" ჩვენს ნაწარმს მამაჩემის სახელი უნდა დავარქვათ და მამა გავახაროთ" - კვირის პალიტრა

" ჩვენს ნაწარმს მამაჩემის სახელი უნდა დავარქვათ და მამა გავახაროთ"

"ფერმას დიდი ფინანსები სჭირდებოდა, მოვიძიეთ "აწარმოე საქართველოში", რომელმაც დაგვაფინანსა. ფერმა სანიტარიული სტანდარტების დაცვით, სოფლიდან 500 მეტრის დაშორებით ავაშენეთ"

ჩვენში ძნელია საარსებო პურის მოპოვება და მით უფრო, საქმის აწყობა, თუმცა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში ჭიტაძეებმა დაამტკიცეს, რომ გონიერ და შრომისმოყვარე კაცს ყველაფერი შეუძლია და თანაც, ნებისმიერ ასაკში. ეს ამბავი კი ასე დაიწყო:

მირიან ჭიტაძემ, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ, გადაწყვიტა, მშობლიურ სოფელში ქათმების პატარა ფერმა მოეწყო. ჩანაფიქრი დედაქალაქში მცხოვრებ დებს გაუზიარა, რომლებიც პროფესიით ექიმები არიან, დები შეჰპირდნენ, ჩვენი ოჯახებით შენთან ერთად ჩავერთვებით შრომაშიო. სამი წლის წინ მოულოდნელად გაჩენილი იდეა ჭიტაძეების ბიზნესად გადაიქცა.

მარინა ჭიტაძე: - ჩემი ძმის წინადადება დებს დიდად არ გაგვკვირვებია და საიმედოდაც მივიჩნიეთ, რადგანაც იმჟამად ჩვენი პროფესიით არ ვმუშაობდით და თანაც სამივენი იმ ასაკში ვართ, რომ შრომა შეგვიძლია. ისედაც ვამბობდით, რომ რაღაც ახალი იყო მოსაფიქრებელი. აი, ჩვენი შვილები კი ამ ამბავს სკეპტიკურად შეხვდნენ, ვერ წარმოედგინათ, ახალ საქმეს როგორ გავართმევდით თავს. ჩემი ძმა ჭალაში წავიდა, ერთდღიანი წიწილები იყიდა და ჩვენს მშობლებთან ერთად გაზრდას შეუდგა. სხვათა შორის, მამაჩემი უკვე 88 წლის არის და ყველაზე მეტად ის გვეხმარებოდა. პირველ რიგში, გვასწავლა, როგორ დაგვეზარდა წიწილები. მართალია, სოფელში კი გავიზარდეთ, მაგრამ ფრინველების მოვლის გამოცდილება არც ერთს არ გვქონდა. ეს ადვილი არ არის, თუნდაც დაავადებებია ძნელად გასამკლავებელი, ბევრი ისეთი დაავადება არსებობს, რომლის შესახებ ზოგჯერ ვეტერინარებმაც არ იციან.

ასე გაზარდა ჩემმა ძმამ მშობლების მეთვალყურეობით 500 ქათამი. გაყიდვაშიც მამაჩემი დაეხმარა. მამა დიდხანს იყო სოფელ ჭალის სკოლის დირექტორი, ამიტომ დღესაც ენდობიან და პატივს სცემენ. მას ტყუილი არასოდეს უთქვამს და ეს ყველამ იცოდა. რომ თქვა, ჯანმრთელსა და სიმინდზე გაზრდილ ქათმებს ვყიდითო, ყველა ენდო და ქათმები სწრაფად გაიყიდა. მოკლედ, ჩემს ძმას შედეგი მოეწონა და საქმის გაფართოება, ფერმის აშენება გადაწყვიტა. თუმცა, ფერმას დიდი ფინანსები სჭირდებოდა, რაც, ცხადია, არ გვქონდა. ჩემმა ვაჟმა მითხრა, არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ასეთ პროექტებს აფინანსებენ და სცადეთ, ეგებ გამოგივიდეთო. ასე მოვიძიეთ პროექტი "აწარმოე საქართველოში", რომელმაც მართლაც დაგვაფინანსა.

სანიტარიული სტანდარტების დაცვით, სოფლიდან 500 მეტრის დაშორებით,Y ფერმა ავაშენეთ, იქვე ჭაც გავაკეთეთ და საცხოვრებელი ოთახებიც მოვიწყვეთ. ფერმის დატოვება წამითაც არ შეიძლება. ასე რომ, ახლა თბილისიდან საჩხერეში მორიგეობით ორ-ორი კვირით დავდივართ. ფერმაში 11 კაცი გვყავს დასაქმებული. აქედან 5 მუდმივად. ჩემი კლასელები არიან და საქმეს ჩინებულად უძღვებიან.

როცა სოფელში დავბრუნდი და დემოგრაფიულ სიტუაციას გადავხედე, გული მომიკვდა, მოსახლეობის მესამედიც აღარ არის დარჩენილი და ვინც არის, იმასაც გაქცევაზე უჭირავს თვალი, რომ ოჯახი არჩინოს. ასე რომ, ისეთი საქმის წამოწყება სოფელში, რომელიც ადამიანებს დაასაქმებს, ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია.

დღეს თვეში 2,5-3 ათას ქათამს ვყიდით. ხალხმა იცის, რომ ქათამს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ვკვებავთ - სიმინდის ღერღილით. თუმცა, მცირე დოზით კომბინირებულ დანამატებსაც ვაძლევთ.

- მამა ისევ გეხმარებათ?

- რასაკვირველია, ამბობს, ნეტავ 20 წლით პატარა ვიყო, ნახავდით, როგორ მოგეხმარებოდითო. ამიტომაც ვფიქრობ, ჩვენს ნაწარმს მამაჩემის პატივსაცემად მისი სახელი ხომ არ დავარქვათ და გავახაროთ.

- ფერმის გაფართოებას არ აპირებთ?

- აუცილებლად. ევროსტანდარტებზე მორგებული ქათმის სასაკლაო უკვე გავაკეთეთ. ბოლომდე გასამართავად დაფინანსება ვერ მოვიპოვეთ და ჯერჯერობით ამუშავება ვერ შევძელით, ამის გამო მხოლოდ ცოცხალი ქათმის გაყიდვა გვიწევს, მაგრამ იმედია, მალე ამასაც შევძლებთ. გვინდა, კვერცხიც ვაწარმოოთ...

ეთერ ერაძე