"სადიპლომო" კარტოფილი
28-08-2017
"სადიპლომო" კარტოფილი
"ფრის უმაღლესი ხარისხის, დაბალშაქრიანი და მშრალი მასის მაღალი შემცველობის კარტოფილი სჭირდება. ასეთი ჯიშები საქართველოში მხოლოდ რამდენიმეა, რომლებიც, ძირითადად, ახალციხეში ითესება"

"გათლისა და გარეცხვის შემდეგ, კარტოფილი გადის საჭრელ დანადგარში, ეცლება სახამებელი, შემოწმების მერე სანახევროდ შეიწვება და შედის მაცივარში შოკგაყინვისთვის..."

წვრილად დაჭრილსა და ზეთში შემწვარ კარტოფილს, ე.წ. ფრის, დაახლოებით 150 წლის ისტორია აქვს და საუკუნე-ნახევარია მსოფლიოში პოპულარობას არ კარგავს. ფრის მასობრივი წარმოება საქართველოში გასულ წლამდე არავის უცდია და ეს საქმე მესხეთში, ახალციხის
რაიონის სოფელ მოსხში პირველად ირაკლი ქურდაძემ დაიწყო.

- კარტოფილი, რომელსაც ფრის სახით ვაწარმოებთ, ჩვენს ნაკვეთებში მოგვყავს. ნედლეულის ნაწილი ჩვენია, ნაწილსაც ახალციხელი ფერმერებისგან ვიბარებთ. ჩვენი კარტოფილი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გაშენებული და ჩვენი წარმოებისთვის 150 ტონას ვიღებთ, დანარჩენ 100 ტონას ვიბარებთ.
დღეისთვის შოკურად გაყინულ კარტოფილ ფრის კვების
ობიექტებისთვის ვაწარმოებთ. ჩვენი კარტოფილი ეკოლოგიურად სუფთაა და ხარისხითაც გამოირჩევა. არ ვიყენებთ დანამატებს, რაც იმპორტულ პროდუქციასთან შედარებით, დიდი უპირატესობაა. ამიტომ მისაღებია ბავშვებისთვისაც.
ბევრჯერ სცადეს ნედლეულის მასშტაბურად წარმოება, მაგრამ ვერც ერთმა მცირე კომპანიამ ვერ შეძლო, რადგან ფრის უმაღლესი ხარისხის, დაბალშაქრიანი და მშრალი მასის მაღალი შემცველობის კარტოფილი სჭირდება. ასეთი ჯიშები საქართველოში მხოლოდ რამდენიმეა, რომლებიც, ძირითადად, ახალციხეში ითესება.

- საიდან გაგიჩნდათ ფრის წარმოების იდეა?
- ეს იყო ჩემი სადიპლომო პროექტი უნივერსიტეტში, თან წარმოშობით ახალციხიდან ვარ და ამ სფეროს ვიცნობდი, ამიტომაც მომინდა ამ საქმისთვის ხელის მოკიდება. პროფესიით ბიზნესადმინისტრირების, მენეჯმენტის სპეციალისტი ვარ.

2010 წლიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა კომპანიაში, წარმოებაში მიმუშავია, მათ შორის, ჩიფსების ქარხანაშიც. მოკლედ, გადაწყდა, საქმე ახალციხეში, მეგობრებთან ერთად დამეწყო და გამოგვეყენებინა მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა იმპორტს. მოვამზადე პროექტი და საბოლოოდ, იდეის განხორციელებაში დამეხმარა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში".

- კონკრეტულად რით?
- ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუსხში მიტოვებული ფერმის შენობის გადმოცემა 1 ლარად მოვითხოვეთ, რაც 20 ათას ლარად შეფასდა და გადმოგვეცა საინვესტიციო ვალდებულებით, სულ ცოტა, 70 ათასი ლარი დაგვებანდებინა. ინვესტიცია გაცილებით მეტი დავაბანდეთ, ნაწილი პირადი თანხებია, ნაწილი მოზიდულია ინვესტორებისგან.

ამჟამად საწარმოში 10 კაცი მუშაობს, ვგეგმავთ დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას 30 კაცამდე.
მოსხი მაღალმთიანი სოფელია და შეღავათები გვაქვს - ქონების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან 10 წლის განმავლობაში ვთავისუფლდებით.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დავიწყეთ ძველი შენობის დემონტაჟი და მერე მშენებლობაც. მიწის ნაკვეთი 1300 კვმ-ია, შენობა - 600 კვმ. იანვარში დანადგარები დავამონტაჟეთ (ნაწილი ჩინურია, ნაწილი - ევროპული) და იანვრის ბოლოსვე დავიწყეთ წარმოება. საწარმოს გამართვაში, მომსახურე პერსონალს სწავლებასა და ნედლეულის წარმოებაში ჰოლანდიელი და ამერიკელი ექსპერტები დაგვეხმარნენ.

- პაკეტებში მოთავსებამდე კარტოფილი რა ეტაპებს გადის?
- საწარმოში შესვლამდე ხდება კარტოფილის ტესტირება - ისინჯება როგორც შაქრიანობის დონე, ისე მშრალი მასის შემცველობა. ორივე პარამეტრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იწყება თლა და რეცხვა. გათლილი კარტოფილი გადის საჭრელ დანადგარში, საჭირო ზომით დაჭრის შემდეგ წყლიან ავზში ირეცხება, რითაც სახამებელი ეცლება. მომდევნო ეტაპი საინსპექციო კონვეიერია, სადაც ნაჭრებიდან ანათალების გამოცალკევება ხდება. მორიგი პროცესი ბლანშირებაა (თბურად დამუშავება), რათა პროდუქტი არ გაშავდეს. აქედან კარტოფილი წყალსაწურ დანადგარში გადაინაცვლებს, სადაც ეცლება წყალი, შრება და ნახევრად შეწვა იწყება. ფრი თავსდება ზეთსახარშ ქვაბში, ნახევრად იწვება და ზეთსაწურ დანადგარში ზეთისგან მაქსიმალურად იწურება. შემდეგ, კონვეიერზე ცივი ჰაერის დახმარებით, ნახევრად შემწვარი ფრი ცივდება, აწყობენ ურიკა-სტელაჟზე და შედის - 40-გრადუსიან მაცივარში შოკგაყინვისთვის. იქ რჩება 20-25 წუთით. ჩვეულებრივი მაცივრისგან განსხვავებით, შოკმაცივარი პროდუქტს სტრუქტურასა და კვებით ღირებულებას უნარჩუნებს. პროდუქცია გაყიდვამდე საწყობში -18 გრადუსზე ინახება.

- პაკეტში რამდენს აწყობთ?
- ერთ და და 2,5-კილოგრამიანი შეფუთვებია. შემდეგ საწყობში შესანახად უკვე ყუთებში ჩაწყობილი შედის.

- სად ავრცელებთ?
- თბილისში, სავაჭრო ობიექტებში ნაწილდება. კვების ბევრი ობიექტი, სადაც მენიუში ფრი აქვთ, ჩვენს პროდუქტს იყენებს. ჩვეულებრივი წესით წვავენ, მარილი ბოლოს უნდა მოეყაროს, შეწვის მერე.
პირველი ქართული კომპანია ვართ ბაზარზე, ვინც უცხოური ფრი ჩაანაცვლა.

ამბები ფრიზე

ფრის ისტორია ნიუ-იორკის შტატში არსებული ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეულ ჯორჯ კრუმს უკავშირდება. კრუმი კომპლიმენტებსა და ღიმილს მადლიერი კლიენტებისგან შეჩვეული იყო, რომლებიც აღტაცებული იყვნენ მისი გემრიელი კერძებით. თუმცა, კლიენტებს შორის იყო კორნელიუს ვანდერბილტი - რკინიგზის მაგნატი, რომელიც მუდმივად უკმაყოფილო გახლდათ, ყველა კერძს კრიტიკულად აფასებდა და მზარეულს უბრუნებდა. ბოლოს შემწვარი კარტოფილი იმის გამო მიუბრუნა, რომ შეფ-მზარეულს მეტისმეტად მსხვილად დაეჭრა. კრუმმა კარტოფილი წვრილად დაჭრა და ზეთში მოხრაკა. მოხდა საოცრება, ამგვარად მომზადებული კარ\ტოფილი მუდამ უკმაყოფილო მულტიმილიონერ კლიენტს მოეწონა და ის საკულტო კერძად იქცა.
თავიდან კარტოფილს მსოფლიოს რესტორნებ\ში მირთმევის წინ წვავდნენ, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ, ინგლისში მზა კარტოფილის პაკეტები გამოჩნდა.
კარტოფილი და რკინიგზა მეორედ ერთმანეთს გასული საუკუნის შუა წლებში დაუკავშირდა: მატარებლის შეყოვნების გამო, რომლითაც პარიზში გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე მიემგზავრებოდა, მან მზარეულები აიძულა, კარტოფილის პატარა ნაჭრები მეორედ შეეწვათ, რის შემდეგაც ისინი კიდევ უფრო ხრაშუნა და გემრიელი გახდა. ზეითუნის ზეთში კარტოფილის ორმაგი შეწვა მისი დამზადების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხერხად იქცა.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით