"მებაღე დეპუტატი" არსენას ქუჩიდან - კვირის პალიტრა

"მებაღე დეპუტატი" არსენას ქუჩიდან

"ერთი ამბავი ატეხეს, - ალეკო ფარული "ნაციონალია", ფანჯრები წითლად შეღებაო"

"ზამთარში ოთახში გავლა ჭირს, სულ ყვავილის ქოთნები აწყვია... მცენარეები შვილებივით არიან, თან, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილებიც (ორი ბიჭი მყავს - 10 და 12 წლის) მცენარეებით არიან დაინტერესებული. განაწილებული აქვთ ყვავილები. ჩემი ცოლი ყვავილებს არ ეკარება. მხოლოდ მე და ბიჭები ვართ ამით დაკავებული"

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მოყვარული მებაღეა. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ცოტა ხანია, რაც მცენარეებს უვლის, თავს მაინც დამწყებ მებაღეს უწოდებს. მთაწმინდაზე, არსენას ქუჩის ზემოთ, ერთ პატარა თბილისურ ეზოში ცხოვრობს, სადაც მცირე ფართობია ყვავილებისთვის, თუმცა ეზო და აივანი სავსეა მცენარეებით, რომელთა მოვლა დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

- აქ 7 წლის წინ გადმოვედით. პატარა თბილისურ ეზოსა და სახლში ვცხოვრობ და მინდა გარშემო ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდეს - ბევრი მცენარე მქონდეს აივანზე და ეზოში, მაგრამ ყველა ყინვაგამძლე არ არის და ზამთარში მათი სახლში შემოტანა მიწევს, შინ კი ბევრი მცენარე არ დაეტევა, ამიტომაც არა მაქვს უფრო მეტი. მე და ჩემმა მეუღლემ სპეციალურად შევარჩიეთ ის მცენარეები, რომლებიც ყინვას უძლებს. შეძენისას გეუბნებიან, ყინვაგამძლეაო, მაგრამ ზამთარმა და სიცივემ ბევრი ყვავილი გამიფუჭა.

ზამთარში ოთახში გავლა ჭირს, სულ ყვავილის ქოთნები აწყვია. პრობლემა ისიც არის, რომ ზოგს ჭია უჩნდება, ზოგს რაღაც დაავადება და შეწამვლა უნდა. მეც შეძლებისდაგვარად ყურადღებას ვაქცევ. მცენარეები შვილებივით არიან, თან, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილებიც (ორი ბიჭი მყავს - 10 და 12 წლის) მცენარეებით არიან დაინტერესებული. განაწილებული აქვთ ყვავილები. ჩემი ცოლი ყვავილებს არ ეკარება. მხოლოდ მე და ბიჭები ვართ ამით დაკავებული.

- ტრადიცია დაგიმკვიდრებიათ ოჯახში, რომ ყვავილებს მამაკაცები უვლით...

- ასე გამოვიდა. ეზოში კი, როცა აქ არა ვარ, ჩემი ქვისლის დედა, გულიკო დეიდა წყალს ასხამს. მასაც სიამოვნებს ეს საქმე...

დილით შინიდან ისე არ გავალ, ჩემს ყვავილებს არ დავხედო, სათითაოდ ვათვალიერებ, რამე ხომ არ უჭირთ, იქნებ ზოგიერთს მკურნალობა უნდა? საყვარელი ტიპები არიან, მათთან ურთიერთობა გახალისებს და ენერგიას გმატებს. მერე სამსახურში კმაყოფილი მივდივარ.

რაც ამ სახლში გადმოვედით, როგორც კი გათბობის საკითხი მოვაწესრიგეთ, მცენარეების მომრავლება დავიწყეთ...

ჰორტენზია ზამთარს უძლებს, ოღონდ ახლა ვარდებშია ახლართული. ეს ვარდი კი ისე იზრდება, რომ რატომღაც არ ყვავილობს, გაზის "ტიპებმა" დამიზიანეს, მაგრამ მაინც მანიაკივით იზრდება, ეს მეორე ვარდი კი სულ ყვავილობს...

ირინა, ალეკოს მეუღლე: - მე შორიდან ვტკბები სილამაზით, თან, ალექსანდრემ იმდენად ჩაიგდო ხელში ეს საქმე, მე საჭირო არა ვარ. თუმცა, შეძენისას მცენარეებს ერთად ვარჩევთ.

ალეკო: - ეს კეცი მშრალ ხიდზე ვიყიდეთ, "გარდენიაში" ყინვაგამძლე მცენარეები შევარჩიეთ და კეცზე ასეთი კომპოზიცია შევქმენით. გაიხარა.

მუდმივად ვყიდულობ მწერებისგან დამცავ საშუალებას, ნიადაგის გამანოყიერებელს, მოკლედ, ზრუნვას არ ვაკლებ. კალანჰოეს ბოლო დროს ჭია დაესია და ერთმა ქალმა მასწავლა, სკოჩი დააკარი, მწერები ასე ააცალე და რაღაც სითხეც მირჩია, მერე ის მიასხურეო. მოკლედ, გადავარჩინე. ორქიდეას შესაბამისი პირობების შექმნა უნდა, სანამ ამას მიაგნებ და მცენარის ნება-სურვილს ჩასწვდები, შეიძლება გაფუჭდეს კიდეც. ამ ორქიდეამაც ბევრი გვაწვალა, სად არ დავდეთ. მერე შემთხვევით მაცივარზე შემოვდგი და თავს მშვენივრად გრძნობს. წყალს ორ კვირაში ერთხელ ვუსხამ. როგორც კი ფესვებს დავხედავ და ფერი აქვს შეცვლილი, მაშინვე წყალს დავასხამ და ცოცხლდება.

- ძაღლი არა გყავთ?

- არა, თუმცა, ბავშვებს ძალიან უნდათ, ოღონდ, დიდი. არადა, ამ სახლში დიდი ძაღლის მოყვანა შეუძლებელია, თანაც, გარეთ, ქუჩის მხარეს, კედელზე ხვიარა ბუჩქოვანი მცენარე, ტეკომა, რომელიც მთელი ზაფხული ყვავილობს, ძლივს გავახარე, ქუჩის ძაღლები ერჩოდნენ, შემოჩენილნი იყვნენ და გლეჯდნენ. ახლა რატომღაც აღარ ერჩიან და ამანაც ამოისუნთქა...

- თვალში საცემია თქვენი წითლად შეღებილი ფანჯრები, გისოსები და ასეთივე ფერის ქოთნები უცხოდ იმზირება.

- როცა სახლში გათბობის მილები შემოიყვანეს, რაღაცები ისე არ გაკეთდა, როგორც საჭირო იყო და სახლს გარედან გააყოლეს მილები, რომელსაც წითელი დამცავი გაუკეთდა. მერე ფანჯრის ჩარჩო და გისოსებიც შევღებეთ წითლად, ქოთნები კი მაღაზიაში შევიძინეთ. ამის გამო ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, ალეკო ფარული "ნაციონალია", ვითომ მაგათ ებრძვის, მაგრამ ფანჯრები წითლად შეღებაო.

- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს?

- ნურავის დაველოდებით, თვითონ გავაჯანსაღოთ ადგილი, სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმწვანე. ბევრი ამბობს, ამას ფული უნდაო... ჯერ ერთი, არც ისე ძვირი ღირს, თუ მიდგები და მოდგები, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცას კალამს გამოართმევ ან გაჩუქებს. მიდიხარ ევროპაში და გულს უხარია, ყველას სახლის წინ გალამაზებული აქვს ეზო, აივანი, ფანჯრებზე ყვავილები აქვთ გადმოკიდებული. მაგალითად, ყვავილებისთვის მიწა ტყიდან მომაქვს. ასე რომ, 1 მილიონი სიმწვანისთვის ჩვენ თვითონ შეგვიძლია რაღაცები გავაკეთოთ.

ლალი ფაცია