რიგითი მცენარეების გადასარჩენად
28-08-2017
რიგითი მცენარეების გადასარჩენად
"დეკორაციების გაკეთებას დიდი დრო სჭირდება, ზოგჯერ ნერგი წლების განმავლობაში უნდა კრიჭო, რომ სასურველი ფორმა მიიღო"

"რომ ვფიქრობ, რა დღეშია ჩვენი ბუნება, არც მენერგემ უნდა დაისვენოს ნერგების გამოყვანით და არც ხალხმა დარგვით. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ ბუნების გადარჩენა გვინდა"

თორნიკე არევაძე სამიოდე წლის წინ გავიცანი, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ქართული ბზის განადგურება მასობრივად დაიწყო. მითხრეს, ლაგოდეხში, სოფელ მშვიდობიანში, ახალგაზრდა კაცს ბზის ნერგები გამოჰყავს და ხალხს ჩუქნის, რომ დარგონო. Dდავინტერესდი და
მართლაც ასე იყო, -26 წლის ბიჭი მხოლოდ ენთუზიაზმით აკეთებდა ამ კეთილ საქმეს. დღეს თორნიკე საუცხოო დეკორატორია, მცენარეებისგან მშვენიერ კომპოზიციებს ქმნის.

თორნიკე არევაძე: - ბზის გამოყვანა რომ დავიწყე, ჩემს მეგობრებს უნდა ვუმადლოდე, რომელთაც ჰოლანდიაში შეისწავლეს მცენარეთა დეკორატიული ხელოვნება და ნერგების გამოყვანა. ნახეს, როგორ გამოჰყავდათ იქ რაჭიდან
გაგზავნილი ფიჭვის თესლისგან ნერგები. მითხრეს, იქნებ ლაგოდეხში ვცადოთ ფიჭვის გამოყვანა, ძვირფასი ჯიშია, შენთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაცო. რაჭიდან ფიჭვის თესლი ჩამოვიტანე, აღმოვაცენე და სანერგეში გადავიტანე. თუმცა, მთის ფიჭვი ადგილობრივ ნიადაგს ვერ შეეგუა, ამიტომ ბზის გამოყვანა დავიწყე.
ბზის კალმის გამოყვანა გაცილებით იოლია და ნაკლებ დროსაც მოითხოვს, ვიდრე ფიჭვი. ისიც მახარებდა, რომ ბზის ნერგების გაჩუქება შემეძლო, - ხალხი მას დაზიანებული, მომაკვდავი ბზის ნაცვლად რგავდა. ამასობაში ჩემმა მეგობრებმა ბზის მავნებლის საწინააღმდეგო საშუალებაც შემოიტანეს.
დღეს ნახევრად გამხმარი ბზის გაცოცხლებაც კი ხერხდება.

- ამასობაში დეკორატორი გამხდარხართ.

- ასე გამოვიდა. პირველად მცენარეთა მომრგვალებით დავიწყე, მერე სპირალების გამოყვანაზე გადავედი. ძალიან ლამაზი გამოდის დეკორაციები, მათ შორის კვიდოს ან ცხრატყავასი. ორივე მცენარე ჩვენში ველურად ან ნახევრად ველურად იზრდება. ადრე ის სწორედ დეკორაციებისთვის გამოჰყავდათ, მათ შორის, ღობეებისთვის. ამ მცენარეების დეკორატიული ღობე ან გაზონი იმდენად ლამაზია, რომ თვალს ვერ მოსწყვეტ. იგივე შეიძლება ითქვას, ჩვენს ცხრატყავაზე ან თუნდაც ნეკერჩხალზე, რომლებისგანაც ულამაზესი ბონსაი, ჯუჯა მცენარე გამოდის.

- ნეკერჩხალი, ალბათ, განსაკუთრებით შემოდგომაზე იქნება ლამაზი, როცა წითლად აელვარდება.

- მართლაც ძალიან ლამაზია.
ბონსაის გამოყვანა, მისი სიდიდეც და სილამაზეც ადამიანზეა დამოკიდებული. დეკორატორმა ქოთანში ჩარგული ნერგი ისე უნდა გაზარდოს და გაკრიჭოს, როგორც მას სურს. ეს უკვე ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
ულამაზესი დეკორატიული ღობეები გამოდის კვიპაროსითაც, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, შემოდგომაზე რგავ ღობედ თუ გაზაფხულზე. პირველად, როცა ღობის მოსაწყობად კვიპაროსი შემოდგომაზე ღია გრუნტიდან ამოვიღეთ და ღობის მოსაწყობად მწკრივად ჩავრგეთ, ცოტა ხანში გახმა. მიზეზს მალევე მივხვდი - ღია გრუნტიდან ამოღებულს, ჩარგვისას საკუთარი ნიადაგი არ შეჰყვა და შიშველი ფესვებით ჩაირგო, ამიტომაც გახმა. გახმობას ზამთარმაც შეუწყო ხელი. სამაგიეროდ, როცა კონტეინერებიდან ამოღებული კვიპაროსები მიწიანად გაზაფხულზე გადავრგეთ, ღობე გალაღდა. ერთი წლის შემდეგ მისი გაკრეჭა დავიწყეთ, ლამაზი ფორმა რომ მიგვეცა.
დეკორაციების გაკეთებას დიდი დრო სჭირდება, ზოგჯერ ნერგი წლების განმავლობაში უნდა კრიჭო, რომ სასურველი ფორმა მიიღო. სამ წელიწადს ვკრეჭდი ჩემს კვიდოს "ველოსიპედის ბიჭს" ლისის ტბის პარკში. ახლა ისეთი ლამაზია, რომ ყველა მნახველს კარგ ხასიათზე აყენებს.

- თქვენ ახალგაზრდა დეკორატორი ხართ, დეკორაციები კი ბევრ დროს მოითხოვს, არ გწყინდებათ ხოლმე?
- როგორ უნდა მომწყინდეს, როცა ეს საქმე მიყვარს. ამასთან, სანერგეც მაქვს, სადაც ბევრი მცენარის ნერგები გამომყავს. რომ ვფიქრობ, რა დღეშია ჩვენი ბუნება, არც მენერგემ უნდა დაისვენოს ნერგების გამოყვანით და არც ხალხმა დარგვით. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ ბუნების გადარჩენა გვინდა.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები