მწვანე "კუნძული" ჩახუთულ ქალაქში - კვირის პალიტრა

მწვანე "კუნძული" ჩახუთულ ქალაქში

"ქალაქი ისეთი ჩაკეტილი და ნაცრისფერი გახდა, მით უმეტეს, ვერაზე, რომ აქ ასეთ სიმწვანეს ვერც კი წარმოიდგენ"

"აქ ფანტასტიკური დღესასწაულები მოწყობილა. სანამ ძალიან არ აცივდება, ამოსვლა თავისუფლად შეიძლება, თუმცა თოვლშიც თავისებური ხიბლი აქვს. აქ ყოფნა წელიწადის ნებისმიერ დროს ნეტარებაა"

შუაგულ ვერაზე, სადაც მასობრივი მშენებლობების გამო უბანი ლამის სიმწვანისგან დაიცალოს, ვერც კი წარმოიდგენ, რომ სახურავზე ამგვარ გარემოს აღმოაჩენ. გასულ კვირას ვეწვიეთ ადგილს, სადაც სახურავზე მწვანე ბალახი, ლამაზი მცენარეები, იაპონური ბაღი და მშვენიერი მოსასვენებელია მოწყობილი.

ია ალუდაური სატყეო მიწათმომწყობია, მაგრამ მის პროფესიას იმასთან, რაც საკუთარი სახლის სახურავზე აქვს მოწყობილი, საერთო არაფერი აქვს. ქალბატონ იასა და მის მეუღლეს, დათო ლიპარტელიანს მწვანე სახურავის მოწყობაში დიდი შრომა აქვთ ჩადებული, რაშიც მაია ალუდაური, იას და ეხმარებოდათ.

ია ალუდაური: - ამ სახლში 2015 წელს გადმოვედით. ბოლო, მეშვიდე სართულზე ვცხოვრობთ, სახურავიც ჩვენია. რატომღაც ყველას ეგონა, რომ სართულს დავამატებდით და გაუკვირდათ, რომ ასე არ მოხდა. ამაზე არც გვიფიქრია. აქაურობის გამწვანება გადავწყვიტეთ და ნელა-ნელა დავიწყეთ იდეის ხორცშესხმა. ამ ტერასაზე მუდმივად გამჭოლი ქარი უბერავს, თან მზის გულია და სიმწვანის მოშენება ძნელია, მაგრამ წვალებ-წვალებით აქამდე მოვიყვანეთ. ფართობი, 200 კვმ, ზონებად დავყავით: გვაქვს სამზარეულო, იაპონური ბაღი, მწვანე მოლი, ფოთლოვანი, წიწვოვანი და ყვავილოვანი მცენარეები, მოსასვენებელი ადგილები, სათავსიც.

- ეს ტერასა კერძო სახლის ეზოსგან არ განსხვავდება. სულ არ მაქვს შეგრძნება, რომ სახურავზე ვიმყოფები.

- კი, ეს ადგილი იაპონურ ბაღს განასახიერებს. წესით, აქ თავმოყრილი ქვები ერთმანეთს ნებისმიერი მიმართულებიდან უნდა უყურებდეს, ერთი ქვა რჩება ანსამბლის შესაკრავად. ეს ესთეტიკა იაპონური კულტურიდან მოდის. საკითხი კარგად არ შემისწავლია, რაც ზოგადად ვიცი, ესაა... აქ დაყრილი კენჭებიც "დავარცხნილია", ამისთვის მეგობარმა ხელსაწყო მოგვიტანა. შადრევნის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საფუძვლიანი ჰიდროიზოლაციაა გაკეთებული, მაინც შემეშინდა. მწერებისაც მეშინია და გადავიფიქრეთ. რაღაც ნაწილში კი ბალახი გავუშვით. დატერასებას ქმნის კიბე, რომელიც აქ ამოდის...

მაია ალუდაური: - იამ და მისმა მეუღლემ თავიდანვე გადაწყვიტეს, არანაირი წესი არ დარღვეულიყო და კანონის ფარგლებში ემოქმედათ. ამიტომაც არის, რომ დაშვებულ ნორმებს აქ არაფერი არღვევს. ეს ოჯახი კანონს პატივს სცემს.

ია: - როგორც კი სახურავის კეთება დავიწყეთ, მაშინვე მოვიდნენ და შეამოწმეს, რომ დარღვევა არ იყო. რეესტრშიც საზაფხულო ფართობად არის დარეგისტრირებული და არა საცხოვრებლად. ამიტომ უფლება მოგვცეს, სამუშაო გაგვეგრძელებინა.

მაია: - ქალაქი ისეთი ჩაკეტილი და ნაცრისფერი გახდა, მით უმეტეს, ვერაზე, რომ აქ ასეთ სიმწვანეს ვერც კი წარმოიდგენ. ოღონდ, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ, დროც დასჭირდა ხეების წამოზრდას და ახლა აქაურობას "სემირამიდას ბაღებს" ვუწოდებთ... იყო მცდელობა, იას მწვანილიც დაეთესა, სალათა, პამიდორი, მაგრამ მალე გახმა. სამაგიეროდ, აქ რომ ამოვდივართ, განცდა გაქვს, რომ საკუთარ ეზოში ვართ. ქუჩის ხმაური არ აღწევს, ვერ გრძნობ, რომ ქალაქის ცენტრში ხარ. დილით ისეთი ჰაერია, სიგრილე, უყურებ ამ სიმწვანეს, აქეთ ხელისგულზე გადაშლილ ქალაქს და გსიამოვნებს. მიკვირს, რატომ არ უნდათ ადამიანებს, რომ მსგავსი ადგილები ასე აითვისონ, ან თუნდაც აივანი გაამწვანონ?! მაგრამ საცხოვრებელი ფართობი არ ემეტებათ, რომ ამას დაუთმონ. ეს სახურავი ამ სტერეოტიპული აზროვნების დარღვევაა, რადგანაც ლამის სადარბაზოებში ამოაშენეს ოთახები. ასეთი ადგილი რომ ჰქონოდათ, ალბათ ბევრი მოინდომებდა მის ოთახებად გადაქცევას.

- ეს ბალახი დათესეთ?

ია: - ბალახი მოვიტანეთ და მას მერე ვუვლი. ცოტას კი მაწვალებს, მაგრამ მითხრეს, აღარ შეკრიჭო, გაუშვი, თესლი ჩაცვივდესო. ორი ჯიშის ბალახია, ერთი მალე ხმება. მოკლედ, ამ მოლსაც დიდი წვალება უნდა, კარგად მორწყვაც... მთლად კარლსონი არ ვარ, მაგრამ სახურავზე დიდ დროს ვატარებ. დილას რომ გავიღვიძებ, პირველად აქეთ ამოვდივარ, რომ ყველაფერს დავხედო.

- უამრავი ქოთანი გაქვთ ყვავილებით...

- სადაც ქოთნებია, იმ ადგილას მიწაში პატარა, ლამაზი ყვავილები იყო ჩარგული. მაგრამ მათ ფესვთა სისტემა მოკლე აქვს და მცხუნვარე მზის ქვეშ გაუჭირდათ... წლეულს გადავწყვიტეთ, ეს მიწა სულ ამოგვეღო, რაც მეტად მძიმე სამუშაო იყო.

ვარდებს ამ გამჭოლი პირობების გამო უჭირთ, ხმება, თუმცა ვწამლავ და სასუქებსაც არ ვაკლებ, წამოიღო ყლორტები, იმედი მაქვს, ვარდებიც გამახარებს.

მაია: - გვინდა, პატარა ღობეზე ხვიარა ვარდი გავუშვათ, რაც სივრცეებს გამიჯნავს და მეტ ფერს შესძენს. ხემცენარეების შემატებაც არ იქნება ურიგო. კედელზე იას სუროს აშვება უნდა, ცოტა უსახურია და დაიფარება.

ია: - წლეულს ამ პატარა დეკორატიული ხეების ფესვებამდე ჩავედი, მიწა სულ ამოვიღე და ნელ-ნელა სილა და პერლიტიც დავამატე, ფაქტობრივად, ახალი ნიადაგი შევუქმენი.

მაია: - ია ესთეტია, ისეთ რაღაცებს აქცევს ყურადღებას, რომ ხან მე, ხან მისი ქმარი და ხანაც შვილი ვუპროტესტებთ, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, შრომა არ ეზარება. იას ქალიშვილი ანანო ერთი წლის წინ ჰოლანდიაში სასწავლებლად გაემგზავრა და ახლა მას აქ სამი საზრუნავი აქვს: ქმარი, რომელსაც ამ საქმეში უზარმაზარი წვლილი აქვს (სახურავის ბინადარ კარლსონს ვეძახით), პატარა ძაღლი "ტასო" და ეს ბაღი.

აქ სტუმრობა ყველას უყვარს, განსაკუთრებით უცხოელ მეგობრებს, აღფრთოვანებული რჩებიან.

- გვარიანი ქარის მიუხედავად, ამტკიცებთ, რომ მწვანე სახურავის არსებობა შესაძლებელია.

ია: - დიახ, ასეა... ტუიებმა კარგად გაიხარა. სოჭი ახალ წელს მაჩუქეს, ამანაც მშვენივრად იგრძნო თავი. ზეთისხილის ხეც ნაჩუქარია...

მაია: - იას დაბადების დღეზე რომ ეკითხებიან, რა გაჩუქოთო, ეუხერხულება თქმა, რომ არაფერი უნდა ერთი ქოთანი ყვავილის მეტი. აქ ფანტასტიკური დღესასწაულები მოწყობილა, საღამოს განათებასაც ვანთებთ. სანამ ძალიან არ აცივდება, ამოსვლა თავისუფლად შეიძლება, თუმცა თოვლშიც თავისებური ხიბლი აქვს. აქ ყოფნა წელიწადის ნებისმიერ დროს ნეტარებაა.

ია: - ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ჩემზე ამბობენ, ყვავილებს ელაპარაკებაო. განსაკუთრებით პეტუნიებს ველაპარაკები, როცა დამჭკნარ ყვავილებს ვაცლი. მათი მოცლა აუცილებელია, რომ ახალი წამოვიდეს, ისევე როგორც ვარდს, ზაფრანებსაც ვაცლი დამჭკნარ ყვავილებს.

- მორწყვისას პრობლემა არ გაქვთ, რომ წყალი სადმე გაჟონავს?

- არა, ჰიდროიზოლაცია ხარისხიანად გაკეთდა. თუ ძალიან ცხელა, მორწყვა სამ დღეში ერთხელ არ ჰყოფნის. თითით ვსინჯავ, თუ მიწა სამ სანტიმეტრზე გამშრალია, მაშინ ვრწყავ.

- საკუთარი გამოცდილებიდან მკითხველს რას გაუზიარებდით?

მაია: - ასეთი მასშტაბის მწვანე სახურავის მოწყობა არ არის ადვილი, ბევრი გარემოებაც უნდა გიწყობდეს ხელს. მთავარია, ადამიანებს სიმწვანისთვის ერთი კვადრატული მეტრი არ დაენანოთ, ჩვენს ქალაქს მწვანე ფერი აკლია. ევროპის ქალაქებში რომ გადაბდღვრიალებული აივნები მოგვწონს, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ლამაზი აივნები შრომის გარეშე არ მიიღწევა. აქაც შეიძლება ყველაფრის ისე გაკეთება, რომ არ დაგჭირდეს არც ბევრი ფული და არც დიდი ენერგია.

ია: - თუ რამე მცენარის თესლი არ ექნებათ, შესაძლოა, სხვამ უწილადოს, კალამი მისცეს, რომ პატარა კუთხე გაამწვანოს და გაალამაზოს, რომ ცხოვრება გაიხალისოს და უკეთაც ისუნთქოს.

- "ტასოც" როგორ უხდება ამ გარემოს.

- ქალბატონი "ტასო" 2 წლისაა. როგორც კი ვამბობთ სიტყვას - "ზევით", უკვე კიბეზე ამორბის. აქაურობა ძალიან უყვარს.

მაია: - ანანო 17 წლის რომ გახდა, მისი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ვაჩუქე, რადგან ძალიან უნდოდა. ახლა ოჯახის ყველა წევრი აღიარებს, რომ "ტასო" აქ ანანოს მერე ყველაზე კარგი მოვლენაა. უწესიერესი არსებაა, არანაირ პრობლემას ქმნის.

ლალი ფაცია