მიკრომწვანილის ეფექტი
10-07-2017
მიკრომწვანილის ეფექტი
"ჩვენი პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთაა, რადგანაც ჩამოგვაქვს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან გაწმენდილი თესლი და ვაწარმოებთ ღივს, რომელიც ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია დედამიწაზე", - გვეუბნება კომპანიის დირექტორი რუსუდან კვარაცხელია. რა არის ღივი, მიკრომწვანილი, როგორ მიიღება, რატომ გადაწყვიტეს საქართველოში მისი მოყვანა და რა სარგებლობა მოაქვს მას, ამის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.

"მეტად სასარგებლოა ჯეჯილის წვენი. ის ჯერ არ გამოგვიტანია გასაყიდად. 3 წლის წინ, "ღივების სახლი" რომ გვქონ
და, ხალხი სპეციალურად მის დასალევად მოდიოდა"


- თესლი რომ გაღივდება და თავს ამოყოფს, იმ პატარა ღეროს ღივი ჰქვია. ეს მცენარის განვითარების პირველი ეტაპია, ხოლო მეორე ეტაპზე, როცა ამოვა და მწვანე მასად იქცევა, უკვე მიკრომწვანილს ვუწოდებთ.

დავით გეგეჭკორი, კომპანიის ტექნო­ლოგი: - ღივი უკვე საკვებად გამოიყენ­ება. ეს შეიძლება იყოს ბროკოლი,­ კომბოსტო, ბოლო
კი, ნებისმიერი ბოსტნეული. მიკრომწვანილის ეტაპის შემდეგ კი ე.წ. ბეიბი-სალათის დასრულებულ ფაზაში გადადის. მაგრამ ჩვენ მანამდე ვიღებთ, ღივისა და მიკრომწვანილის ფაზაში.

- გაზრდას რატომ არ აცლით?

რუსუდანი: - ქორფა მცენარე უფრო სასარგებლოა. მაგალითად, სანამ კომბოსტომდე გაიზრდება, კარგავს მიკროელემენტებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, მინერალებს. გარდა ამისა, ზრდისას ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოსთან იბრძვის და ამ პროცესში კარგავს ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - ენერგიას. მაგალითად, ზრდასრული კომბოსტოს გადასამუშავებლად ჩვენს ორგანიზმს ენერგია სჭირდება, მიკრომწვანილისა და ღივის ფაზაში კი ის ორგანიზმს იქით აწვდის ენერგიას, ანუ ღივის ყველა სასარგებლო თვისება პირდაპირ გადმოდის. ამასთან, ათვისებაც უფრო ეფექტურია - ღივს ორგანიზმი იოლად ითვისებს.

- როგორ დაარწმუნეთ მომხმარებელი თქვენი პროდუქტის აუცილებლობაში?

დავითი: - საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ვართ, მესამე წელია, ვსაქმიანობთ. დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ, რომ ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა გაგვეჩინა. ეს საქართველოშია სიახლე, თორემ ამერიკასა და დასავლეთის ქვეყნებში ათეული წლებია მოჰყავთ.
მანამდე გვქონდა "ღივების სახლი", სპეციალურად გავაკეთეთ პატარა კაფე, რაც ამ პროდუქტის სარგებლიანობის სწავლებას ისახავდა მიზნად - როგორ გამოიყენება, რატომ უნდა მიიღონ­ და ა.შ. საინფორმაციო მიმართულებით 6 თვე ვიმუშავეთ.

- სად მოგყავთ ეს პროდუქტი?

- სათბურებში, ორგანულ კომპოსტზე. ისინი რამდენიმე ადგილას გვაქვს თბილისში და ქალაქგარეთ.
რუსუდანი: - დღეს პოპულარული ხდება ჰიდროპონიკაზე მოყვანის ტენდენცია, მაგრამ საგულისხმოა, რომ ჩვენი ტექნოლოგიით მოყვანილ პროდუქტს მაქსიმალურად გამოხატული აქვს მინერალები, ვიტამინები და ფერმენტები, რადგანაც ორგანულ კომპოსტზეა მოყვანილი.
მიწასა და მზეზე მოყვანილი პროდუქტი უფრო სასარგებლოა, მისი გამოზრდა ხელოვნური განათებითაც შეიძლება, მაგრამ მზე მაინც სხვაა - მცენარე მზისგან რომ იღებს ქლოროფილს და არა ხელოვნურ სინათლეზე, ჩათვალეთ, რომ მზის ენერგია ადამიანის ორგანიზმში გადმოდის.
დავითი: - ამიტომ ასეთი სლოგანიც მოვიფიქრეთ: "ჩვენ მოგვყავს მზეზე და ვზრუნავთ თქვენზე". ჩვენი ორგანული ტექნოლოგია სხვას არაფერს დაუშავებს.

- კომბოსტოს გარდა რა მოგყავთ?

რუსუდანი: - მაგალითად, ბროკოლი, რომლის მიკრომწვანილი მეცნიერებმა კიბოს უჯრედების საწინააღმდეგო საშუალებად აღიარეს.
დავითი: - ფაქტია, რომ ბროკოლი ანტიოქსიდანტია. მართალია, კომბოსტოსებრ მცენარეებს - ბროკოლს, კომბოსტოს, ყვავილოვან კომბოსტოს - ყველას აქვს ეს თვისება, მაგრამ ბროკოლი მათ შორის პირველია.
კომბოსტოსებრთა გარდა, მოგვყავს­ მდოგვი, ამარანტი. ბოსტნეული, მარცვ­ლეული (მზესუმზირა, სიმინდი, წიწიბურა), პარკოსნები (ლობიო, ბარდა). ცხადია, ყველაფერი ღივისა და მიკრომწვანილის ფაზაში.

- ეს რა ასაკია?

- ღივი 2-3 დღის არის, ზოგ ჯიშსა და სახეობას 10-14 დღე უნდა, ზოგიერთ მიკრომწვანილს 21-28 დღეც სჭირდება...

- მომხმარებელს დაფასოებულ პროდუქტს სთავაზობთ?

- ჰიპერმარკეტებში დაფასოებული იყიდება. ვთავაზობთ ქოთნებშიც. ასევე ვყიდით თესლს მიწით და კოლოფით, ამით მომხმარებელს შინ მინისათბურის მოწყობაც შეუძლია. 2-3 დღეში პროდუქტს მიიღებს.
რუსუდანი: - მეტად სასარგებლოა ჯეჯილის წვენი. ის ჯერ არ გამოგვიტანია გასაყიდად. 3 წლის წინ, "ღივების სახლი" რომ გვქონდა, ხალხი სპეციალურად მის დასალევად მოდიოდა. ისე მოსწონდათ, რომ ორგანიზაციები გვიკვეთდნენ. ახლა, ბარმენების ფანტაზიით, ჯეჯილის ლიმონათიც კი გაკეთდა.

- ხორბალი ქართული ჯიშის გაქვთ?

დავითი: - დიახ, და ის ბიოლოგიურად სუფთად არის მოყვანილი ყოველგვარი სასუქისა და შხამქიმიკატის გარეშე. ჩვენი ხორბლის თესლი არის კომპანიისა, რომელიც ბიოპროდუქტების მოყვანაზე მუშაობს.

რუსუდანი: - თუმცა ვგეგმავთ სათესლე მეურნეობის გამართვასაც და საკუთარი თესლიც გვექნება. ვითანამშრომლებთ იმ ფერმერებთანაც, რომლებიც მოიყვანენ და მოგვაწვდიან ბიოლოგიურად სუფთა თესლს.
ჯეჯილის წვენს აქვს თვისება, კოლოიდური (ხსნადი) ფორმით მიაწოდოს ორგანიზმს ქლოროფილი. ქლოროფილის მოლეკულა კი ჰემოგლობინის მოლეკულის ანალოგიურია, პირდაპირ სისხლს აწვდის სასიცოცხლო ძალას.

- გემო როგორი აქვს ღივსა და მიკრომწვანილს?

- ბოლოკის მიკრომწვანილს ბოლოკის გემო აქვს, მზესუმზირისას - მზესუმზირის და ა.შ.
დღეს ძალიან გავრცელებულია დაავადებები ბავშვებში, ამიტომ მათთვის საჭიროა ბუნებრივი ვიტამინების მიღება. პროფილაქტიკის მიზნითაც და საერთოდაც, ღივის მიღება ნებისმიერი ასაკში არაჩვეულებრივია, როგორც ენერგიის და იმუნიტეტის გამაძლიერებელი.

ლალი ფაცია
ნინო
19 ივლისი 2017 15:50
წარმატებები! მიხარია კარგ საქმეს აკეთებთ!

რედაქტორის რჩევით