ზოლიანი "მსუქანას" ქართული ჯიშები - კვირის პალიტრა

ზოლიანი "მსუქანას" ქართული ჯიშები

საქართველოში საზამთრო პოპულარული ხილი იყო უკვე XII საუკუნეში და მას მელსაპონენს, აგრეთვე, ყარფუზსა (აღმოსავლეთში) და ხაბურზაკს (დასავლეთში) უწოდებდნენ

"მუხიანური და კახური საზამთროები მოიძია და აღმოაჩინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა. რაც შეეხება სოხუმურ საზამთროს, არის საშიშროება, რომ დაიკარგოს"

საზამთროს სამშობლოდ სამხრეთი აფრიკა და მის ჩრდილოეთით მშრალი ტროპიკული კლიმატის მხარე ითვლება. ვარაუდობენ, რომ მისი მოყვანა ძველმა ეგვიპტელებმა დაიწყეს. ამ მცენარის თესლი აღმოჩენილია ეგვიპტის ფარაონთა სამარხებშიც. ეგვიპტიდან საზამთროს კულტურა პალესტინაში გავრცელებულა. ახ. წ. პირველ ათასწლეულში რომაელები უკვე ფართოდ მოიხმარდნენ ამ ბაღჩეულ კულტურას და მისგან გემრიელ ბადაგსაც ამზადებდნენ. საქართველოში საზამთრო პოპულარული ხილი იყო უკვე XII საუკუნეში და მას მელსაპონენს, აგრეთვე, ყარფუზსა (აღმოსავლეთში) და ხაბურზაკს (დასავლეთში) უწოდებდნენ.

დღეს საზამთრო გავრცელებულია კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და აფხაზეთში. არსებობს საზამთროს ადგილობრივი, ქართული ჯიშები. მათ შესახებ მოგვითხრობს ნატო კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი:

- საზამთროს ჯიშები საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. ქართული ჯიშებიც დიდი ხნის სელექციის შედეგად არის შექმნილი. ისინი საუკეთესოდ ეგუება ჩვენი ქვეყნის კლიმატურ პირობებს და სხვა ჯიშებთან შედარებით მაქსიმალურ შედეგს ავლენს. მათი სახელებია: მუხიანური, კახური და სოხუმური. ეს მივიწყებული და გადაშენების პირას მისული ჯიშებია. საბედნიეროდ, მუხიანური და კახური საზამთრო ჩვენმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მოიძია და აღმოაჩინა. რაც შეეხება სოხუმურ საზამთროს, არის საშიშროება, რომ ის დაიკარგოს.

- დიდი ხანია, რაც ქართულ ჯიშებს ეძებთ?

- სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2014 წელს დაფუძნდა, თუმცა, ამ ჯიშების მოძიებას 14-15 წელიწადი მოვანდომეთ. ძიება კვლავაც გრძელდება. არა მარტო საზამთროს, არამედ სხვა მცენარეებსაც ვიკვლევთ, დაკარგული კულტურების მოძიება-აღდგენას ჩვენს უმთავრეს მოვალეობად მივიჩნევთ.

- სადაური ჯიშია მუხიანური?

- იმერული. ის დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს რაიონში, სოფელ მუხიანშია გამოყვანილი. მუხიანური თავის საუკეთესო თვისებებს დასავლეთ საქართველოში ამჟღავნებს. მას საუკეთესო გემო აქვს. ნაყოფი საშუალო სიდიდის არის, მრგვალი, კანის ფერი მწვანეა, ხოლო რბილობი - მუქი ვარდისფერი, ტკბილი და წყლიანი. ეს ჯიში დაკარგული იყო, ჩვენ ის მუხიანში, მისი ადგილწარმოშობის ადგილას მოვიძიეთ და ამჟამად მის გამრავლებაზე ვმუშაობთ. მუხიანი კარგად ეგუება ჩვენს პირობებს, გემრიელიც არის და კარგი მოსავლიანობაც აქვს - 20-25 ტონა ჰექტარზე.

- კახური ჯიშის საზამთროს რა თვისებები გამოარჩევს?

- კახური ჯიშის საზამთრო, ძირითადად, კახეთსა და ქვემო ქართლშია გავრცელებული. მისი ორი ფორმა არსებობს: მრგვალი და მოგრძო. ამ ჯიშის საზამთროს ნაყოფი მსხვილია, ხოლო ქერქი - მუქი მწვანე. იმდენად მუქია, რომ ზოგჯერ მოლურჯო ელფერიც დაჰკრავს. კახური ჯიშის საზამთროს ნაყოფი ტკბილია და ხანგრძლივად ინახება. ეს ჯიშიც ისეთივე გემრიელია, როგორიც მუხიანური საზამთრო.

- სოხუმურ საზამთროზეც გვიამბეთ?

- ამ ჯიშის ადგილწარმოშობა დასავლეთ საქართველოში, სოხუმშია. ის შეჯვარებით არის მიღებული. სოხუმურის ნაყოფი მსხვილია, ხოლო ზედაპირი - მუქი მწვანე. რბილობი წითელია, ფხვიერი და ძლიერ ტკბილი. ეს უხვმოსავლიანი ჯიში დაავადებების მიმართაც გამძლეობით ხასიათდება. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია ამ ჯიშის შესახებ, რადგან აფხაზეთში ვერ შევდივართ. ამიტომ მისი აღდგენა ვერ მოვახერხეთ, ჩვენს ცენტრში მხოლოდ მუხიანური და კახური საზამთროს სათესლე მასალა გვაქვს.

- ფერმერებს თუ შეუძლიათ ამ მასალის მიღება?

- რა თქმა უნდა. ფერმერები რეკავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ჩვენს სამეცნიერო ცენტრს უკავშირდებიან. ჩვენ მათ კომპეტენტურ ინფორმაციას ვაწვდით ამ ჯიშებზე. გვაქვს გენეტიკური რესურსების ბანკი, სადაც სათესლე მასალას ვინახავთ და მსურველებს ვატანთ.

- რას ურჩევდით ფერმერებს, რომლებიც საზამთროს ქართული ჯიშების მოშენებას გადაწყვეტენ?

- საზამთრო სითბოს მოყვარული მცენარეა. გამოცდილმა ფერმერებმა კარგად იციან, რომ საზამთრო ყველაზე კარგად მსუბუქი შემადგენლობის, ფხვიერ ნიადაზე ხარობს. მძიმე ნიადაგი არ არის რეკომენდებული. ნაკვეთი, რომელზეც საზამთროს დათესვას აპირებთ, ღრმად უნდა დაამუშაოთ. საზამთროს ძალიან კარგ წინამორბედ კულტურებად არის მიჩნეული მცენარეები, რომლებიც მიწას აზოტით ამდიდრებენ, ასეთია პარკოსანი კულტურები. აგრეთვე კომბოსტო, პამიდორი, ბადრიჯანი. როგორც კი ნიადაგი შეშრება, დაფარცხვას საჭიროებს, თუ სარეველებმა წამოყვეს თავი, განმეორებით დაფარცხვა-კულტივაციაა საჭირო. რაც შეეხება მორწყვას, ეს ცალკე თემაა, რადგან გლეხები მორწყვის დროს შეცდომებს უშვებენ. მორწყვის სიხშირე და რაოდენობა დამოკიდებულია ამინდზე, ნიადაგის თვისებებსა და მისი გამოშრობის ხარისხზე. საერთოდ, ნიადაგის ჭარბად მორწყვა არ არის მიზანშეწონილი. მორწყვას წყვეტენ სიმწიფის ფაზაში შესვლის დროს, რადგან ამ პერიოდში ზედმეტი ტენი შაქრიანობას ამცირებს. კარგია, თუ ჩვენი ფერმერები ნაკვეთებს წვეთოვანი მორწყვის სისტემაზე გადაიყვანენ, რადგან, ჯერ ერთი, ამ დროს წყლის ხარჯი ნაკლებია და მცენარესაც ზუსტად იმ რაოდენობის წყალი მიეწოდება, რაც ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება.

მორწყვის გარდა, აუცილებელია დაავადებებსა და მავნებლებთან ბრძოლა, ნიადაგის გაფხვიერება... მოსავლის აღების დროს ყურადღება უნდა მიექცეს საზამთროს ფერს. იგი უნდა იყოს ბზინვარე, ხოლო ყუნწი - ოდნავ მომჭკნარი. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს აღების დროს, რადგან პროდუქტის ხარისხი უარესდება როგორც ადრეული, ისე დაგვიანებული აღებისას.

- ამბობენ, რომ საზამთროს დიდი რაოდენობით ნიტრატები აქვს. როგორ შევარჩიოთ უვნებელი საზამთრო?

- ვიზუალურად ამის დადგენა შეუძლებელია. ამიტომ არ უნდა შეიძინოთ ნაადრევად მოწეული საზამთრო. პამიდორს ამწიფებენ ხელოვნურად და საზამთროს, მით უმეტეს. თუმცა, აგვისტოში ეს ხილი უკვე კახეთიდან შემოდის და შეგიძლიათ თამამად იყიდოთ: გლეხების მოწეული საზამთრო საშიში არ არის.

ხათუნა ჩიგოგიძე