რა აკავშირებდა იოსებ სტალინს სოფელ ოყურეშთან - კვირის პალიტრა

რა აკავშირებდა იოსებ სტალინს სოფელ ოყურეშთან

"სტალინის ქვევრი დღესაც გვაქვს შენახული. ამ ქვევრს წლების მერეც ვიყენებდით, მაგრამ ბოლო დროს - აღარ. ბევრი ღვინო არ გვაქვს და აღარ ვაწუხებთ

ქვევრს"

ლეჩხუმი, უსახელოურის სამშობლო, სოფელი ოყურეში... აქ ვაზზე შეყვარებული ერთი საინტერესო ხელოვანი ცხოვრობს. 81 წლის კიაზო არჯევანიძე 24 წლის წინ დაუბრუნდა მამაპაპისეულ კერას და დღემდე აქტიური ცხოვრებითა და მევენახეობით იფერადებს ცხოვრებას. მის ულამაზეს ეზო-ყურეს საუკუნე-ნახევრის უნიკალური ორსართულიანი სახლი, მისივე ასაკის მარანი და ბეღელი ამშვენებს. მარანში იოსებ ჯუღაშვილის სახელობის ქვევრია შემონახული, რომელშიც ბელადისთვის საგანგებოდ დაყენებული ღვინო ინახებოდა. დღე არ გავა, კიაზო ბაბუ მარანში არ შევიდეს და ტრადიციულად არ ილოცოს, ვენახში შესვლისას კი, ყველა ჯერზე ვაზებს მოლაციცე მოხუცი "შენ ხარ ვენახის" საგალობელს ღიღინებს.

კიაზო არჯევანიძე:

- 24 წელია, მშობლიურ სოფელში დავბრუნდი. მალე 81 წლის გავხდები... ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში დავიბადე. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი დავასრულე, მაქვს მსახიობისა და რეჟისორის დიპლომი, შემდეგ თეატრის ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. სახალხო თეატრებში რეჟისორად ვმუშაობდი, ბოლოს რუსთავის თოჯინების თეატრში დამდგმელი რეჟისორი ვიყავი. ბევრ სპექტაკლში მითამაშია. ცაგერში 15 წელი კულტურის სახლის დირექტორი და თეატრალური კოლექტივების ხელმძღვანელი ვიყავი.

ახლა ძველებური ომახიანი ხმა აღარ მაქვს, თუმცა იხტიბარს არ ვიტეხ და საღამოებზე ლექსებსა და ფელეტონებს მაინც ვკითხულობ.

- რატომ გადაწყვიტეთ ლეჩხუმში დაბრუნება?

- არავინ იყო სახლ-კარის მიმხედავი, პენსიაზე გავდიოდი და მოვინდომე, სოფლისთვის და მამაპაპისეული კარ-მიდამოსთვის მიმეხედა. ხელი მოვკიდე მეურნეობას, არც თეატრსა და აქტიურ ცხოვრებას მოვწყდი - სოფელში დასი ჩამოვაყალიბე, დავდგი "დარისპანის გასაჭირი" (დარისპანს რუსთავშიც და აქაც მე ვთამაშობდი), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" - ჩემი საყვარელი პიესაა, კოსტაიას როლს ვთამაშობდი.

ოყურეშში 400 კომლიდან 150 ოჯახიღა დარჩა. ორი ვაჟი მყავს, მეუღლე პროფესიით აგრონომია.

ეზოში 150 წლის უსახელოური მაქვს. ამ უნიკალურ ჯიშს საქართველოში ბადალი არ ჰყავს. ხვანჭკარის ღვინის ჯიშებს აქებენ, მაგრამ უსახელოური მათზე უკეთესი და ძლიერი გამოდგა. მას 28-29-გრადუსიანი შაქრიანობა აქვს, სასიამოვნო სასმელია და ადვილად ათრობს.

დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილის, სალომეს მეუღლე, ფრანგი აშილ მიურატი სოფელ გორდში ცხოვრობდა. ცნობილი ღვინის მწარმოებელი იყო და საფრანგეთიდან ვაზის ჯიშებიც ჩამოიტანა. დადიანების მოურავებს - მანდარიებს, ბატონთან უთანხმოება მოსვლიათ და წამოსულან სოფელ ოყურეშში. თურმე გორდიდან ხელს გამოაყოლეს ვაზის ჯიში. ეს დადიანებს რომ არ გაეგოთ, მას უსახელოური დაარქვეს. ასე გავრცელდა ეს ყურძნის ჯიში ლეჩხუმში.

- როგორც გავიგეთ, სტალინი სწორედ თქვენს ღვინოს სვამდა და სტუმრებთანაც თავს იწონებდა. როგორ გაიგო მან თქვენი ღვინის ამბავი?

- ბაბუაჩემი სოლომონ არჯევანიძე, სუფთა უსახელოურს აყენებდა.

ოჯახში საგანგებოდ სტალინისთვის გვქონია ჭური, რომელიც ხელშეუხებელი იყო. ცაგერიდან მოდიოდა მილიცია, ქვევრს მოხდიდნენ, ღვინოს ჯერ დედაჩემს გაასინჯებდნენ, მერე დალუქული ღვინიანი კასრებით ურმებს დატვირთავდნენ, წაიღებდნენ ცაგერში, იქიდან - ქუთაისში, ქუთაისიდან - თბილისში და თბილისიდან მოსკოვში მიდიოდა.

ამ ღვინის ამბავი სტალინს ასე შეუტყვია: ბიცოლა მყავდა ხონის რაიონის სოფელ მათხოჯიდან, მელაძის ქალი. ბაბუაჩემს ხონში დაჰქონდა გასაყიდად უსახელოური. ერთხელ, მათხოჯში, რვაკლასიანი სკოლის გახსნაზე მოსკოვიდან სკკპ უმაღლესი საბჭოს წევრი მიხეილ კალინინი ჩამოსულა. ბიცოლაჩემის ოჯახში სტუმრად მიუწვევიათ. მასთან ერთად ყოფილან ბიცოლას ნათესავები - აკადემიკოს შოთა ძიძიგურის მამა ვარლამი, მისი ვაჟი, აკაკი ძიძიგური და სხვები. კალინინს ამ სუფრაზე გაუსინჯავს ბაბუას უსახელოური, მოსწონებია და რამდენიმე ლიტრი სტალინისთვის წაუღია. სტალინს დაუჭაშნიკებია, მოსწონებია, დაინტერესებულა და მის შესახებ ყველაფერი გამოუძიებია. მას შემდეგ ჩვენს ვენახში ვაზის ყველა ძირს შებმული ჰქონდა ჟეტონის ნომრები, რომ ვინმეს არ გაენადგურებინა. შემდეგ დაიწყო კრემლში ამ ღვინის გაგზავნა.

იმხანად სტალინის როლს თამაშობდა მსახიობი მიხეილ გელოვანი, ლეჩხუმელი კაცი. სტალინს ის კუნცევოში მიუწვევია, პურმარილი გაუშლია და უთქვამს, - მიშა, შენი მიწის ღვინო უნდა გაგასინჯოო. მიშას გაჰკვირვებია, დაულევიათ და უსიამოვნებიათ. სტალინისთვის ოყურეშიდან უსახელოური, ბაბუას გარდა, კარლო ყურაშვილის ოჯახიდანაც მიჰქონდათ. სტალინი თურმე ქართული ჯიშებიდან მხოლოდ ამ ღვინოს შეექცეოდა. უფასოდ არ მიჰქონდა, ფულს იხდიდა, ლიტრს 2-3 მანეთად იძენდა, ანუ საბაზრო ფასს. სტალინის ქვევრი დღესაც გვაქვს შენახული. ამ ქვევრს წლების მერეც ვიყენებდით, მაგრამ ბოლო დროს - აღარ. ბევრი ღვინო არ გვაქვს და აღარ ვაწუხებთ ქვევრს.

ჩვენი ღვინო გასინჯული აქვს რუზველტს, ჩერჩილსა და ყველა ქვეყნის მეთაურს. ბაბუას ღვინო ხონშიც მიჰქონდათ - ხონი იყო ძირითადი ბაზარი. ხონის რაიონის სოფელ ნოღიდან ამოდიოდა ათამდე ჩალანდარი (ჩალვადარი), თითო ცხენს 6-6 ფუთ ღვინოს აჰკიდებდნენ ტიკებით. ჩაიტანდნენ ხონში და ბაზარზე ლიტრს 3 მანეთად ყიდდნენ.

- ახლაც მისდევთ მევენახეობას?

- როცა რუსთავიდან ჩამოვედი, 250 ძირი ვაზი გავაშენე. უსახელოური ხარობს ოყურეშში, ზუბში, ოფიტარაში, ისუნდერსა და მახულაში. სამწუხაროდ, დღეს ზოგმა გააფუჭა - ღვინო ბევრი რომ გამოუვიდეთ, მისი გაკეთება დაიწყეს.

ოყურეში მეღვინეთა და მომლხენ-მსმელთა სოფელია. ერთხელ ცაგერში ბუდუ მდივანი (ქართველი ბოლშევიკების ლიდერი) ჩამოსულა, უზარმაზარი ცაცხვის ძირას გაუშლიათ სუფრა, უმღერიათ ლეჩხუმული სუფრული: "ლაჭები და ოფიტარა, გოგომ ღვინო მოგვიტანა, დაგვისხა, დაგვალევინა, გუნებაზე მოგვიყვანა". ბუდუ მდივანს ყანწი აუღია და ექსპრომტად მეორე სტროფი მიუმატებია: "როგორც ბორჯომს ვერ სჯობია, ვერც კოჯორი, ვერც ბახმარო, ღვინის სმაში ვერ მაჯობებ, ოყურეშიც მოიხმარო". ცნობილ მოლექსე კოწია ახვლედიანს დაუსრულებია: "ვინც რომ ღვინის მსმელი არის, თავი მისი ვის უქია, ღვინით სავსე ყანწში ჩაგსვამ, გადაგყლაპავ უსუნთქია". ასე დამკვიდრდა ლეჩხუმში ეს სამსტროფიანი სუფრული.

- რას ნიშნავს თქვენთვის ვაზი, ვენახი, ღვინო?

- ძალიან მიყვარს ვენახი, იქ შესვლისას ვაზის ყველა ძირს ვეფერები და "შენ ხარ ვენახს" ვუგალობ. უსახელოურის მარანში შესვლისას ვლოცულობთ, ღმერთს ბარაქას, ვაზის, საქონლის, ვაჟკაცებისა და ქალების სიმრავლეს შევთხოვთ. ეს წესი ძველთაგან მოგვდგამს. მარანში კილოცვის წაკითხვა ახალ წელს არის აუცილებელი.

- რამდენ ლიტრს ღვინოს იძლევა თქვენი ვენახი?

- უსახელოურის ბევრის დალევა არ შეიძლება. დღეში 2-3 ჭიქა წამალია. კაცები ამ ღვინით როცა დათვრებოდნენ, აზიურებს ვერ იხდიდნენ - პუდრი უნდა ჩაეყარათ, წვალობდნენ, ვენები და ძარღვები ებერებოდათ... ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 ლიტრ ღვინოს ვაყენებ, ბევრი არ არის, მაგრამ სტუმრისთვის და საჩუქრად მყოფნის.

- უნიკალური სახლი და მარანი გაქვთ...

- ჩვენი ორსართულიანი სახლი ნაშენია თელის, წაბლის, მუხის, ცაცხვის ხის მასალით. სახლი, ბეღელი და მარანიც თითქმის ერთი ხნისაა - 150 წლის. სახლს განსაკუთრებული ჩუქურთმები აქვს, ზოგიერთ დეტალს ანალოგი არსად არ მოეძებნება. ბაბუამ საკუთარი ხელით გააკეთა ყველაფერი. ამას წინათ ოჯახში აღმოვაჩინეთ ძროხის საწველი ხის მრგვალი ჭურჭელი - ნიგა, რამაც მე და ჩემი მეუღლე ეთერი ძალიან გაგვახარა. ეს ჭურჭელი რძეს აკეთილშობილებს და კარგ გემოს აძლევს. სამი ბუხარი გვაქვს - ორი მეორე, ერთი პირველ სართულზე, სიძველით ჩამოინგრა, შეკეთებაში მთავრობა უნდა დაგვხმარებოდა, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. სახლს კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს და გვითხრეს, რესტავრაცია-შეკეთება ძეგლთა დაცვის პრეროგატივააო. 2-3 წლის წინ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმიდან იყვნენ მოსული, სახლის მდგრადობა შეამოწმეს, დარწმუნდნენ, ყველაფერი ხელუხლებელი და პირვანდელი სახით რომ იყო, მასალებიც შეამოწმეს, ნახაზები და ნახატები გააკეთეს, აღფრთოვანებული დარჩნენ, თუმცა რესტავრაციაში არავინ გვეხმარება.

- თქვენი საყვარელი სადღეგრძელოთი ხომ არ დაგვესრულებინა საუბარი?

- ქართველებს პირველი სადღეგრძელო უფლის გვაქვს. აქამდე ხომ ღმერთის წყალობით და ლოცვა-ვედრებით ვართ... გამთლიანებულ და დამოუკიდებელ საქართველოს მოგასწროთ ღმერთმა!

ნანა ფიცხელაური