"ჩემს სამშობლოში ჩემივე ხელისუფლებას ვერაფერი გავაგებინე" - რატომ ტოვებს წარმატებული ფერმერი ნიქოზის ბაღებს? - კვირის პალიტრა

"ჩემს სამშობლოში ჩემივე ხელისუფლებას ვერაფერი გავაგებინე" - რატომ ტოვებს წარმატებული ფერმერი ნიქოზის ბაღებს?

"13 წელი ვიყავი ამერიკაში, ვისწავლე იმ მცენარეების გამოყვანა, რომელთა ფასი მსოფლიო ბაზარზე გამუდმებით იწევს, ჩამოვიტანე ჩემს სამშობლოში და ბაღები გავაშენე. ეს ყველაფერი საკუთარი ხარჯით, ერთი თეთრიც კი არ მოუცია არავის"

ცხინვალთან ახლოს, სოფელ ნიქოზის საოკუპაციო ზონაში ფერმერ გიორგი მჭედლიძის გაშენებული ბაღების შესახებ "კვირის პალიტრა" 2016 წლის… 50-ე ნომერში წერდა.

ფერმერს კალიფორნიაში შესწავლილი ტექნოლოგიით გამოჰყავს ჩანდლერის კაკლისა და ნუშის უნიკალური ნერგები, რომელთა შესაძენად მეზობელი სახელმწიფოებიდანაც კი მოდიან. ამის მიუხედავად, სახელმწიფოსაგან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფერმერად აღიარებული გიორგი მჭედლიძე გამუდმებულ პრობლემებზე საუბრობდა. პრობლემების მიზეზად კი სახელმწიფოს არაორგანიზებულ მიდგომასა და ბიუროკრატიას ასახელებდა... დღეს ქვეყნის წარმატებული ფერმერი გიორგი მჭედლიძე იძულებული გახდა ქვეყანა და ნიქოზის ბაღები იქ დასაქმებულ სპეციალისტებთან ერთად დატოვოს.

- სახელმწიფო ვერ დავაინტერესე, მას არ გააჩნია არც სურვილი, არც უნარი, რომ ქვეყანა განვითარდეს. ხელის შეწყობის ნაცვლად, უსისტემობითა და უსამართლობით ბევრჯერ შემიშალა ხელი, რაც ჯანმრთელობის ფასად დამიჯდა...

- როგორც მახსოვს, სახელმწიფო მიესალმა, როცა ნიქოზში კოოპერატივი შექმენით.

- ტელევიზორშიც მრავალჯერ განაცხადეს, რომ ჩემი კოოპერატივი მათი პროექტი იყო და თურმე დამეხმარნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. ნიქოზში დავიბადე, აქაური გლეხი ვარ (და არა ფერმერი, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამარქვა, მაგრამ ფერმერის სტატუსი არ მომანიჭა), 13 წელი ვიყავი ამერიკაში, ვისწავლე იმ მცენარეების გამოყვანა, რომელთა ფასი მსოფლიო ბაზარზე გამუდმებით იწევს, ჩამოვიტანე ჩემს სამშობლოში და ბაღები გავაშენე. ეს ყველაფერი საკუთარი ხარჯით, ერთი თეთრიც კი არ მოუცია არავის. ამ საქმით ახლომახლო სოფლებში ნარკოტიკსა და სასმელში "ჩაწოლილი" 20 წლის ბიჭებიც წამოვიყვანე. საქმემ ისინი პირველ რიგში, კაცებად აქცია, მერე კი ისეთ სპეციალისტებად, დღეს უკრაინასა და ყაზახეთში მიიწვიეს სამუშაოდ... მინდოდა, სამშობლოში ვყოფილიყავი და სიმდიდრე შემექმნა.

ოთხი წლის განმავლობაში გავიძახოდი, თუ ხელს შემიწყობთ, წელიწადში 5 მილიონამდე ნერგის გამოყვანა შემიძლია, უცხოეთშიც გაიყიდება და ქვეყანაში დიდი ფული შემოვა-მეთქი. იმის ნაცვლად, რომ დამხმარებოდნენ, მაწვალეს, რაღაცები მაკეთებინეს ვითომ გრანტის მოსაპოვებლად და მერე ჩემი მოგებული გრანტები აიღეს და სხვას აჩუქეს! მაგალითად, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაში გასულ წელს ნერგების ამოსაღები ტექნიკის მიღებაზე წარვადგინე პროექტი, - ნერგების ხელით ამოღებისას ფესვები ზიანდება და დიდი დანაკარგი გვაქვს, ამიტომ ნერგების ამოსაღები ტექნიკა აუცილებელია, რომელიც დაახლოებით 72. 000 ლარი ჯდებოდა. კონკურსში ორი საფეხური გადავლახეთ, - პირველ საფეხურზე იდეა მიიღეს; მეორე საფეხურზე, ბიზნესგეგმაც მოგვიწონეს, რის შემდეგაც გრანტი უკვე მოპოვებულად ითვლება. თუმცა, მესამე საფეხურზე, გასაუბრებაზე დაგვიბარეს და გამოგვიცხადეს, - შეგვეშალა, დაფინანსებას არ საჭიროებთ, რადგან მოგება გაქვთო.

იმით, რომ მოგება, ისევ სანერგის გაფართოებას ხმარდება, რასაკვირველია, არც დაინტერესებულან! ასე დაგვტოვეს პირში ჩალაგამოვლებულები. "დანერგე მომავლის" პროექტით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ წელს, თურქეთში 29. 050 &&დოლარი (პროექტში თანამონაწილეობის 30%) გადაგვარიცხვინა ჩანდლერის სადედე მასალის შემოსატანად, რის შემდეგაც 70% თავად უნდა გადაერიცხათ, მაგრამ აღარ გადარიცხეს, - შეგვეშალა, თურმე თურქული ჩანდლერი სტანდარტებს არ აკმაყოფილებსო! რასაკვირველია, ეს ასე არ არის, მაგრამ დავუშვათ ასეა, აქამდე სად იყვნენ?!

2015 წელს ამერიკელებთან დავდე ხელშეკრულება კაკლისა და ნუშის საკვირტე მასალის შემოსატანად და საკუთარი 200.000 დოლარი გადავრიცხე. მასალა 17 ივლისს უნდა შემომეტანა. 1-ლ ივლისს კი საქართველოში გამომიცხადეს, - ვერაფერსაც ვერ შემოგატანინებთ, ამ დღეებში ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ხელშეკრულებას, სადაც წერია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საკვირტე მასალის ამერიკიდან შეტანა აკრძალულია, რადგან ადგილობრივზე მაღალხარისხიანი და იაფია, ჩვენც ხომ ევროკავშირის ქვეყანა ვართო(?!). ასე დავკარგე ეს ფული.

- თქვენც რატომღა შრომობდით ამაოდ?!

- ყველა მეწარმე გაფართოებისკენ მიილტვის, მჯეროდა, რომ სახელმწიფოს ნამდვილად უნდოდა ქვეყნის ფეხზე დასადგომად მომგებიანი საწარმოს გაფართოება და მისი ფინანსური დახმარება, მაგრამ სულ ტყუილად... ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში თუ ადამიანს სწორი გეგმა აქვს და კარგად იცნობს საქმეს, უიაფეს კრედიტს აძლევენ, ჩვენს გლეხებს კი კრედიტებით სულს ხდიან და მოსავალს ალპობინებენ... ამ სფეროში მილიონობით ფულია დახარჯული, შედეგი კი მინიმალურია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად არ არის.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, გორის რეგიონი, სადაც ბაღების გასაშენებლად ასიათასობით დოლარის გრანტია მოპოვებული. მივიდეთ და ვნახოთ, 100.000 დოლარის საქმეც კი არ არის გაკეთებული, იმ ბაღების 80% გადახმა არაპროფესიონალიზმის გამო, - გრანტს უმეტესად მათ აძლევენ, ვისაც სასოფლო მიწაზე მუშაობის გამოცდილება არა აქვს... ერთ-ერთ ასეთს

ჩემს მეზობლადაც გრანტით ააშენებინეს სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მომზადების ცენტრი. თუ ვინმეს აინტერესებს, ჩამოვიდეს, შევიყვან ამ ე.წ. ცენტრში და იქ მომზადებული სპეციალისტები დაითვალოს, ერთს თუ იპოვის!

სოფლის მეურნეობის სფეროში, ფაქტობრივად, არც ერთი გრანტი არ მოიპოვება ე.წ. ატკატების გარეშე! ამასთანავე, სახელმწიფოს ე.წ. შეღავათიანი კრედიტების ნაწილიც უკანვე მიდის იმ მოხელეებთან, ვინც ამ ფულს გასცემს. ვინც ასე არ აკეთებს, დაფინანსებასაც ვერ იღებს... ამასთან, გრანტებით "აწყობილ" საქმეში ფერმერი ასაქმებს ბიძაშვილს, ეს ბიძაშვილი - დეიდაშვილს, დეიდაშვილი - მამიდაშვილს. "ფერმერი" კი კაბინეტში ზის და იქიდან მართავს ფერმას, რომელშიც დეიდაშვილ-ბიძაშვილ-მამიდაშვილი - ყველა უსაქმურია. ფერმერი, რომელიც ფერმას "პულტით" მართავს, არც ერთ ქვეყანაში არ არის. მიწას შრომა უნდა, დაქანცვამდე შრომა და ცოდნა. მოდით და ნახეთ, ჩვენს ბაღებში რა შრომა ჩავაქციეთ...

სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაც არ მუშაობს ხეირიანად. გაიძახიან, ამ ლაბორატორიაში მილიონები ჩავყარეთო. არადა, პასუხს არ გაღირსებენ თვეობით, თუკი სასწაული მოხდა და პასუხი გვაღირსეს, ეს პასუხი ტყუილია. ყველა ჟურნალისტს ვთხოვ, მიიტანოს ამ ლაბორატორიაში ერთი და იმავე ნაკვეთიდან აღებული ნიადაგის ნიმუშები და გაასინჯინოს... ამ ერთსა და იმავე ადგილიდან აღებულ სინჯზე რამდენ სხვადასხვა პასუხს გასცემენ და ყველა არასწორი იქნება!

ტყუილად კი არ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიწირეს-მეთქი, - კინაღამ ინფარქტი დამმართეს ნემატოდის გასინჯვაზე. ეს საშინელი პარაზიტია, რომელიც ნერგებს ახმობს. გამხმარს უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ მანამდე თუ დაადგენ, შეგიძლია ნერგიცა და ნიადაგიც გადაარჩინო. ჩემი გაცემული ნერგები კახეთში რომ გახმა, ძალიან გავნერვიულდი, არადა, ამ ლაბორატორიამ ნიადაგი შემიმოწმა და ოფიციალურად დამიდასტურა, რომ ჩემს ნიადაგში ნემატოდა არ იყო. ვეუბნებოდი, ხალხო, თუ ჩემს მიწას არაფერი სჭირს, ნერგები რატომ მიხმება-მეთქი? მოკლედ, გავგზავნე ნიადაგი უკრაინაში და თურმე ნემტოდა ჰყოლია შესეული!

ეს ხომ უვიცობაა?! არა მარტო ლაბორატორიაში, ყველა საპასუხისმგებლო სამსახურში, გლეხურად რომ ვთქვა, ხალხი შეტენილია ისე, არც კი იციან, სად შეაკვეხეს, აზრზე არ არიან, რა უნდა აკეთონ. იმაზე არიან გაფაციცებული, საზღვარგარეთ მივლინებაში გაიქცნენ და ბიუჯეტის ფული ვითომ გამოცდილების მისაღებად დახარჯონ. უცხოეთის სასტუმროებსა თუ ბარებში ყავის სმით ვინ რა გამოცდილება უნდა მიიღოს?! სახელმწიფომ, იმ მილიარდ-ნახევარი დოლარით, უცხოური უხარისხო პროდუქციის შემოტანაზე რომ ხარჯავს, ჯობია ნიადაგის შემადგენლობა და კლიმატური გარემოს ზეგავლენა შეისწავლოს. ამას იმ თანხის მეათედიც ეყოფა. ახალგაზრდები კი გაგზავნოს უცხოეთში სასოფლო საქმის შესასწავლად.

- თავად მაქვს მოსმენილი, ერთ-ერთმა მინისტრმა რომ თქვა, ახალგაზრდებს ფულს ვუხდით, რომ სასოფლო საქმე ისწავლონ უცხოეთში, მაგრამ არავინ მიდისო.

- იარონ სოფლებში და ნახონ გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც უსაქმურობისაგან ჭაობში იძირებიან!

ყაზახები დავაინტერესე, მაგრამ ჩემს სამშობლოში ჩემივე ხელისუფლებას ვერ გავაგებინე, რომ ჩანდლერის კაკალი და ნუში უდიდეს შემოსავალს მოგვიტანდა, თუ მივხედავდით.

- ანუ ყველანი მიდიხართ ნიქოზიდან?

- მივდივართ. ჩვენს ბაღებში ჩვეულებრივი ბიჭები სპეციალისტებად იქცნენ. ორი მათგანი უკრაინაში, დანარჩენები კი ყაზახეთში მივდივართ ექვსი წლით. ბიჭები იქიდან შეინახავენ ოჯახებს.

- ნიქოზის ბაღებს რა მოუვა.

- სადედე ბაღებად დარჩება. თუ ოდესმე მავან ჩინოსნებს აზრად მოუვათ თავიანთი ქვეყნის სიკეთე, გამოვიყენებთ. თუ არადა, ხალხმა უნდა გამოიღვიძოს და მათ მორალის ზღვარი დაუწესოს, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება.

ეთერ ერაძე