წითელი დოლის მოყვანა მისთვის პრესტიჟის საქმეა - კვირის პალიტრა

წითელი დოლის მოყვანა მისთვის პრესტიჟის საქმეა

"როცა გვაქვს ადგილობრივი, ჯანმრთელი ხორბალი, რატომ უნდა ვიყიდოთ სხვისი პური?"

29 წლის ნოდარ ლატიბაშვილის მოსმენისას აუცილებლად გაიფიქრებ, შესაძლებლობების სწორად გამოყენება რომ ვიცოდეთ, ფეხზე ყველანი დავდგებითო. ნოდარ ლატიბაშვილმა კი ეს შესაძლებლობები გამოიყენა და წარმატებაც მალე მოვიდა. თანაც მიწაზე შრომისას, რომელსაც ბევრი ემდურის, - მიწა ხშირად გვღალატობსო.

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ფერმერმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასეთი რამ დაწერა: "ერთ პიროვნებას უნდოდა 50 კილო წითელი დოლის (ქართული ხორბლის ჯიში) ფქვილი. წისქვილისთვის ეს ცოტაა და ამიტომ 400 კილო დავფქვი, ვიფიქრე, ნახევარს მე დავიტოვებ და ნახევარს გავყიდი-მეთქი. "ფეისბუქზე" დავდე პოსტი. ზუსტად ნახევარ საათში გაიყიდა. შეკვეთებიც მივიღე, ისე, რომ შეიძლება შემდეგში დასაფქვავიც აღარაფერი იყოს, თუ ასე გაგრძელდა".

ამის შემდეგ ნოდარს ჩვენც გამოვეხმაურეთ.

ნოდარ ლატიბაშვილი: - ბავშვობა ყვარელში მაქვს გატარებული, მერე თბილისში გადმოვსახლდით. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე. ერთხანს აგროდაზღვევის კომპანიაში ვიმუშავე. აქ მივხვდი, რომ ბევრი შეცდომა მოგვდის მიწაზე შრომისას. თუმცა იმასაც მივხვდი, რომ მიწის მოვლა-პატრონობით ბევრს მოიგებ. თბილისიდან ხშირად დავდიოდი ყვარელში, გზადაგზა ვხედავდი გაველურებულ, დაუმუშავებელ მიწის ნაკვეთებს. ვიფიქრე, ასეთ მიწას ვიყიდი ბიოწარმოებისთვის, მით უფრო, რომ აქ წლების წინათ შეტანილი ქიმიური სასუქის კვალიც აღარ იქნება-მეთქი.

მიწის დამუშავების ახალ ტექნოლოგიებს გავეცანი. მხოლოდ საკუთარი დანაზოგით ვიყიდე საგარეჯოს ახლოს 6 ჰექტარი მიწა, სადაც ნახევარ ჰექტარზე ვაზიც იყო შემორჩენილი, მიწას მივხედე, ვაზიც ფეხზე დავაყენე. ვენახი პირველ ეტაპზე შემეშველება, სულ მალე ახალი ზვრის ჩაყრას ვაპირებ. Dდანარჩენზე, 2-2 ჰექტარზე, წლეულს პირველად შვრია და ჩვენი, წითელი დოლის ჯიშის ხორბალი დავთესე.

- ბევრი ამბობს, ძველი ქართული ხორბლის ჯიშები აღარ ითესება და ჩვენივე პურით ვეღარ ვირჩენთ თავსო.

- მისი მოყვანა ჩემთვისაც პრესტიჟია, - როცა გვაქვს ადგილობრივი, ჯანმრთელი ხორბალი, რატომ უნდა ვიყიდოთ სხვისი პური? Uუპირველესად, ეს ჯიში ოჯახში მოსახმარებლად დავთესე. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დოლის პური გემრიელიცაა და არ შეიცავს ალერგიის გამომწვევ არანაირ ნივთიერებას. მისი დათესვა ღირდა, თუმცა ეს ჯიში დიდად მოსავლიანი არ არის.

- თქვენ რამდენი მიიღეთ?

- საშემოდგომოდ 500 კილოგრამი ხორბალი დავთესე, 2,5 ტონა მარცვალი მოვიწიე. შეიძლებოდა 5 ტონამდე მომეყვანა, თუ ქიმიური სასუქებით გავანოყიერებდი ნიადაგს. მე კი მხოლოდ ბუნებრივი მოვიხმარე. სარეველებთანაც არ მიბრძოლია. ბევრიც არ ყოფილა. ამას რომ ვამბობ, არ მიჯერებენ, არადა, მიწა ნასვენი იყო და სარეველას ხორბალმა აჯობა. ასე გაგრძელდება 4 წელიწადს. ახლა ხორბალი სხვა ნაკვეთზე უნდა დავთესო, მის ადგილას კი სხვა რომელიმე კულტურა, რომელიც ახალი ძალით შეებრძოლება სარეველას.

- თაგვებსაც არ ებრძვით? ისინი ხომ მთელ მოსავალს ანადგურებენ!

- რომ ვებრძოლო, ქიმიური წამალი უნდა ვიხმარო, ეს ხომ ხორბალში გადავა. ასე რომ, ვერაფერს ვაკლებ და ნებაზე მივუშვი, იმდენს ვერაფერს შეჭამენ, რომ დამაზიანონ. სამაგიეროდ, ბიოპროდუქტი შედარებით ძვირია.

- "ფეისბუქის" გვერდზე გახარებულმა დაწერეთ ხორბლის პირველი პარტიის გაყიდვისას - თუ ასე გაგრძელდა, მალე გასაყიდი ხორბალი აღარ მექნებაო.

- რასაც ვაკეთებდი, ყველაფერს "ფეისბუქზე" ვდებდი და ხალხი რწმუნდებოდა, რომ ნამდვილი ბიოპროდუქცია მომყავდა. ღვინოც ასევე გავყიდე. ისე, იქაც დავწერე, რომ ამ ეტაპზე საერთოდ არ ვგეგმავდი გაყიდვას. მინდოდა, პატარა წარმოება დამეწყო, თუმცა ღვინის ხაზის საყიდლად ფული არ მყოფნის და "დავთმე" - გავყიდე.

- შვრიაც ასე იყიდება?

- მასზე დიდი მოთხოვნილება არ არის. ეს ვიცოდი, მაგრამ მე შვრია სხვა მიზნისთვის დავთესე - გაისად იმ ადგილას, სადაც შვრია იყო, ვაზს ჩავყრი. ნამჯას მიწაში ჩავხნავ და ის ნიადაგს გაანოყიერებს. შვრიასაც ნელ-ნელა გავყიდი. აქამდე თბილისიდან დავდიოდი საგარეჯოში სამუშაოდ. ახლა ნამჯის სახლის აშენებას ვაპირებ ოჯახისთვის. საძირკველი უკვე გავჭერით.

- ეს სახლიც ხომ ეკოლოგიურია - ხის კედლებში ნამჯა იპრესება, თან სახლი იაფი, ლამაზი და კომფორტულია.

- ასეთი სახლი ჩემს მეგობრებს უკვე უდგათ. ორი შვილი მყავს. როცა ყველაფერს კარგად მოვაწყობ, ისინიც ნახავენ, შრომა როგორ უნდა და მიწაც შეუყვარდებათ.

ეთერ ერაძე