ქათმის ექსპორტი რომ წაახალისოს, ფერმერებს საზღვარზე გატანილ ხორცში ღირებულების 8%-ს აძლევს, ესე იგი, თურქი ფერმერები ექსპორტის გაყიდვამდე იღებენ ფულს, საზღვარზე გადმოტანაც იაფი უჯდებათ და იმიტომაც ყიდიან იაფად. ცხადია, მათ ჩვენ ვერ ვაჯობებთ. ასე რომ, საკლავისთვის გამოყოფილ კრედიტს დღესაც ვიხდით, მაგრამ შენობაში საწყობი გვაქვს.

- კვერცხი როგორ გეყიდებათ?

- ჩვენი კვერცხი ყოველთვის ახალია. რეალიზაციის ვადა 21 დღეა, მაგრამ ჩვენი კვერცხი ამდენ ხანსაც არ ჩერდება დახლზე. ერთხანს ბაზარზე ექსპორტიორებმა ბევრი უკრაინული კვერცხი შემოიტანეს დაბალ ფასად და საქმე ისე წაგვივიდა, მხოლოდ ვზარალობდით. ჩემმა მეუღლემ ქარხნის დახურვაც კი გადაწყვიტა. თუმცა მერე იმპორტირებული კვერცხი გათავდა და ბაზარზე კვლავ გავიდა ჩვენი ახალი კვერცხი.

- როგორც ჩანს, მუხლჩაუხრელ შრომასთან ერთად სტრესიც არ გშორდებათ. როგორც ვიცი, ქათმის კვერცხის მსხვილი იმპორტიორები უკმაყოფილებასაც გამოთქვამდნენ, კვერცხის პატარა ქარხნებმა ჩვენს მუშაობას ხელი ძალიან შეუშალაო.

- ეს მეც ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩვენისთანა მცირე ქარხნები მათ ვერ ჩაძირავს. ვინც ამ უკმაყოფილებას გამოთქვამს, უნდა ნახოს, ჩემს საწარმოში დასაქმებულები როგორ განიცდიან, როცა კვერცხის გაყიდვა ფერხდება და ისინი დროებით შინ უნდა წავიდნენ. მცირე საწარმოებიც აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იმუშაოს. დამიჯერეთ, ჩვენს შემოსავალზე არანაკლებად გვიხარია, როცა ჩვენს სოფელში დასაქმებულ ადამიანებს ვხედავთ.

ეთერ ერაძე
ნატა
26 ივნისი 2017 23:11
სად და როგორ ვიყიდი ქათამს?
დარიკო
23 ივნისი 2017 18:47
იაფი საკვების კიდვას არ გირცევტ,მიტუმეტეს კვერცხის,გარედან სემოტანილ საკვებს საკარტველოსი მოკვანილი პროდუქტი სზობია,ადგილობრივი პროდუქტი სეიზინეტ ხალხო.

რედაქტორის რჩევით