კაკბების ფერმა არაკომერციული მიზნისთვის - კვირის პალიტრა

კაკბების ფერმა არაკომერციული მიზნისთვის

"კაკაბს არც დასაკლავად გავყიდი და არც გავაჩუქებ"

ლერი პატაშვილს თელავის სოფელ ნაფარეულში კაკბების გუნდი ჰყავს. პატარა ფერმაში ჯერჯერობით ას ორმოცდაათი ფრთა კაკაბია. მათი პოპულარიზაციისთვის კი დამწყებ მეურნეს საინტერესო გეგმები აქვს.

- რამდენიმე წლის წინ დედაქალაქში, ინკუბატორში, მე და ჩემი ბიძაშვილი მწყრის, ხოხბისა და კაკბის კვერცხებს წავაწყდით. სოფელში მათ მოსაშენებლად ყველა პირობა გვქონდა და ბევრი აღარც გვიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ მწყრისა და ხოხბის ოჯახებიც მრავლადაა, ჩვენს ფერმაში კაკბის გამრავლება ვარჩიეთ.

კაკაბს მოხდენილი აღნაგობა და დამყოლი ხასიათი აქვს. სუფთა ფრინველია. ძალიან უხდება ბუნებაში ჩაფლულ კარ-მიდამოს. კაკბის ბარტყის გამოჩეკას 24 დღე სჭირდება. ვცდილობ, რაოდენობის ზრდასთან ერთად, ბარტყები ბუნებრივად, დედის მეშვეობითა და მეთვალყურეობით გამოიჩეკონ და გაიზარდონ. ბარტყი გამოჩეკიდან რამდენიმე საათში დარბის და ჭამს. სამი თვისა უკვე ზრდასრულია. იკვებება მარცვლეულით - სიმინდით, ქერითა და ხორბლით.

ერთი ფრთა კაკაბი 10 ლარად იყიდება, სანამ ვინმეს გავატან, ვეკითხები, რისთვის უნდა. ვყიდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საყოლიებლად სურთ და არა დასაკლავად,

მისი ხორცი გემრიელი და უვნებელია და იმედია, არ მატყუებენ, როცა ჩვენგან კაკაბი მიჰყავთ. კაკაბს დასაკლავად არც გავყიდი და არც გავაჩუქებ.

კაკაბს წამალი და აცრა არ სჭირდება, სასურველია, წიწილებს პრემიქსში არეული სპეციალური ხსნარი მივცეთ, რომელიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. კარგი იქნება, ხანდახან კირს თუ დავუყრით.

ყოველდღიურად ვაკვირდები, როგორ ეჩვევიან შინაურ პირობებს. ისინი მონოგამიურები არიან, ველურ გარემოში სხვანაირად იქცევიან. მარტის დასაწყისში წყვილდებიან, ბუდობენ ბუჩქნარის ახლოს, მიწაში, ბუმბულითა და ფოთლებით ათბუნებენ პატარა ორმოებს.

ჩვენი პირველი ბინადრები სასათბურე პირობებით გამოვიყვანეთ, დღევანდელი გუნდი ჩინეთში გამოყვანილი ევროპული კაკბის შთამომავალია. ამიტომ მათთვის აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თავს ბუნებრივად იგრძნობენ და ყველა სასარგებლო თვისებას სრულად გამოავლენენ. მომავალში ეზოს მიმდებარედ გადმოვიტანთ მათ საცხოვრისს, მინდა, წვრილი ლითონის ბადით შემოვფარგლო და გადავხურო. მოვაწყო გუბურები და ნაკადულები.

დიდი სურვილი მქონდა თავისუფლებაც კი მეჩუქებინა მათთვის, მაინტერესებდა, მიმატოვებდნენ თუ არა - მე ხომ თითოეული ხელზე მყავს გამოზრდილი, თან მალე ორ ოთახში აღარც დაეტევიან. მაგრამ გარდა იმისა, რომ მათზე ნადირობა აკრძალულია, ველურ გარემოში მათი გაშვებაც ჯარიმდება - ალბათ ბუნებრივ გადარჩევას ხელს უშლის.

კაკაბს ჩვენში გადაშენების საფრთხე შევუქმენით. აქამდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე, უფრო ადრე უნდა აკრძალულიყო მასზე ნადირობა. ჯარიმები ხომ პირდაპირ მიუთითებს, რომ ქართული ჯიში სავალალო მდგომარეობაშია.

ამის გამოც არის, რომ წყვილი დედალ-მამალი 100-150 ლარი ღირს. ფრინველის ცოცხალი წონა 600-700 გრამს აღწევს, გააჩნია პირობებს - როგორ და რას აჭმევ. ნაფარეულში ბევრს ჰყავს კაკაბი, მაგრამ ცოტ-ცოტა. პირადად მე სამომავლოდ ალბათ 1000 ფრთამდეც ავალ. მინდა, ყველა ოჯახში ვნახო გუნდ-გუნდად მოსეირნე ეს ლამაზი ფრინველი. ვაპირებ უძველესი ქართული ჯიშის მოძიებასაც, მაინტერესებს, რა განსხვავებაა კავკასიურსა და ევროპულს შორის, მსურს საუკეთესოთა შორის საუკეთესო ჯიში ამოვარჩიო და გავამრავლო.

კაკაბს მოხდენილი აღნაგობა და დამყოლი ხასიათი აქვს

ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, თავსა და ფრთებზე მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე გარდიგარდმო მუქი ზოლები დასდევს. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. კაკბის სხეულის წონა 350-700 გრამს აღწევს. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე. იკვებება მცენარის თესლით, ყლორტებით, კვირტებითა და მწერებით. არის სპორტული ნადირობის ობიექტი.

კახა მჭედლიშვილი