"ბავშვობაში ჩავუთქვი, რომ გადაყენებულ ხარებს კალოზე დავაბრუნებდი"
24-07-2017
"ბავშვობაში ჩავუთქვი, რომ გადაყენებულ ხარებს კალოზე დავაბრუნებდი"
რეზო სანიკიძეს სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში 2 წელიწადია, ძირძველი ქართული ჯიშისა და ჯილაგის კამეჩების ფერმა აქვს.

- რატომ აირჩიეთ ფერმერული საქმიანობისთვის თითქმის გადაშენების პირას მყოფი პირუტყვი?

რეზო სანიკიძე: - ყველაზე დიდი წვლილი ალბათ მამაპაპურ ტრადიციებს, ძველ თქმულებებსა და ზოგადად, ხარის კულტს მიუძღვის. ხანში შესულს დღემდე მახსოვს ბაბუას ზღაპარი სპილენძისფეხებიან კამეჩებზე, კოლხ მეფეს რომ ჰყავდა. ხანდაზმულები ხშირად გვეუბნებოდნენ ყმაწვილებს: ჩვენ ჩვენი კალო გავლეწეთ, გადავაყენეთ ხარებიო... ჰოდა, შორეულ ბავშვობაში ჩავუთქვი, რომ
გადაყენებულ ხარებს კალოზე დავაბრუნებდი. ოცნება სანახევროდ ავისრულე.

- როგორი მოსავლელი არიან?

- თავიდან თხუთმეტი ქართული ფუ­რ­­­­კამეჩი­ შევიძინე ადგილობრივი გლეხებისგან. დღევანდელი ჯოგი მათი შთამომავალია, ყველა ქართულ მიწაზე გაზრდილ-დაბადებულია, ქართული ზნე აქვთ, არხეინი, დინჯი, ამტანი და ღონიერი არიან. ადვილად შევეგუეთ ერთმანეთს. ფურები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევიან, წელიწადს არ
გააცდენენ, იგებენ ერთ ზაქს დამაკებიდან მეთერთმეტე თვის თავზე ან მეთორმეტე თვის დასაწყისში. ჯოგის რაოდენობა ხან იმატებს, ხან იკლებს. ფურის წონა ნახევარ ტონას აღწევს, ხარისა - ტონას. იკვებება უხეში მცენარეული საკვებით, ძირითადად ჩალით, თუმცა მე თივითა და ვაზის ნასხლავითაც ვანებივრებ. წველის დროს ქატოს მივაშველებ ხოლმე. 17 ჰექ­ტარზე საკუთარი საძოვარი მაქვს, თუმცა უწყლოა და დასარწყულებლად სოფლის შემოგარენში გამყავს. მიუხედავად იმისა,­ რომ ბევრ საკვებს საჭიროებენ, მაინც იაფია მათი შენახვა, ჩალა ყველგან მოდის, თან უხვად, ასე რომ არ ყოფილიყო, ვერც ჩვენი მამა-პაპა დაიყენებდა შემწედ კამეჩს. შემოსეული მტერი გლეხს ბალახის თიბვას, გაშრობასა და შინ მიტანას დააცდიდა?

- რომელ პროდუქტებს ამზადებთ ფერმაში?

- თითქმის ყველაფერს. ძირითადად, ყველს, რადგან უფრო გამოსავლიანია,
თუ 1 კილოგრამი ძროხის ყველის ამოყვანას 10 ლიტრი სჭირდება, კამეჩისას 3-4 ლიტრი ჰყოფნის, სინოყივრის გამო.
1 კილოგრამი კამეჩის ყველი ბაზარში ამჟამად 9 ლარი ღირს, შემოდგომა-ზამთარში 14 ლარამდეც ადის. რძესაც ვყიდით და მაწონსაც. 1 ლიტრი რძე 3-4 ლარი ღირს, ლიტრი მაწონი - 5 ლარი. დღესდღეობით ყოველდღიურად 4-5 კილოგრამ ყველს ვყიდით. მეწველი ფური საშუალოდ, ტონა-ნახევრიდან 2 ტონამდე რძეს იძლევა წლის განმავლობაში. 1 ფურისგან დღე-ღამეში 5-10 ლიტრ რძეს ვიღებთ, დანარჩენი ზაქს რჩება. კამეჩის რძე მაღალი ცხიმიანობით გამოირჩევა, მდიდარია რკინითა და კალციუმით, იგი შეუცვლელი პროდუქტია ჩვენი პატარებისთვის. გარდა ამისა, ნამატს ცოცხლად ვყიდით. ტყავსაც და რქებსაც ბაზარში ვაბარებთ ან ვამუშავებთ და სხვადასხვა ტრადიციულ სასმისებს, ძირითადად, ყანწებს ვამზადებთ, მერე კი სამახსოვროდ ვინახავთ. ლეძაძამური კამეჩის რქისგან გაკეთებული ყანწით დალეული ღვინო არ ათრობს...
ყველაფერთან ერთად, ოჯახისთვის კარაქსაც ვამზადებთ, 500-გრამს მინიმუმ 5 ლიტრი რძე სჭირდება. კარაქის ბაზარში გატანაზე არც გვიფიქრია, სადღაც 15 ლარზე მეტი გამოდის ნახევარი კილო კარაქი. ეს კი ფუფუნებაა ჩვენი მოსახლეობისთვის.

- დაავადებებს როგორ უმკლავდება?

- ძალიან კარგად. ვერაფერს აკლებს ჯილეხი, თურქული ბრუცელოზი. კამეჩი კარგად იტანს სიცხეს. ცხელ კლიმატს ადვილად ეჩვევა, ამიტომაცაა, რომ მისი წარმოშობის ადგილებს ცხელ ქვეყნებში ვარაუდობენ. კამეჩი წონაში კარგად იმატებს როგორც იალაღზე, ასევე ბაგურ პირობებში. ნამატი დღე-ღამეში 1 კილოგრამს აჭარბებს.
ჩვენებურ კამეჩს წყლის კამეჩსაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ კამეჩს გაუსაძლისი პირობების ატანა შეუძლია და მათ შორის, უწყლობასაც მამაცურად უმკლავდება, სხვა ინდურ-აფრიკული თანამოძმეებისგან განსხვავებით, წყლის მოყვარულია, ასე რომ, წყლის ხათრით თუ მოათვინიერებდნენ მას. საქართველოში მათი ბინადრობის ადგილი კი დღევანდელ ქიზიყს, ისტორიულად კამბეჩოვანს (კამეჩიან ადგილებს, კამეჩების ადგილს) ეკუთვნის.

წარსულში კამბეჩოვანს გაუწყლოებულ, უდაბნო ადგილად მოიხსენიებდნენ. ამიტომ მგონია, რომ ქართული კამეჩის სამშობლო, მათი მოშენების, მეურნეობაში ჩართვის მასობრივი კულტურა ქიზიყელებმა დაამკვიდრეს. ცხადია, ათასჭირგადატანილ ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეს ამჩნევია მათი ჩლიქის კვალი.

- როგორი მომავალი აქვს მეკამეჩეობას?

- სამწუხაროდ, როგორც მე ვიცი, ქიზიყშიც კი მკვეთრად შემცირებულია მათი რაოდენობა. თითქმის შეწყვეტილია სანაშენე მუშაობა, რაც ჩვენებური კამეჩის გაქრობის საფრთხეზე მიუთითებს. სამამულო ომამდე 100 ათასზე მეტი სული იყო ჩვენს ქვეყანაში, დღეს კი რამდენიმე ათასიღა თუ შემოგვრჩა. თუმცა ღვთის მადლით, ჯერ კიდევ შემორჩენილია მთისა და ბარის სოფლებში თითო უღელი ხარ-კამეჩი. გლეხკაცი ისევ მისი დახმარებით ეწევა ცხოვრების ჭაპანს. ფორნით წყალს ეზიდება, გუთნით კი კვალი ამოჰყავს. დღეს მეც რთული პერიოდი დამიდგა. ბოლო ხანს მომვლელების, მწყემსებისა და მწველავების პრობლემა გაჩნდა. კამეჩები ხელით წველას არიან მიჩვეული, ვერა და ვერ გადავიყვანეთ აპარატით წველაზე, გარდა ამისა, თუ ნახირმა საძოვარზე არ იარა, მის გამოკვებას ვერ აუვალ. მე კი მათ ყოველდღიურ მწყემსვას ვერ შევძლებ. ამის გამო შეიძლება სულადობის შემცირებამ მომიწიოს, თუმცა მთლიანად ვერ შეველევი. მათ ხომ, შემოსავლის გარდა, დიდი სიხარულიც შემოაქვთ ჩემს ოჯახში. ამ სიხარულს კი ხარ-კამეჩთან ერთობის, მათთან ერთად ცხოვრების მამაპაპური ლაზათი ჰქვია.

კახა მჭედლიშვილი
ია
15 აგვისტო 2017 14:46
რა კარგი სტატიაა. ორჯერ წავიკითხე და დიდი სიამოვნება მივიღე. რეზო სანიკიძედ ვუსურბებ წარმატებებს გამძლეობას და გამდიდრებას.

რედაქტორის რჩევით