"მტრის ნაკვალევი ქართული ჭირნახულით ამოვავსეთ"
24-07-2017
"მტრის ნაკვალევი ქართული ჭირნახულით ამოვავსეთ"
"ქართული ხორბლის ყანებს, სამწუხაროდ, დღეს ფასი არა აქვს, მაგრამ მკისას მოზღვავებულ ოქროსფერ ხორბალს რომ ვუყურებთ, ამ განცდას არაფერი შეედრება - ჩვენი შრომის შეუფასებელი საფასური ესეც არის"

მარინა იაშვილი დედაქალაქში ცხოვრობს და პროფესიონალი პოლიგრაფისტია, მაგრამ შრომისადმი გონივრულმა მიდგომამ საკუთარი თავის, მეგობრებისა თუ ქვეყნისთვის დიდ საქმეს შეაჭიდა.

- იმერელი ვარ, დედა კახე­ლი­ მყავდა, იყალთოდან, სადაც ბავშვობაში­ ხშირად ვიყავი და ბარაქიანი ადგილების­ ნახვა მაბედნიერებდა. ალბათ ამ სიყვარულის­ გამო ჩემს იყალთოელ მეგობარს დავთანხმდი შემოთავაზებაზე
- ნაკვეთი ხომ არ შეგვეძინა კახეთში­ და ბაღი მოგვეწყოო. ნაფარეულის მახლობლად, ალაზნის სანაპიროს ნაკვეთებზე შევჩერდით. ამას თავ­ისი მიზეზიც ჰქონდა - აქ კავკასიონი­დან­ კახეთში შემოსასვლელად ყველაზე დაბალი­ ფონია. ზუსტად აქედან შემოდიოდნენ კავკასიელები საქართველოს სამტროდ. მათი ნაკვალევის დაფარვა­ იქნებოდა­ კარგი ქართული ჭირნახულით. სხვათა შორის, რამდენიმე ათეული წლის
წინ აქ მსხმოიარე ბაღებიც იყო, მაგრამ განადგურდა.

- თანამოაზრენი მოვძებნეთ და ხუთი კაცისგან კოოპერატივი ჩამოვაყალიბეთ. მე ამირჩიეს თავმჯდომარედ. მერე კი შრომას შევუდექით. ენა ვერ აღწერს, ისეთი­ მძიმე სამუშაოები ჩავატარეთ. ტრაქტორები მივიყვანეთ და გაველურებული ჯაგების ამოღება დავიწყეთ, გასარწყავებისთვის მდინარე ალაზანში მოტორი ჩავდგით, თესლი და ნერგები ვიყიდეთ, მიწა დავამუშავეთ და ასე შევუდექით შრომას, რომელსაც 6 წლის მანძილზე მოგება არ მოუცია, რადგან ყველაფერს თავისი დრო სჭირდება. თუ განგებამ ინება, იქნებ პირველი მონაგები წელს გვქონდეს. გულწრფელად ვამბობ, ქვეყანა რომ არ გვიყვარდეს, ასეთ მოთმინებას ვერ გამოვიჩენდით.

ჩემ გარდა კოოპერატივში ყველა მამაკაცია. არაადამიანური დაღლის მიუხედავად, არც ერთს არ დაუწუწუნია, მოდი, შევწყვიტოთ, აღარ შეგვიძლიაო. პირიქით, ასე დაქანცულები ერთად რომ შევიკრიბებით, ვამბობთ, რა ლამაზია ჩვენი მიწა, აქ ყოფნას არაფერი სჯობიაო.

- ნაკვეთები კიდევ შეიძინეთ?

- დიახ. კოოპერატივს ახლა 25 ჰექტარამდე მიწა აქვს სხვადასხვა კულ­ტურისთვის­. ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია და მოსახლეობას­ ნაკვეთებს სოფლებიდან მოშორებით აძლევენ. უმეტესობას კილომეტრებით დაშორებული ნაკვეთების დამუშავება­ უჭირს და მიწა უპატრონოდ რჩება. აი, ასეთ დაუმუ­შავებელ ნაკვეთებს ვიძენთ და მოსახლეობასაც ვასაქმებთ - ახლომახლო სოფლებიდან ვიხმართ ხალხს. ქართული მიწა თუ არ გაცდება, არ დაიკარგება.

საქმე ის არის, რომ ლოპოტჰესიდან გადამუშავებული წყალი მილებით ალაზანში კი არ ჩაედინება, პირდაპირ ველზე მოჩხრიალებს. მილები დამტვრეული და დაზიანებულია, წარმოიდგინეთ, რას უზამს ამხელა წყალი აქაურობას - სახნავ-სათესები ხრამად აქცია, რომელიც თანდათან ფართოვდება და ჩვენს საბაღე მეურნეობასაც ძირს უთხრის. ვის არ მივმართეთ, მაგრამ ვერც ამით მივაღწიეთ რამეს. ვცდილობდით, უფსკრულის გაზრდა ხეების ჩარგვით შეგვეჩერებინა, მაგრამ არ გამოგვდის. პროცესი სწრაფად მიდის წინ.

- ამ პრობლემის მოგვარებაში უსათუოდ დაგეხმარებით. თქვენი კოოპერატივი ალბათ სხვადასხვა პროგრამაშიც მონაწილეობს.

- თითქმის ყველაფერი ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ, თუმცა ბოლოს ჟოლო დავთესეთ, სახელმწიფო პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და გავასარწყავეთ. არ არის ადვილი ჩვენს ქვეყანაში ფერმე­რული მეურნეობის გამართვა. ფეხზე წამოსადგომი ქვეყანა ვართ, რის გამოც პროდუქტის რეალიზაცია გვიჭირს. მაგალითად, უეკლო მაყვალი ჩვენში კარგად მოდის, მაგრამ აქედანვე თავს ვიმტვრევთ, გასაღება როგორი გვექნება. არადა, თუ პროდუქცია დიდი რაოდენობით ვერ მოიყვანე, საზღვრებს გარეთ ვერ გაიტან - ერთი-ორი ტონისთვის არც ერთი კერძო ინვესტორი არ შეიწუხებს თავს. ბევრი პროდუქციის დაგროვება კი ურთულესია საქმეა - ჯერ მოყვანა და მერე შენახვა. სამაცივრე დანადგარების მოწყობას დიდი ფინანსები სჭირდება და ამას ვერავინ შეძლებს სახელმწიფოს დაუხმარებლად. სახელმწიფოში კი ბევრი ბიუროკრატიული­ აპარატია, რომელიც საქმეს აფერხებს. ასე ჯად­ოსნურ წრეზე ბრუნავს ეს ყველაფერი. ამის მიუხედავად, შრომა ყოველთვის ღირს, ის მომავალს ქმნის. ჩვენც მომავლის იმედი გვაქვს, - საფერავის და რქაწითელის ზვრებთან ერთად ალუჩის, კაკლის, ქლიავის ბაღები გავაშენეთ და მალე მოსავალსაც მივიღებთ. ქართული ხორბლის ყანებიც გვაქვს. სამწუხაროდ, დღეს ფასი არა აქვს, მაგრამ მოლივლივე პურის ყანებს და მკისას მოზღვავებულ ოქროსფერ ხორბალს რომ ვუყურებთ, ამ განცდას არაფერი შეედრება - ჩვენი შრომის შეუფასებელი საფასური ესეც არის.

ეთერ ერაძე
რევაზი-ს
04 აგვისტო 2017 13:44
მე რამდენადაც ვიცი სახელმწიფო ეხმარება იმ შემთვევაში, როცა უკვე რაღაცა წამოწყებული გაქვს, ბიზნესგეგმა, შენობა, ამ შემთვევაში ნაკვეთი უნდა იყოს. იდეაც, რისი გაკეთება გინდა, რამდენად მომგებიანი იქნება, გარკვეულად დასაბუთებული უნდა გქონდეს. ანუ სადღაც შუაში უნდა იყოს საქმე მიყვანილი და ამ მთელი დასაბუთებული დოკუმეტაციით უნდა წარდგეთ.
ამ გვერდზე ნახეთ კიდევ http://enterprisegeorgia.gov.ge/ge/home.
წარმატებებს გისურვებთ.
levani
02 აგვისტო 2017 11:01
ეხმარება კი საერთოდ?
რევაზი
31 ივლისი 2017 04:05
ვენაცვალე ყველა მშრომელ ადამიანს. ჩვენი მიწა ისეთი დალოცვილია, ცოტაც რომ მაინც გავანძრიოთ ხელი და თავი - არაფერი გაგვიჭირდება.
გაიხარე კარგო ადამიანო. თქვენ მაგალითს აძლევთ ხალხს; თუ რა სარგებელი მოაქვს შრომას. (ყველა მიმართულებით)
დიახ! - აი ესაა პატრიოტიზმი. ესაა ქვეყნის სამსახურში დგომა - ისე როგორც ჯარისკაცი!
ბავშვობიდან ვოცნებობ ფერმერობაზე. სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე ნაკვეთის შეძენა. (სახლიც არ გვაქვს) სამშობლოში დაბრუნება გვინდა მაგრამ, ჯერ ვერ ხერხდება სამწუხაროდ რადგან; მიწას თუ შევიძენ, ტექნიკა არ მექნება - ან პირიქით. :(

P.s ჩემი თხოვნა იქნება, იქნებ ვინმემ იცოდეს და ამიხსნას სახელმწიფო რა შემთხვევაში ეხმარება ფერმერებს?

რედაქტორის რჩევით