ბრიუსელის მინიატიურული კომბოსტო - კვირის პალიტრა

ბრიუსელის მინიატიურული კომბოსტო

ბრიუსელის კომბოსტო მრავალ ქვეყანაში პოპულარული ბოსტნეული კულტურაა. ეს ჯიში ბელგიელმა სელექციონერებმა გამოიყვანეს, ბელგიიდან კი საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში გავრცელდა. მისგან უამრავ გემრიელ და სასარგებლო კერძს ამზადებენ, ძალიან გემრიელია ბრინჯთან, წვნიანში და ცალკე შემწვარიც.

მეცნიერების მტკიცებით, ბრიუსელის კომბოსტო ნამდვილი სუპერპროდუქტია. ის მდიდარია უჯრედისით, მარგანეცით, კალიუმით და В ჯგუფის ვიტამინებით. მასში არსებული ანტიოქსიდანტები და სხვა ფიტოქიმიური ნივთიერებები წარმატებით ებრძვის ქრონიკულ დაავადებებს. გარდა ამისა, ბრიუსელის კომბოსტო ანადგურებს კიბოსწინარე უჯრედებს და ორგანიზმს იცავს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისაგან.

ამჟამად ეს მცენარე დიდი რაოდენობით მოჰყავთ აშშ-ში, კანადასა და ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით - დიდ ბრიტანეთში.

გვესაუბრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგრონომი ილია მჭედლიძე.

- ბრიუსელის კომბოსტო ევროპაში პოპულარული მცენარეა. ის არაერთ ქვეყანაში მოჰყავთ. იყენებენ კულინარიაში როგორც ნედლი სახით, ასევე სპეციალური დამუშავების შემდეგაც. ბელგიელმა მეცნიერებმა ბრიუსელის კომბოსტოს კულტივირება XIX საუკუნეში დაიწყეს, XX საუკუნიდან კი ის მთელ ევროპაში გავრცელდა.

- საქართველოში თუ მოჰყავთ ბრიუსელის კომბოსტო?

- იშვიათად, ძირითადად, მოყვარულებს, ვინც ევროპაშია ნამყოფი და ამ მცენარის ფასი იცის. ბრიუსელის კომბოსტო კარგად ხარობს საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ჩვეულებრივი კომბოსტო მოჰყავთ, მაგალითად, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

- რა განასხვავებს ბრიუსელის კომბოსტოს ჩვეულებრივი კომბოსტოსგან?

- ესეც ჩვეულებრივი კომბოსტოა, ოღონდ მინიატიურული ზომისა - მისი ნაყოფი 8-17 გრამს იწონის. შემადგენლობით ბრიუსელის კომბოსტო ყვავილოვან კომბოსტოსთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩვეულებრივთან. კომბოსტოს ეს სახეობა შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს: დიდი რაოდენობით კალციუმს, ფოსფორსა და იოდს, ასევე, ვიტამინებს, თავისუფალ ამინომჟავებსა და ფერმენტებს, რის გამოც მისგან არაერთ სასარგებლო კერძს ამზადებენ.

- როგორ უნდა გაახარონ ეს მცენარე ფერმერებმა და მოყვარულებმა?

- ბრიუსელის კომბოსტო სინათლის მოყვარული მცენარეა, ამავე დროს, კარგად იტანს ყინვას -10 გრადუსამდე. კარგად ხარობს ნორმალურ, ნაყოფიერ ნიადაგებზე, ოღონდ კარგად განათებულ ადგილებში. ბრიუსელის კომბოსტო მზის მოყვარული მცენარეა. თუ ჩრდილში დავრგავთ, მოსავალი დაიგვიანებს, ისე კი, ადვილი მოსაყვანია. უმეტესად, ჩითილებით ახარებენ, ოღონდ ეს ჩითილები ნოყიერ ნიადაგზე უნდა გადავრგოთ და მათ შორის 60-70 სანტიმეტრი უნდა იყოს. ტერიტორიაზე, სადაც ბრიუსელის კომბოსტოს დავრგავთ, წყალი არ უნდა დგებოდეს.

- მისი ჩითილები სად გამოჰყავთ?

- ჩითილები უმჯობესია მათთვის განკუთვნილ სპეციალურ კასეტებში გამოვიყვანოთ, რომ ფესვთა სისტემა არ დაუზიანდეს. ჩითილის მისაღებად ბრიუსელის კომბოსტოს თესლი მარტის ბოლოს ან აპრილის თვეში უნდა დავთესოთ. ოპტიმალურ პირობებში მცენარე 3-4 დღეში გაღივდება, 30-35 დღის შემდეგ კი ჩითილი უკვე მზად არის გადასარგავად. ჩითილის გადარგვის საუკეთესო პერიოდი აპრილ-მაისშია. ვეგეტაცია დიდხანს მიმდინარეობს - 120-130 დღე მაინც.

- რა პირობებია საჭირო, რომ ვეგეტაციის პერიოდი წარმატებით დასრულდეს?

- კომბოსტოს ეს სახეობა ყინვაგამძლეა, შესაბამისად, სიცხე არ უყვარს. ვერ იტანს ნიადაგში წყლის ჩადგომას, ვერც მის ზედმეტად გამოშრობას. არ არის რეკომენდებული ერთსა და იმავე ადგილას ჩითილების განმეორებით დარგვაც: შუალედი ორწლიანი მაინც უნდა იყოს, სასურველია უფრო მეტიც. იმ ადგილას, სადაც ბრიუსელის კომბოსტო მოჰყავთ, მეორე წელს სხვა კულტურებს რგავენ, რომ ნიადაგმა რამდენიმე წლით დაისვენოს.

ნაკვეთს ბრიუსელის კომბოსტოს დასარგავად შემოდგომაზე ამზადებენ: ხნავენ, შეაქვთ მინერალური სასუქი და ნიადაგის მჟავიანობას არეგულირებენ. სასურველია, თუ ნერგებს აზოტიანი სასუქითაც გამოვკვებავთ ერთხელ ან ორჯერ, რომ მავნებლებმა და მწერებმა არ დააზიანონ.

- სად შეიძლება თესლის შეძენა?

- ვინაიდან ბრიუსელის კომბოსტოს თესლს მაინცდამაინც არ ითხოვენ, ის საქართველოში იშვიათად შემოდის, თუმცა ამ საქმეში ფერმერებს ინტერნეტი დაეხმარება: არსებობს ვებგვერდი, საიდანაც მისი გამოწერა შეიძლება.

- მოსავლიანობა როგორია და რა პირობებში უნდა შევინახოთ ნაყოფი?

- ბრიუსელის კომბოსტო მაღალი მოსავლიანობით არ გამოირჩევა: 1 ჰექტარზე შეიძლება მივიღოთ 8 ტონიდან 12-15 ტონამდე მოსავალი - ეს დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, მოვლასა და სხვა ფაქტორებზე. რაც შეეხება შენახვას, ბრიუსელის კომბოსტოს შესანახავად თავდაპირველად ე.წ. შოკურ გაყინვას მიმართავენ ანუ -40 გრადუსზე ინახავენ, მერე კი -20 გრადუსზეც კარგად ინახება. მართალია, საქართველოში ბრიუსელის კომბოსტოს კომერციული დანიშნულება ჯერჯერობით არა აქვს, მაგრამ ის თანდათან ჩვენთანაც პოპულარული ხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე