ქართულ ტენილს ანალოგი არ მოეპოვება
04-09-2017
ქართულ ტენილს ანალოგი არ მოეპოვება
"ტენილი ყველი მესხური ჩეჩილის უფრო ძვირფასი და გემრიელი სახეობაა. მის დამზადებას დიდი ჯაფა და დრო სჭირდება"

ტენილი უნიკალურია, სულ სხვა გემო აქვს. ფრანგი ვარ, როგორც იცით, საფრანგეთში ბევრი სახეობის ყველია, თუმცა, ტენილი ყველასგან განსხვავებულია, - დაწერა ფრანგმა ალინ ბრონსტეფერმა, როცა მესხეთში ჩამოვიდა, რათა ადგილობრივი ყველის ევროკავშირის ბაზარზე გატანა შეემზადებინა. ფრანგი მესხურმა ტენილმა იმდენად აღაფრთოვანა, რომ მისი პოპულარიზაცია უცხოეთში თავად სცადა. მანამდე ტენილი გერმანიაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენაზე წაიღეს და სთავაზობდნენ
უცხოელებს, რომლებიც გაკვირვებას ვერ მალავდნენ ყველის ფორმისა და გემოს გამო. ტენილ ყველს ხომ მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება - დაჩეჩილი ყველის ნაღებში ამოვლებას, შემდეგ მისი ნაცრით გაშრობასა და თიხის ქოთნებში დატენას არსად აკეთებენ.

მესხური ტენილი ყველი მესხური ჩეჩილის უფრო ძვირფასი, რთული და გემრიელი სახეობაა. ტენილი ყველი
ქართული ეკონომიკის რღვევის გამო თითქმის მივიწყებული იყო და ტექნოლოგიაც მხოლოდ ერთეულებს, ხანდაზმულებს ახსოვდათ, დღეს კი აღორძინების გზაზეა. სოფელ ჭობარეთში ტენილის წარმოებას, ჩეჩილ ყველთან ერთად, ალუდა ჯვარიძემ მოჰკიდა ხელი, და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველის არცთუ დაბალი ფასის მიუხედავად, შედეგი სწრაფად მიიღო.

ალუდა ჯვარიძე: - სოფელში, გლეხის ოჯახში გავიზარდე, 10 წლის ასაკიდან პირუტყვი მარტოც დამყავდა სამწყემსად, ამდენად, მისი ფასიც ვიცი და შრომისაც. ალბათ, ამან გამაბედვინა და შემაძლებინა, რომ ჭობარეთის გაუქმებულ ყველის საწარმოში ყველის წარმოება განვაახლე და ჭობარეთის ერთ-ერთი უბნის, მზიანეთის სახელიც დავარქვი. გულზე მხვდებოდა ეს სიტყვა, - მექართულებოდა. საწარმო 4 წლის წინ დაფინანსდა, მაგრამ მეწარმეებს წარმოება გაუჭირდათ და დატოვეს, მე კი 70 სულამდე პირუტყვი მყავს, გაჭირვების წლებში შევიძინე და გავამრავლე. ვიფიქრე, რომ რახან რძე საყიდელი არ მექნებოდა, წაგებაზეც არ წავიდოდი.

- ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი გყავთ თუ თანამედროვე, მაღალი წველადობის?

- ადგილობრივი. უცხოეთიდან შემოყვანილი მაღალი წველადობის პირუტყვი ჩვენში ჯერჯერობით ვერ ამართლებს. უპირველესად იმიტომ, რომ საძოვარზე ვერ დადის და თივა ადგილზე უნდა მიუტანო. ჩვენთან კი ალპური საძოვრებია, ალპური მდელოების რძე ბევრად გემრიელია. იმიტომაც აქვს ჩვენს ყველს საუკეთესო გემო, ტენილსაც და ჩეჩილსაც. ორივეს ვამზადებ, მაგრამ ტენილი უნიკალურია, არც ერთ ყველს არ ჰგავს მსოფლიოში.

- გავრცელებულია აზრი, რომ მესხეთში ყველის დაჩეჩვა სომხური კულტურაა.

- ტენილი თუ ჩეჩილი ყველის დასამზა­დებელი 3-4 საუკუნის წინანდელი ჭურჭელია ნანახი და სად იყვნენ მაშინ აქ სომხები ჩამოსახლებული? ჩვენი მამა-პაპა აქ ასეთ ყველს სომხების მოსვლამდე ამზადებდა. ტენილი ყველის დამზადებას, ჩეჩილისგან განსხვავებით, დიდი ჯაფა და დრო სჭირდებოდა და ამიტომ მხოლოდ დღესასწაულებზე გამოგვქონდა. ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო, - ჩვენს ოჯახში საქორწილოდ თუ სანადიმოდ ამზადებდნენ ჩემი ბებია-ბაბუა ტენილს, ჩეჩილი კი სულ გვქონდა.

- რატომ არის ასე რთული დასამზადებელი ტენილი?

- ჩეჩილიცა და ტენილიც მოხდილი ყველია. ვიდრე რძეს შეადედებენ, მას თავს ხდიან (სწორედ ამ მოხდილი მასისგან მზადდება ნაღები და არაჟანი). ჩეჩილი ყველი დასაჩეჩად იოლია, შედედებული რძისგან ამოყვანილი ყველი მხოლოდ ხუთიოდე წუთით გადააქვთ ცხელ შრატში. შუაში თითით ნახვრეტს უკეთებენ, მხოლოდ ხუთი წუთი დაატრიალებენ დასაჩეჩად ცხელ შრატში და ჩეჩილი ყველის დამზადების პროცესი ამით მთავრდება.

როცა ტენილს ამზადებენ, ჩეჩილისგან განსხვავებით, ყველს ერთ უშველებელ რგოლად წელავენ და ნახევარ საათს მაინც ატრიალებენ ცხელ შრატში. ამ დროის განმავლობაში, ბუნებრივია, შრატი გრილდება, ამიტომ ქვაბიდან ნაწილ-ნაწილ იღებენ და კვლავ აცხელებენ. ასე გრძელდება ყველის დაჩეჩვა, ცხელ შრატში ტრიალით, ზოგჯერ თითქმის ერთ საათს, ვიდრე ყველი თმის ღერებივით არ დაიჩეჩება. მერე დაჩეჩილ ყველს ერთი დღით ხის საშრობზე გადაკიდებენ, გააშრობენ, დაჭრიან და ნაღებში ამოავლებენ. ამოვლებულ ყველს კიდევ დაწურვა უნდა, ამიტომ ჩემს ბავშვობაში სუფთა ტილოში შეახვევდნენ, ნაცარში ჩადებდნენ და გამოაშრობდნენ შრატისგან. ახლა, ბუნებრივია, ნაცარს ვეღარ მოვიხმარ, ამიტომ ნაღებში ამოვლებულ და სუფთა ტილოში გახვეულ ყველს სპეციალურ საშრობზე ვაშრობ ორი დღე. მერე ქოთნებში ვტენით და განსაზღვრული დროის შემდეგ ქოთანს პირუკუ წამოვამხობთ, რომ თუკი ყველში სისველე დარჩა, ისიც გადმოვიდეს.

- ალბათ, იმიტომაც ჰქვია ტენილი, რომ ქოთანში ტენით.

- დიახ, ტენილს ესეც აძლევდა გემოს.­ 1 კგ ტენილი ყველის დამზადებას 12-15 ლიტრი რძეც კი სჭირდება და ცხადია, ძვირია, ჩვენი ყველი 25 ლარად იყიდება.

- წარმოების სირთულეს თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ ყოფილა ძვირი.

- მეც ასე ვფიქრობ, თან მხოლოდ გემოსა და ყველში როდია საქმე - ქართული ყველი დავაბრუნეთ, წინაპრების ცოდნა გავაცოცხლეთ, თორემ ცუდად იყო საქმე, - ასე ძვირ ყველს რომ აღარავინ ყიდულობდა და დიდი შრომა უნდოდა, თანდათან დავიწყებას მიეცა. იმ ხალხსაც მოემატა წლები, ვინც ტენილის დამზადება იცოდა და კინაღამ დავკარგეთ ეს სიმდიდრე. ახლა ტენილზე იმხელა მოთხოვნაა, რომ აღარ დაიკარგება. ასე რომ, მხოლოდ მოგება კი არა, ქართული საქმე რომ გაგრძელდა, ისიც ძალიან მახარებს.

ეთერ ერაძე
From London
08 თებერვალი 2018 04:40
სოფელ ანდრიაწმინდაში, ახალციხის რაიონში, სოფია ბერიძე ტაბატაძისა ამზადებდა შეუდარებელ ტენილ ყველს! მიხარის რომ ამ მესხური ყველის დამზადების ტრადიცია არ იკარგება!
09 სექტემბერი 2017 08:31
ალუდა ჯვარიძეს- მადლობა საქვეყნო საქმის კეთებისთცის.
თქვენნსირი ადამიანები სჭირდება ჩვენს სამშობლოს.
გისურვებთ წარმატებას. მეურნეობის განვითარებას
ტენილი და ჩეჩილი ყველის წარმოების გაზრდას

რედაქტორის რჩევით