"ეს ჩვენი სამოთხეა" - კვირის პალიტრა

"ეს ჩვენი სამოთხეა"

ჩვენი გაზეთის ერთგულმა მკითხველებმა წერილი მოგვწერეს: "გლდანის ბოლოში, ბერთუბნის ქუჩაზე, სახლ-კარი გვაქვს ხეხილითა და ყვავილებით სავსე, აქ ყველაფერი ჩვენი ხელით არის შექმნილი".

მკითხველს მართლაც ვესტუმრეთ. ციური ჭაღალიძესა და მის მეუღლეს, ოთარ დავითაძეს, ეს ადგილი ჯერ კიდევ 1992 წელს შეუძენიათ სააგარაკედ და ბაღის გაშენება მაშინვე დაუწყიათ.

"მთავარი მონდომებაა. რჩევების მიღება ინტერნეტითაც შეიძლება, ან ჩვენი საყვარელი "კვირის პალიტრა" წაიკითხეთ, ბევრ სასარგებლოს იქაც ამოიკითხავთ"

"პროფესიით ექთანი ვარ, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დეკრეტულ შვებულებაში რომ გავედი, მას მერე 10-12 წელიწადს სულ დეკრეტულში ვიყავი, - 4 შვილი მყავს და მათ ვზრდიდი", - გვეუბნება ქალბატონი ციური. ბატონი ოთარი სამხედროა, ოფიცერი, 2007 წლამდე სამხედრო სამსახურში ყოფილა, გერმანიასა და ავღანეთშიც უმსახურია. შემდეგ პენსიაზე გავიდა, აგარაკზე მეუღლესთან ერთად დასახლდა და ეზო-კარს უვლის.

ოთარი: - სახლის მშენებლობა 90-იან წლებში დავიწყეთ, მაგრამ 2-3 წელია, რაც დავასრულეთ.

ციური: - ეს ადგილი ჩვენთვის საკუთარი ხელით შექმნილი სამოთხეა.

- ესე იგი, აქ დიზაინერს, მებაღეს, არქიტექტორს არ უმუშავია, თქვენ ხართ მებაღეებიც, მებოსტნეებიც, მევენახეებიც, დიზაინერებიც, მუშებიც, ოსტატებიც... ეზო რა ნაწილებისგან შედგება და როგორ გაქვთ ათვისებული?

- ეზოს წინა ნაწილი ბაღიც არის და მოსალხენი ადგილიც. გვინდოდა, აქ სულ მწვანე მოლი ყოფილიყო, მაგრამ მცენარეების სიყვარულმა გადასძალა.

ოთარი: - ყვავილები მეც მიყვარს, მაგრამ უმეტესად ამ საქმით მაინც მეუღლეა დაკავებული. ჩემი საქმე ხეხილი და ვაზია. მაქვს ალადასტური, თეთრი სუფრის ყურძენი თითა, დირბულა. უპრეტენზიო ჯიშებია, მაგრამ წლეულს უკვე შეწამვლა მოითხოვა. 200 ლიტრი ღვინო ყოველწლიურად მაქვს, აქვეა მარანიც. რაც შეეხება ხეხილს, ერთ ძირზე 4 სახეობის ვაშლი მაქვს დამყნობილი. ქლიავზე ბლის ნამყენი გავაკეთე...

- ეზოში ტალავერი, მაგიდა, სარწეველა სკამი და მცენარეებისთვის შესაბამისი ჭიგოები სულ თქვენი შექმნილი კონსტრუქციებია?

- კი, ჩემი გაკეთებულია ყველაფერი, მათ შორის ბუხარი და წყაროც. ამ ბუხარმა ეზო დაამშვენა. აქ მწვადსაც ვწვავთ და მეუღლე კეცზე მჭადსა და ხაჭაპურს აცხობს.

- ეზოში უამრავი ოთახის მცენარეა, ამდენ ყვავილს რას უშვრებით, შინ შეგაქვთ?

ციური: - ზოგიერთი მცენარე ზამთრის ტემპერატურას უძლებს, თუმცა, უმეტესობა სახლის ყვავილია. ქვემოთ ნახევარსარდაფი გვაქვს, სადაც მცენარეებს ვათავსებ. მშვენივრად იზამთრებენ. სათბურებშიც ვაბინავებ, გაზაფხულზე გარეთ გამომაქვს.

- ზემოთ ტერასები როგორ გაქვთ დაყოფილი?

ოთარი: - ერთ ტერასაზე ვარდებია, მეორეზე კიტრი, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, ყველანაირი ბოსტნეული, მწვანილი... იქვეა ჟოლო, მსხმოიარე ჯიშია, არის შავი და წითელი მოცხარიც. სულ ზემოთ პატარა სახელოსნოა, სადაც ეზოსთვის საჭირო ნივთებს ვამზადებ.

ციური: - ჩანთაში სეკატორი სულ მიდევს და თუ სადმე რამე მომეწონება, კალამს ავაჭრი და ვაფესვიანებ... პეტუნიები გამძლეა, შარშან რომ იყვავილა, თესლი მიწაში ჩაცვივდა და წლეულს თავისით ამოვიდა. მაქვს ნემსიწვერები, ჯუჯა ვარდები. 200 სახეობის ყვავილი მაინც გვექნება.

- ამდენ მცენარეს როგორ აუდიხართ?

- ძნელია, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვპატრონობ. დილა ეზოს შემოვლით იწყება, ვამოწმებ, სადმე ლოკოკინა არ იყოს.

- წყაროს იდეაც, ცხადია, თქვენია.

ოთარი: - წყაროსთვის რიყის ქვებიც მოვზიდე, მილები ჩავყარე. გვერდით ვაზი ჩავრგე და ზემოთ ისე ამოვატარე, ყველას ქოთანში ჩარგული ჰგონია. თონეს გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ შვილს ციმბირული ჰასკი აჩუქეს და ის ადგილი დაიკავა. არა უშავს, თონესთვისაც გამოვნახავ ადგილს.

ციური: - აი, ღობეს ხვიარა ვარდი რომ მიჰყვება, მაისში ყვავის და მის ნახვას არაფერი სჯობს. ერთჯერადად მოყვავილეა. მაქვს სულ მოყვავილე ვარდებიც, ზამთრამდე რომ აქვს ყვავილი. გვაქვს რვეული, სადაც ვწერთ, რა დავრგეთ, როგორ გაიხარა, რა შედეგი მოგვცა. გაზაფხულზე შევიძინე მაგნოლია, ყვითელი ხე-ტიტა. თავისი პასპორტი აქვს, ძალიან იშვიათია საქართველოში. ჩემთვის მცენარე სიცოცხლის ელექსირია. დედაჩემსაც უყვარს, ასაკოვანი ქალია და დღემდე თვითონ რგავს, უვლის.

- ძველ ნივთებში მცენარეებია ჩარგული.

- ეს ნავთქურა 90-იანი წლებიდან შემოგვრჩა, მასზე ჩაის ვადუღებდით და ვთბებოდით. მეუღლემ მარწყვი ჩარგო, ძველ ნივთს ახალი სიცოცხლე შესძინა და მარწყვმაც ნაყოფი მოგვცა. ძველი გაზქურის ოთხივე ქურაშიც მარწყვია ჩარგული. შვილიშვილს ფეხსაცმელი რომ დაუპატარავდა, ყვავილები ჩავრგეთ. ამის გაკეთება სულაც არ არის რთული და არც დიდ თანხებს მოითხოვს.

ოთარი: - მთავარი მონდომებაა. რჩევების მიღება ინტერნეტითაც შეიძლება და ლიტერატურაც არსებობს, თუნდაც ჩვენი საყვარელი "კვირის პალიტრა" წაიკითხონ, ბევრ სასარგებლოს იქაც ამოიკითხავენ.

ლალი ფაცია