მანანა ნაჭყებიას არაპოლიტიკური სამყარო
07-08-2017
მანანა ნაჭყებიას არაპოლიტიკური სამყარო
"აქ სახლები მეგობრებმა ერთდროულად შევიძინეთ და ერთმანეთის გვერდით ვართ, წლების განმავლობაში ოჯახებით ვმეგობრობთ და ტრადიცია გვაქვს - შობას აქ ვხვდებით"

მანანა ნაჭყებიას, "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურ მდივანს, თავის ნაკვეთში ბევრი რამ საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული. მისი აგარაკი თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ალექსეევკაშია.

მანანა ნაჭყებია: - 26 წლის წინ სრულიად შემთხვევით ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, რომ აქ სახლები იყიდებოდა, რადგან ოსები საცხოვრებლად ვლადიკავკაზში, ხოლო ბერძნები საბერძნეთში მიდიოდნენ. მოგეხსენებათ, მძიმე წლები იყო როგორც ოსი და
ბერძენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე ქართველებისთვის, ყველა ეძებდა ადგილს, სადაც თავის გადარჩენას შეძლებდა. მოკლედ, ალექსეევკაში რომ ჩამოვედით, ძალიან მოგვეწონა აქაური ბუნება, კლიმატი და გადავწყვიტეთ, ეს ეზო-კარი სააგარაკედ შეგვეძინა. მას შემდეგ ერთი წელიწადიც არ გამიცდენია, მუდმივად დავდივარ, შვილებიც აქ გავზარდე.

- დიდი სოფელია?

- დაახლოებით 80 კომლი ცხოვრობს.
90-იან წლებში თითქმის დაცლილი იყო, მოსახლეობაც ხომ გადასახლდა და ვინც მათი სახლები სააგარაკედ შეიძინა, მათაც გაუჭირდათ, ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. შემდეგ სვანების ჩამოსახლება დაიწყო.
ახალგაზრდა ოჯახებმა ამ ძირძველ მიწას, მხარეს სხვა ხიბლი მისცეს. აქვეა ფარცხისი, ცნობილი ბრძოლის ადგილი... ალექსეევკაში ულამაზესი, X საუკუნის ეკლესიაა, მის გალავანში უამრავი ნეშტი აღმოჩნდა, როგორც ჩანს, ხალხი ეკლესიას აფარებდა თავს და მასობრივად დახოცეს. ამ მხარემ ბევრი დარტყმა გადაიტანა...

- ზამთარშიც სტუმრობთ აგარაკს?

- აქ სახლები მეგობრებმა ერთდროულად შევიძინეთ და ერთმანეთის გვერდით ვართ, წლების განმავლობაში ოჯახებით ვმეგობრობთ და ტრადიცია გვაქვს - შობას აქ ვხვდებით.

- რამხელაა ფართობი?

- ჩემი საკარმიდამო 1200 კვმ-ია, სადაც არის პატარა ბოსტანი, ეზო და სახლი. გარდა ამისა, 90-იან წლებში ყველა მოქალაქეს მიწის ნაკვეთი 1 ჰექტარამდე შეუვსეს და მაშინ 6000 კვმ შემხვდა, რომელსაც ვერ ვიყენებ და იმ ტერიტორიას ჩემი მეზობლები თიბავენ. სვანები მეცხოველეობას მისდევენ და არაჩვეულებრივ სულგუნს ამზადებენ...

- როგორც მეურნე, საკუთარ გამოცდილებაზე რას გვეტყვით?

- ნაკვეთის მოსავლელად გაზაფხულზე ჩამოვდივარ. ბოსტანს დიდ დროს ვერ ვუთმობ, მაგრამ გავერანებული და მოცდენილი მიწა არ მომწონს და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს, რაც მჭირდება - კიტრი, ლობიო, სიმინდი, მწვანილი - ვთესავ. აქაურ პროდუქტს განსაკუთრებული გემო აქვს, კიტრი, კარტოფილი, მწვანე ლობიო გამორჩეულად გემრიელია, აღარაფერს ვამბობ მწვანილზე. გვაქვს ხეხილიც, ბევრია კაკლის ხე, მაგრამ მაღალია და ცოტა ძნელად დასაბერტყია. ამიტომაც ჯუჯა კაკლები შევიძინე და დავრგე. საერთოდ, რაც კი ახალი, თანამედროვე კულტურა შემოდის, ვცდილობ, გავაშენო, მაგალითად, უეკლო მაყვალი დავრგე, მაქვს მოცხარი, ჟოლო... სიცივესაც უძლებენ, მით უმეტეს, რამდენიმე წლის წინ, აქ ყინვა მინუს 33 გრადუსზეც დაეცა. ამიტომ ვცდილობ ისეთი მცენარეების გაშენებას, რომლებიც სიცივეს გაუძლებს.

როგორც ჩანს, ადამიანი რაც უფრო ასაკში შედის, შრომა მეტად იზიდავს. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, თოხნა და ბარვა არ ვიცოდი, სოფლის მეურნეობასთან შეხება არასოდეს მქონია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მიყვარს და მომწონს...
მაქვს ყვავილნარი, გაზონები... მიმაჩნია, რომ ამგვარ ადგილს ისეთი ბაღები და ყვავილნარები უხდება, როგორიც მე და ჩემს მეგობრებს, მეზობლებს გვაქვს. ჩვენი ეზო ყველას მოსწონს. ნაბიჯს გადმოდგამენ თუ არა, სიგრილეც იგრძნობა. ხევის პირას ვართ, სადაც მდინარე ჭივჭავის ნაკადი ჩამოდის. როცა მოდიდდება, კარგა მოზრდილია, მაგრამ ზაფხულში მოწანწკარებს.
აქვეა ხელოვნური წყალსაცავი, ლიპას ტბას ეძახიან. ხელოვნურია და "ლიპაც" ამიტომ დაარქვეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში აღარ იწმინდება, ადრე კი ხშირად დავდიოდით, პატარა პლაჟიც გვქონდა მოწყობილი.
აქ გაზაფხულიდან ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ. ეზოს ვუვლი. დღეს ბევრი საშუალებაა შრომის გასაადვილებლად, მაგალითად, ბალახის ელექტროსათიბი. ეს განტვირთვისთვისაც სასიამოვნოა, მით უმეტეს ადამიანისთვის, რომელიც მთელ წელიწადს თბილისში ატარებს და გონებრივი სამუშაო აქვს.

- ხეხილიდან რა ხარობს?

- კომში, მსხალი, ვაშლი, ქლიავი... ალუჩის ნერგმა გაამართლა და 2-3 წელია, შესანიშნავ მოსავალს გვაძლევს.

- ოჯახის წევრები გეხმარებიან?

- სამწუხაროდ, მეუღლე წელს უეცრად გულით გარდამეცვალა, თუმცა, როცა იყო, მეხმარებოდა... ბავშვებს გართობა ურჩევნიათ და უფრო მეგობრებთან ერთად ჩამოდიან, თუმცა, საკუთარი სიამოვნებისთვის ხანდახან შეიძლება თოხსა და ბარს ხელი წამოავლონ, რაღაც გადარგონ ან დაბარონ.
ამ მხარეში ბევრი კენკრაა, მოცვისა თუ ჟოლოს დასაკრეფად ტყეში ხშირად დავდივართ. არის მაყვალიც. ზაფხულში ხომ ვიღებთ და მთელი ზამთარიც გვაქვს, ვყინავთ. შრომა არ მეზარება, გაზონები ჩემი ხელით არის გაკეთებული, სხვათა შორის, დეკორაციებიც, ქვის ან აგურის. ინტერნეტში უამრავი მასალაა, როგორ გაალამაზო ეზო და ცხადია, ამას მეც ვიყენებ. მეზობელ-მეგობრებს ერთგვარი შეჯიბრებაც გვაქვს, ვის უფრო ლამაზი ეზო ექნება.

- ქოთნის მცენარეებიც გიყვართ?

- დიახ, თბილისში ვუვლი და მერე აგარაკზე "ჩამომყავს" და შემოდგომით უკან მივაბრძანებ...

- მოკლედ, მოყვარული მებაღე ბრაძანდებით.

- კი ბატონო. კულინარიაც მიყვარს. კერძების მომზადება ჩემი ჰობია, განსაკუთრებით, მეგრულის. აქ ამისთვის ნამდვილი სამოთხეა, არის არაჩვეულებრივი რძის პროდუქტები, შეგიძლია თვითონ გააკეთო არაჟანი, ნადუღი, კარაქი, გებჟალია, ხაჭაპურიც ფანტასტიკური გამოდის...

- ძაღლიც გყოლიათ...

- ტომი უნგრული ვიჟლაა. ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, არ მჭირდება შენი დახმარება, თვითონ მოვუვლიო. ექიმია და ახლა გერმანიაში მუშაობს, ძაღლი კი მე დამიტოვა. მე ვარ მისი პატრონი. აქაურობა მოსწონს, როცა მივდივარ, იმალება, წამოსვლა არ უნდა.
მე და ჩემმა მეზობლებმაც გადავწყვიტეთ, აქაურობა ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ. სახელმწიფოსგან "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გრანტი მივიღეთ. კოოპერატივი შევქმენით და ღვინის ტურების დაწყება გვინდა. ეს ადგილები უნიკალურია გეოგრაფიული მდებარეობით, კლიმატური თვისებებით, ბევრი ისტორიული ძეგლია (ბირთვისის, ფარცხისის ციხეები, ფიტარეთისა და ბედიანის მონასტრები, ვაჟას წყარო). გვინდა, ჩამოვიდნენ ტურისტები, ჩვენთან წაიხემსონ, ღვინო დააჭაშნიკონ. აქ ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

- დიდი გეგმები გქონიათ...

- გეგმები ამბიციური გვაქვს, არა იმიტომ, რომ შემოსავალი მოუტანოს ოჯახს, ესეც მნიშვნელოვანია, ეს მხარე, ჩემთვის უკვე მშობლიური გახდა და მინდა, ტოლი არ დაუდოს საქართველოს სხვა მხარეებს, სადაც ტურიზმი უფრო განვითარებულია.
თვალი და გული საზღვარგარეთისკენ მიგვიწევს, მაშინ, როცა არანაკლებად მიმზიდველი ადგილებია საქართველოში.

ლალი ფაცია
ლუხო
20 აგვისტო 2017 21:07
გალში, მთის ძირას (ო!!!--ვარა!)

გალში მთის ძირას, ფშაველას ქუჩაზე, სახლი მქონდა და ბუნების საუფლო,
მე ახლაც იქა ვარ ფიქრებით წასული, მათ ვეალერსები და მათთან ვსაუბრობ.
ვაშლი და ატამი, ფეიხო, ლიმონი, ფოთლებზე ცვარ-ნამით, ყვავილში მირონით.
გურული, მესხური, კახური, მეგრული, სუყველა ნარჩევი, სუყველა მეფური.
რამდენი ჯიში და რამდენი სხვაობა,შაშვების ჭახჭახი, ბულბულთა გალობა,
ზღარბის და თხუნელას ფუსფუსი, ფაჩუნი, ბაყაყთა ყიყინი, თევზების დგაფუნი,
-თუმც ყველა არსებას, რაც ქვეყნად შობილა, ბუნების ნახელავს თავს ვუხრი მორჩილად,
მე მაინც, მე მაინც ლიმონი მაოცებს, თავისი სრულყოფით ჩამოჰგავს სამოთხეს,
თეთრი ყვავილები მიცქერენ იისფრად, ნაყოფებს ღებავენ მწვანედ და იისფრად.
აპრილი, აგვისტო, როგორც საოცრება, კვირტად და ნაყოფად ერთად ჩამოსხდება,
ალბათ, სამოთხის და ედემის დასტურად, უფალმა ოთხი დრო აჩუქა საგზურად.
. . .მეც აგურს აგური დავადე, ვაწებე, კიბე მიუხატე, ვაშენე კედლები,
ვფიქრობდი ვიცხოვრებ მშვიდად და მოლხენით, როცა მოვხუცდები, როცა დავბერდები.
თაღებში მოვქარგე ფაქიზი ჩუქურთმა, რომ მოსწონებოდა ძმასა და მეგობარს,
კარებს არ ვკეტავდი და სტუმრის შემოსვლა, რჩეულთა ხვედრი და წყალობა მეგონა.
. . . ახლა იქ საშიში, დამრეცი გზებია, ეზო და ჭიშკარი ეკალმა აიკლო,
გამაგდეს, წამართვეს რაც მიშენებია, მტერმა და მოყვარემ შუაზე გაიყო.
. . . -ნუთუ არასოდეს ითქმება სიმართლე, აი რა მაფიქრებს, აი რა მადარდებს,
იქ, ღმერთის წინაშე, წინაპართ წინაშე, ან აქ რა ვიღონო, ან რა მოვიგონო,
რა ვუთხრა, რა ვუთხრა, რა ვუთხრა
მომავალ, მომავალ, მომავალ პატარებს!
1993 წ.
ტოტო
12 აგვისტო 2017 22:06
ძალიან კარგია,გააგრძელეთ მანდ მუშაობა...
ელენე
11 აგვისტო 2017 15:31
მეც ძალიან ძალიან მინდა, მაგრამ არც ახლა და არც მაშინ არ მქონდა საშუალება

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები