ტყუპი ძმის ფერმა - "სინათლე" მიტოვებულ სოფელში - კვირის პალიტრა

ტყუპი ძმის ფერმა - "სინათლე" მიტოვებულ სოფელში

"21 სული ძროხა გვყავს, მათ შორის 10 მეწველია, ზოგი ბუღაა, ზოგიც ხბო. მესაქონლეობას შარშან, ივლისში მივყავით ხელი. სათიბში მთაში დავდივართ. კიდევ 4 ღორი და 27 ბურვაკი, 2 ცხენი და თხებიც გვყავს. საქონლის მწყემსვაში 5 ძაღლი გვეხმარება - 3 მეცხვარე

და 2 მეძებარი"

ონიდან 12 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბოყვას ორად ორი კომლიღა შემორჩა. ზამთარში მიტოვებული პატარა სამოთხე ზაფხულში ახმაურდება, მერე კი ისევ ცარიელდება."სადღაც, ღრუბლებთან ახლოს სოფელში, ორი წლის წინ 25 წლის ტყუპი ძმები - შოთიკო და მირიან მეტრეველები დაბრუნდნენ და სოფელი დაცლას გადაარჩინეს. ძმებმა მესაქონლეობას მიჰყვეს ხელი და ფერმერობაზე ოცნებობენ.

"სოფლის სიყვარულმა ამოგვიყვანა ბოყვაში, თავს არ ვაპატიებდით, მთლად დაცლილიყო სოფელი და მამაპაპისეული კარ-მიდამო გაპარტახებულიყო. 15 წლის შემდეგ ამოვედით და იმხელა ბალახი იყო წამოსული, ატირდებოდი კაცი. მადლობა უფალს, გავართვით თავი, ავახმაურეთ აქაურობა და დავსაქმდით კიდეც. მანამდე სხვა გარემოს, ურთიერთობებს ვიყავით მიჩვეული, მეგობრებთან, ახლობლებთან გართობასა და მისვლა-მოსვლას, ახლა იმდენი საქმე გვაქვს, სად გვცალია ამისთვის", - ამბობს მირიან მეტრეველი.

- რაჭული ლორით დავიწყეთ ბიზნესი. შემოსავალი რომ გაგვიჩნდა, საქონელი ვიყიდეთ. ყველის ამოყვანაც ვისწავლეთ. რაც მთავარია, შრომა არ გვეზარება. გულზე მხვდებოდა დაცარიელებული სოფლის ნახვა, ატყევებული კარ-მიდამოები... ვერც ონში გავჩერდით და მიტოვებულ სოფელს დავუბრუნდით. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ნელ-ნელა სოფელში ცხოვრებასაც მივეჩვიეთ და საქმის კეთებასაც. ბევრი რაჭველი თუ იფიქრებს ასე, იქნებ აღარ დაიცალოს რაჭა.

21 სული ძროხა გვყავს, მათ შორის 10 მეწველია, ზოგი ბუღაა, ზოგიც ხბო. მესაქონლეობას შარშან, ივლისში მივყავით ხელი. სათიბში მთაში დავდივართ. კიდევ 4 ღორი და 27 ბურვაკი, 2 ცხენი და თხებიც გვყავს. საქონლის მწყემსვაში 5 ძაღლი გვეხმარება - 3 მეცხვარე და 2 მეძებარი. შარშან ჩვენი შეცდომის გამო 2 სული ძროხა მოგვიკვდა, ბალახმა გაბერა, თან ყველაზე ჯიშიანები და მეწველები. რა გაეწყობა, შეცდომებზე ვსწავლობთ. თავისუფალ დროს სანადიროდ, ხან სათევზაოდ დავდივართ მდინარე ხეორზე, რომელიც ჩვენს სოფელს ჩამოუდის. მალე მთაში წავალთ სათიბად, აქ საკმარის ბალახს ვერ ვაგროვებთ, საქონლის გამოსაკვებად ბევრია საჭირო. ერთ საღამოს საშუალოდ 50 ლიტრ რძეს ვიღებთ, ყველი ამოგვყავს, შრატს კი ღორებს ვუტოვებთ.

- ყველის ამოყვანა ვინ გასწავლათ?

- სოფელში ხშირად ამოვდიოდით ბებია-ბაბუასთან. აქაურობისა და შრომის სიყვარულიც მათ ჩაგვინერგეს. ბებიას ყურებაში ვისწავლეთ ყველის ამოყვანა.

შოთიკო მეტრეველი, მირიანის ტყუპისცალი: - ვიდრე ბოყვაში ამოვიდოდით, მამასთან ვცხოვრობდით ონში. დედა 5 წლის ასაკში გარდაგვეცვალა, 6 დედმამიშვილი ვართ. უფროსი დები გათხოვილი არიან. ბებია-ბაბუამ გაგვზარდა. ბებო ახლა ონშია, დაგვიბერდა. მე და მირიანი თბილისში ვმუშაობდით, მაგრამ დედაქალაქში დიდხანს ვერ გავძელით. ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდით, ისიც არ დაგვიმთავრებია, გული ვერ დავუდეთ, მივხვდით, არაფერი გამოდიოდა და ტყუილად უნდა გვეხადა ფული. როცა იცი, რაღაც არ გამოგდის, სხვა რამეს უნდა მოჰკიდო ხელი. გვინდოდა, ჩვენი თავის უფალი თავად ვყოფილიყავით, გული მიტოვებული სახლ-კარისკენ მოგვიწევდა, სწავლას შრომა ვარჩიეთ, ფერმერობა დავიწყეთ და მგონი, ეს უფრო გამოგვდის. ოჯახის წევრები ერთმანეთს ხელს ვუწყობთ. ჩვენი უმცროსი ძმა სკოლის მოსწავლეა, ხშირად ამოდის და გვეხმარება. ხანდახან მეგობრებიც ამოდიან და ერთად ვატარებთ საღამოს.

- მაღალმთიან და თითქმის დაცარიელებულ სოფელში შრომატევად საქმესთან შეჭიდება არ გაგიჭირდათ მარტოკაცებს?

- როგორ არ გაგვიჭირდა, მაგრამ მალე მივეჩვიეთ. ჩვენი სოფელი მაღალზეა, ლამის ღრუბლებში. აქ მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის ხალხი და ისმის ჟრიამული, ზამთარში 2 კომლი ვრჩებით. ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და ბოლოს ფერმა მოვიფიქრეთ, ჩვენი ხელით ავაშენეთ საქონლისთვის კაპიტალური სადგომი, ჯერ სამი ღორი გავზარდეთ, დავკალით, ლორი გამოვიყვანეთ და გავყიდეთ, შემოსავლით ვიყიდეთ ძროხა, მამაც დაგვეხმარა და მოვამრავლეთ საქონელი. როცა დენი არ არის, წველა ხელით გვიწევს, თუ არის, აპარატით. ყველის გარდა, ხაჭოს, მაწონსა და ნადუღსაც ვაკეთებთ, ჩაგვაქვს ონში, კლიენტები გვაკითხავენ და მიაქვთ.

წლეულს ხშირი წვიმები იყო და მიწა ვერ დავამუშავეთ. ეზოში 30 ძირი ნიგვზის ხე და უამრავი ხეხილი დგას. ამ ზამთარს პირუტყვი ონში ჩავრეკეთ, აპრილიდან ამოვიყვანეთ, ბალახი როცა წამოვიდა.

- ირგვლივ ტყეა. ალბათ, სახიფათოა პირუტყვის მწყემსვა, როცა ახლომახლო ნადირი დაძრწის...

მირიანი: - პირუტყვს ზარები დავკიდეთ, რომ არ დავკარგოთ.

ირგვლივ ნადირია, დათვი და მგელი ბინადრობს რაჭის ტყეებში. ხან თოფს ვისვრით, ხან ვხმაურობთ მათ დასაფრთხობად. მადლობა ღმერთს, აქამდე არაფერს გადავყრივართ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა შქმერში მიმავალმა ბიჭებმა გვითხრეს, 300 მეტრში დათვის ბელი შეგვხვდაო. ვეძებეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ, დაგვემალა.

- როგორც ვხვდები, გადაწყვეტილი გაქვთ მსხვილ ფერმერებად იქცეთ...

- ოთხი კოოპერატივის წარმომადგენელი გავერთიანდით (ვისაც ჩვენსავით პირუტყვი ჰყავს) და მალე ონში რძის გადამმუშავებელი ქარხნის ამუშავებას ვაპირებთ. გვინდა, სოფელში მეორე ფერმაც ავაშენოთ. ონში მაღაზია და პროფილაქტიკაც გვაქვს.

შოთიკო: - ბოყვაში მდინარეც გვაქვს, ტყეც, სუფთა ჰაერიც, კარგი ნიადაგიც, ყველაფერი გემრიელი მოდის. ჩვენს სოფელს მრავალძალი დასჩერებია, სამოთხეში ვართ, ღრუბლებთან ძალიან ახლოს. კი, ძალიან ძნელია რაჭაში ცხოვრება, მით უფრო, ახალგაზრდისთვის, ზამთარში 6 საათის მერე ჩამკვდარია ყველაფერი, მთელი რაიონი რომ შემოიარო, გზად კაცი არ შეგვხვდება, მაგრამ ამას ისე შევეჩვიეთ, ხალხმრავლობა გვეუცხოება კიდეც.

ნანა ფიცხელაური