"სამამულო" ომი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
28-08-2017
"სამამულო" ომი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
"აზიურ ფაროსანას უკლებლივ ყველა უნდა შეებრძოლოს - თითოეული ოჯახი, თითოეული გლეხი და ფერმერი. როცა თავიანთ ნაკვეთებსა და ეზოებში გაანადგურებენ, იმდენად აღარ გამრავლდება"

ბოლო დროს გავრცელებულ მავნებლებს შორის ჩვენს მოსახლეობას ყველაზე დიდი ზიანი აზიურმა ფაროსანამ მიაყენა. ეს მავნებელი, იგივე აზიური ბაღლინჯო, პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მას შეუძლია მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგუროს. გვესაუბრება გოდერძი გოდერძიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის კოორდინატორი სოფლის მეურნეობის საკითხებში:

- აზიური ფაროსანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მკვიდრია. ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძული, ტაივანი,
ვიეტნამი - აქედან ის მსოფლიოში გავრცელდა. 1990-იან წლებში მავნებელი აშშ-სა და კანადაში მომრავლდა, 2007 წლიდან ევროპაშიც შენიშნეს. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015-2016 წლებში შემოიჭრა და სწრაფად გავრცელდა.

- რამ გამოიწვია მავნებლის ამ სისწრაფით მომრავლება?
- ეს მავნებელი ადრეც იყო, ოღონდ კოლექტიური მეურნეობების დროს ყველაფერს ერთიანად წამლობდნენ,
არც ინფორმაცია ვრცელდებოდა ასე სწრაფად. მავნებლების გამრავლებას კლიმატის ცვლილებაც უწყობს ხელს. მოწინავე ქვეყნებშიც შეიცვალა კლიმატი, თუმცა, მოსავლის გადარჩენას ახერხებენ.

- მავნებელი ბევრ მცენარეს აზიანებს?

- აზიური ფაროსანა 300-ზე მეტ კულტურას აზიანებს: ბოსტნეულს, ბაღჩეულს, ხეხილს, პრაქტიკულად, ყველაფერს. აზიანებს მცენარის ნაყოფს, ფოთოლს, ღეროსა და ყლორტს. გამოსაზამთრებლად შედის სახლებში, ძვრება სხვენზე, კარ-ფანჯრის ღრიჭოებში. ზამთრის მოსვლისთანავე იმალება ფოთლების სქელი ფენის ქვეშ ან ფუღუროებში, სადაც აპრილამდე რჩება. ამიტომ კორეაში ფუღუროს მწერსაც ეძახიან.

- როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა?
- პირველ რიგში, საკარანტინო ღონისძიებებით. აზიურ ფაროსანას ყველა უნდა შეებრძოლოს - თითოეული ოჯახი, გლეხი და ფერმერი. როცა თავიანთ ნაკვეთებსა და ეზოებში გაანადგურებენ, იმდენად აღარ გამრავლდება. მახსოვს, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში მთავრობა, მოსახლეობა და ბიზნესი ჩაერთვნენ. ეს საშიშროება ყველამ ერთად შევაჩერეთ.

- 50 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს, მაგრამ ამან ნაყოფი ვერ გამოიღო, რატომ?

- 50 ათასი ჰექტარი კი არა, ყველა სავარგული რომ დაემუშავებინათ, მავნებელს გამრავლებაში ხელს მაინც ვერ შეუშლიდა. ამგვარი ღონისძიებები პროცესს ანელებს, მაგრამ დროულად უნდა ჩატარდეს. ახლა იმდენად არის მომრავლებული, რომ ტყეები და მინდვრები კი არა, სახლები და გარაჟებიც სავსეა მწერებით.
აზიური ფაროსანას გამრავლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სუბტროპიკული რაიონებია. შარშან ის აღმოსავლეთ საქართველოშიც შენიშნეს, მაგრამ ცივმა ზამთარმა მოუსწრო და განადგურდა. არ არის გამორიცხული, ზამთარმა ფაროსანა წლეულსაც შეამციროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოსახლეობა მშიერი დარჩეს. სახელმწიფოც ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ამ მიზნით რამდენიმე ცნობილი სპეციალისტი ჩამოიყვანეს ამერიკიდან. შეიძლება სხვები დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს.

- რა უნდა იღონოს ფერმერმა?
- ზამთრის ძილიდან გამოსული ფაროსანა კვერცხის დებას აპრილის ბოლოს ან მაისის დამდეგს იწყებს. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ფერის ნიმფები, ანუ მატლები,­ რომლებიც ფერს იცვლიან და იზრდებიან. სანამ მატლები ზრდასრულ მწერებად გადაიქცევიან, შეწამვლა მანამ უნდა მოასწროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწერების გამრავლებას ხელს ვერაფერი შეუშლის.
მცენარეებით ფაროსანა გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე იკვებება. თხილის გადასარჩენად ფერმერებმა მარტო აზიური ფაროსანას კი არა, სოკოვანი დაავადებებისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო პრეპარატებიც უნდა გამოიყენონ.

- შედეგს მწერების შეგროვება და განადგურებაც იძლევა?
- კარგია, თუ მოსახლეობა გამოსაზამთრებლად თავშეფარებულ მავნებლებს შეაგროვებს და გაანადგურებს, ოღონდ ესეც მოზამთრე პერიოდში უნდა მოასწრონ. როცა მილიონობით მწერი მოედება, მათ ვინ შეაგროვებს? საჭირო რეკომენდაციები ყველგან დაიგზავნა, ყველა მუნიციპალიტეტში არის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრი, სადაც მსურველს უფასოდ დააკვალიანებენ. რა დოზით, როგორ შეიძლება შეაზავონ და შეწამლონ, გლეხები საკონსულტაციო ცენტრებში შეიტყობენ. ფერმერისთვის შხამის შესხურება დიდი ხარჯია, მაგრამ მთელი მოსავლის დაკარგვას ხომ ჯობია? წამლობა ადრეულ სტადიაზე უნდა მოასწროთ, იმდენჯერ უნდა შეწამლოთ, რამდენჯერაც მავნებლები გამოჩნდებიან. შესაძლოა, 10-14 დღეში განმეორებითი შეწამვლაც გახდეს საჭირო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები

- მცენარეები ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში, ნიმფის ანუ მატლის ფაზაში.

- მავნებლის წინააღმდეგ შესაძლებელია საქართველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატების გამოყენება.

- საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებით, ყველაზე შედეგიანია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები - ტალსტარი, ინსეკარი. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0,6-1 ლიტრი ჰექტარზე. ინსექტიციდების პირველადი შესხურება უნდა მოასწროთ არა უგვიანეს ივნისის მიწურულამდე.

- მოსახლეობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას ნიშნავს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით