"იტალია" აჭარაში გაიხარებს - კვირის პალიტრა

"იტალია" აჭარაში გაიხარებს

"სამმა უცხოურმა სუფრის ვაზმა ისეთი მოსავალი მოგვცა, რომ გაოცებული ვარ. ეს იტალიური და ესპანური ჯიშებია. გამაოცა "იტალიის" მტევნებმა - თითო მტევანი 600 გრამამდე იყო, მაგრამ ისეთი მტევნებიც მოვიდა, 1,2 კგ-ს იწონიდა"

დღეს აჭარაში 80-მდე უძველესი ვაზის ჯიშია შენარჩუნებული, ბოლო წლებში კი იმ ახალი ჯიშების გამოყვანაც დაიწყეს, რომელიც ადგილობრივ კლიმატს შეეგუება და მეღვინეობის ექსპორტს განავითარებს. ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სწავლული აგრონომი შოთა ლამპარაძე ვაზის ჯიშებს აკვირდება.

- ჩვენებურმა გლეხმა დღევანდლამდე 80-მდე ვაზის ჯიში მოიტანა. მათ შორის ზოგიერთი მართლაც გაოცებს მოსავლიანობით. მაგალითად, ხულოში არის სოფელი ჩაო, სადაც 80 კომლი ცხოვრობს, ძირითადად, ცეცხლაძეები. მათ 22 უძველესი აჭარული ვაზის ჯიში აქვთ შენარჩუნებული! აქაურებისთვის საარსებოა ყველაფერი ქართული - ვაზი, ღვინო და ა.შ.

ქედაში არის კიდევ ერთი საოცარი ადგილობრივი უძველესი ჯიში, ნეკრენჩხი, რომელიც ისეთი სასარგებლო, უხვი და გამძლეა, რომ მისი გამრავლება აუცილებელია. ამ ჯიშის აკიდოებიც კი მარტის ბოლომდე ძლებს.

გვარა-ხუცუბნის სანერგეში ვაზის ნერგები - 11 სასუფრე და 12 საღვინე - ჯიღაურის სანერგე მეურნეობიდან ჩამოვიტანეთ. საღვინე უმეტესად ქართული ჯიში იყო, სასუფრე - ესპანური, იტალიური და ფრანგული. შარშან პირველი მოსავალი ავიღეთ და უკვე დაკვირვება სიუხვეზეც დავიწყეთ, საუკეთესო ძირები გამოვარჩიეთ, ფილოქსერაგამძლე სადედეებზე დავრგეთ და ვაზი 4 ჰექტარზე გავაშენეთ.

- სადედეები უცხოეთიდან შემოგაქვთ?

- დიახ, ფილოქსერაგამძლე სადედეები სწორედ იქ მუშავდება... საოცარი მიწა გვაქვს - მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ტენიანობა მაღალია, ზოგიერთი ვაზის ჯიში, შემოტანილიც კი, ნიადაგსა და კლიმატს ადვილად შეეგუა. რასაკვირველია, უპირველესად ტრადიციული ქართული ჯიშები, მათ შორის, ცოლიკაური და ჩხავერი. ცოლიკაური იმერეთში გავრცელებული ჯიშია, ჩხავერი კი აჭარაში უძველესი დროიდან არის შემორჩენილი და მისგან უნიკალური ღვინო მზადდება. ქობულეთში ბევრი ჯიშის ვაზი საკმაოდ მაღალი შაქრიანობისა მოვიდა, მაგალითად, ცოლიკაურის შაქრიანობამ 21%-ს მიაღწია. ქობულეთში ეს ჯიში სიუხვითაც გამოირჩევა, მისი პირველი მოსავალი თითო ძირიდან 3 კგ-მდე მოვიწიეთ. ასევე მოვიდა წულუკიძის თეთრა და მეგრული ოჯალეში.

- უცხოურმა ჯიშებმა როგორი მოსავალი მოგვცეს?

- სამმა უცხოურმა სუფრის ვაზმა ისეთი მოსავალი მოგვცა, რომ გაოცებული ვარ. ეს იტალიური და ესპანური ჯიშებია. გამაოცა "იტალიის" მტევნებმა - თითო მტევანი 600 გრამამდე იყო, მაგრამ ისეთი მტევნებიც მოვიდა, 1,2 კგ-ს იწონიდა.

- ეს ნიშნავს, რომ "იტალია" აჭარაში გამრავლდება?

- რა თქმა უნდა, და საუკეთესო საბაზრო ღირებულება აქვს. საცდელი სანერგის დადებითი მხარეც ისიც არის, რომ იმ ჯიშებსაც გვაჩვენებს, რომლებიც აჭარაში არ გამოდგება. მაგალითად, იტალიური "დონმარიო" და ესპანური "სიდესი" სანერგეში კი გავახარეთ, მაგრამ მოსავალი ძალიან დამცრობილი ჰქონდა. ეს ჯიშები ქობულეთში არ გამოდგება, კლიმატს ვერ შეეგუა. თუმცა, რაც შეირჩევა, ისიც დიდი საქმეა ღვინის ექსპორტისთვის. უახლოეს მომავალში ვაზის 5 ჰექტარზე გაშენებას კვლავ ვაპირებთ.

ეთერ ერაძე