ბოლოკი - ბოსტნის სანიტარი
21-08-2017
ბოლოკი - ბოსტნის სანიტარი
"ბოლოკის ნერგი 5 სანტიმეტრი სიმაღლის მაინც უნდა იყოს. გაზაფხულზე, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში, ღია გრუნტში უკვე წამოზრდილი ნერგები გადააქვთ. კვლებს შორის მანძილი 15-20 სმ უნდა იყოს, ხოლო მცენარეებს შორის - 5-8 სმ"

ბოლოკი მრავალ ქვეყანაში ხარობს, თუმცა მის სამშობლოდ შუა აზიას მიიჩნევენ. ამ რეგიონის ქვეყნებში ის უძველესი დროიდან იყო ცნობილი. დიდი მოწონებით სარგებლობდა ეს მცენარე ძველ რომში, ეგვიპტეში, იაპონიასა და საბერძნეთში. გადმოცემის მიხედვით, ბოლოკი ძალიან ჰყვარებია პეტრე პირველს, რომელსაც
პირველად ამსტერდამში გაუსინჯავს და რუსეთში წამოუღია... საქართველოში ბოლოკი ბევრ ფერმერს მოჰყავს. როგორ, რა პირობებში უნდა გავახაროთ ეს კულტურა? - ამის შესახებ ფერმერი ნინა პეტროვა-ძნელაძე გვიამბობს.

- როგორი ნია
დაგი სჭირდება ბოლოკს, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ?

- ბოლოკი უპრეტენზიო მცენარეა და ჩვეულებრივ ნიადაგშიც კარგად ხარობს. ბიომეურნეობა მაქვს და ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნეული მომყავს, მიწის გასანოყიერებლად მხოლოდ ბიოლოგიურ სასუქებს ვიყენებ. ჩვეულებრივი, ნორმალური ნიადაგი შეიძლება კომპოსტით ან ნაკელითაც განოყიერდეს. სხვა, დამატებითი საკვების შეტანა ბოლოკს აღარ სჭირდება.
ზოგიერთი ფერმერი მიწაში თესავს მის თესლს და ამით საქმეს იადვილებს, მაგრამ ასეთ დროს დანაკარგი უფრო მეტია: ახალდათესილი მარცვლები შეიძლება ფრინველმა აკენკოს, ან მიწაში მავნებელმა შეჭამოს, ან სულაც მორწყვის დროს დაიკარგოს. ამას სჯობს, ბოლოკის ნერგები ტორფით განოყიერებულ კასეტებში გავახაროთ და უკვე წამოზრდილი გადავრგოთ ღია გრუნტში. სულ მცირე, თვე-ნახევარი მაინც სჭირდება, რომ ბოლოკის ნერგი წამოიზარდოს, ფესვი გამოიღოს და ფოთოლი მოისხას.

- დაახლოებით რამხელა უნდა იყოს ნერგი, რომ ღია გრუნტში გაიხაროს?
- ნერგი 5 სანტიმეტრი სიმაღლის მაინც უნდა იყოს. გაზაფხულზე, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში, ღია გრუნტში უკვე წამოზრდილი ნერგები გადააქვთ. კვლებს შორის მანძილი 15-20 სმ უნდა იყოს, ხოლო მცენარეებს შორის - 5-8 სმ. თუ გსურთ, რომ ბოლოკი და მისი მსგავსი კულტურები შემოდგომასა და ზამთარშიც გქონდეთ,
უმჯობესია, სათბურში გაახაროთ. ეს იოლია: მოამზადეთ ბოლოკის ახალ-ახალი პარტია ჩითილიან კასეტებში და როცა შეხედავთ, რომ მოსავალი ილევა, ახალი ნერგები დაამატეთ. თუ ასე მოიქცევით, ბოლოკი, სტაფილო და სხვა სასარგებლო მცენარეები არ მოგაკლდებათ.

- უკვე გადარგულ და წამოზრდილ ნერგებს მორწყვა რამდენჯერ სჭირდება?
- ბოლოკი ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ რეგულარული მორწყვა სჭირდება - დილა-საღამოს.
თუ სათბურში წვეთოვანი სისტემა გაქვთ, თქვენს ნარგავებს ისედაც ავტომატურად, დღეში ორჯერ მორწყავს. ბოლოკი არ არის ისეთი კულტურა, რომელსაც მიწის დასვენება, ან განსაკუთრებული კვება სჭირდება. ის არც დიდ მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს. ისე კი, ბოლოკი ფერმერების უმრავლესობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, რადგან საქართველოში ეს მცენარე კარგად ხარობს და მის გამო მთელი სათბურის მოცდენა ალბათ არ ღირს. ბოლოკი საგაზაფხულო კულტურაა, რომელსაც ბევრი ვიტამინი აქვს და ძალიან სასარგებლოა ზამთრის შემდეგ გამოფიტული ორგანიზმისთვის. ბოლოკს მწერები და მავნებლები ნაკლებად ეტანებიან: ის სანიტარივით არის, როგორც ნიორი ან მდოგვი. ბოლოკის ფოთლებით ამზადებენ ნიგვზიან ან ზეთიან ფხალს, მთლიან ბოლოკს ამწნილებენ კიდეც.

- თქვენს სათბურში ბოლოკის რამდენი სახეობა მოგყავთ?
- ჩვეულებრივი წითელი და თეთრი ბოლოკი მოგვყავს.
სეზონურად შავ ბოლოკსაც ვახარებთ, რომელიც უაღრესად სასარგებლოა. შავი ბოლოკი უფრო ღრმად ჩადის მიწაში და უფრო დიდხანს იზრდება. მას ანტისეპტიკური დანიშნულება აქვს და უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. გემოთი ჩვეულებრივ ბოლოკზე უფრო მწარეა. ჩვენ შავი ბოლოკი ოჯახისთვის მოგვყავს, რადგან ის საქართველოში არცთუ პოპულარულია, შესაბამისად, მისი სამეურნეო მნიშვნელობაც დაბალია.
შავ ბოლოკს ჩვეულებრივ ბოლოკზე მეტი მოვლა სჭირდება. თუ ჩვეულებრივი ბოლოკი 1,5-2 თვეში ხარობს, შავ ბოლოკს საამისოდ 4 თვე უნდა.

- ესე იგი, ბოლოკი საქართველოში არ არის კომერციულად მომგებიანი კულტურა?
- ჩემი აზრით, სათბურში ბოლოკის მოყვანა შემოდგომიდან გაზაფხულამდე უფრო მომგებიანია, ამ დროს შეიძლება ფასიც მეტი ჰქონდეს და მოთხოვნილებაც მასზე მეტი იყოს. სასურველია, ფოთლები მოვაჭრათ, რომ უფრო დიდხანს გაძლოს. ზამთარში მიწაშიც შეიძლება შევინახოთ, თუ ზემოდან გადავაფარებთ, მაგრამ როცა გამოშრება, აქტიურ მიკროელემენტებს კარგავს, ამიტომ ბოლოკის დიდხანს შენახვა არ ღირს.

შავი ბოლოკი

შავი ბოლოკი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. შავი ბოლოკი ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭების დაშლასაც უწყობს ხელს, წმენდს თირკმელებსა და სისხლძარღვებს. სასარგებლოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. შავი ბოლოკის გამოყენება რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც წონის დაკლება სურს.

ბოლოკის სალათი
საჭიროა:
500 გ საქონლის ხორცი, 5 ცალი კვერცხი, 4 თავი ბოლოკი, 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი, 1 კონა ქინძი, 1 ქილა მაიონეზი, 1 ჩ/კ ზეთი, მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
ბოლოკს გავხეხავთ და გავწურავთ. შევურევთ წვრილად დაჭრილ მოხარშულ საქონლის ხორცს, ვაშლის ძმარს, ზეთს, პილპილსა და წვრილად დაჭრილ ქინძს, დაკეპილ მოხარშულ კვერცხს და მაიონეზს მოვასხამთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა