"2 წელიწადში 2 ღორი 20 ღორად ვაქციე"
11-09-2017
"2 წელიწადში 2 ღორი 20 ღორად ვაქციე"
"ქართული ღორი 7-8 გოჭს შობს და ეს ცოტა არ არის. ქართულ ღორს არც სარგებლიანობა აკლია, არც წონა. ქართული ნეზვი 140 კგ. იზრდება, კერატი კი - 180 კგ"

თუ ადამიანს აქვს შრომის უნარი­ და ამასთან, ღირსების გრძნობა, რომ ხელი სხვას არ გაუწოდოს სამათხოვროდ, მშიერი­ არა­სდროს იქნება, - მითხრა ქალბატონმა, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ლასურიაშში ცხოვრობს. ნუნუ ახვლედიანმა არა მხოლოდ საკუთარი ოჯახი მოაღონიერა, არამედ - სოფელიც. თანასოფლელებს აჩვენა მაგალითი იმისა, რომ
ფეხზე დადგომა სოფლადაც შეიძლება. ირგვლივ რომ ღორი აღარავის ჰყავდა, მისი ღორები ლასურიაშის ტყეებში იკვებებოდნენ და ქალბატონი ნუნუც ღორის უგემრიელეს ლორს ამზადებდა.

ამასობაში ქვეყნის ხელისუფლებაც მიხვდა, ქართული ღორის ლორი გემრიელი ყოფილაო და მეღორეობის აღორძინების გზების ძებნას შეუდგა. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში შემორჩენილი ქართული ღორი აღირიცხა, რომ
მისი გამრავლებისთვის ხელი შეეწყოთ. ცაგერშიც აღრიცხეს ქართული ჯიშის ღორები. ამ დროს ქალბატონ ნუნუს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა­ ურჩია - სუფთა ქართული ჯიშის ღორები გყოლია, გაამრავლე, არ წააგებ, უკვე ქართული ჯიშის ღორიც კარგად იყიდება, თანაც ქვეყანას დაეხმარები, რომ ეს ჯიში არ გადაშენდესო და ნუნუ ახვლედიანმაც­ ­მოჰკიდა ხელი ქართული ჯიშის ღორის გამრავლებას.

- არ იყო ადვილი მათი გამრავლება. სახელმწიფოს არანაირი ფინანსური დახმარება არ შემოუთავაზებია. ჯიშიანი და თანაც, სუფთა ქართული სისხლის კერატის შესაძენად მეზობელ სოფელში წავედი. ასე ვაქციე ორ წელიწადში ჩემი ორი ღორი ოც ღორად. რასაკვირველია, ეს ჩემთვის შემოსავალი იყო, მაგრამ ამდენ ღორს კაპიტალური საღორე დასჭირდა და მისი ასაშენებელი თანხა არ მქონდა. საბედნიეროდ, გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც დამეხმარა - მასალა უფასოდ მომცეს, აშენებაში კი ახლობლები და ნათესავები მეხმარებიან.
საღორეს, როგორც ჰიგიენური ნორმები ითვალისწინებს, სოფლიდან 500 მეტრის მოშორებით ვაკეთებ. ხალხი მეუბნება, საღორეს აშენებ თუ დარბაზსო. მეცინება, მაგრამ ვუხსნი, რომ ცხოველიც სულიერია და თუ გინდა, შედეგი მოგცეს, პირობებიც უნდა შეუქმნა. ოც ღორს რომ ერთ პატარა საღორეში შერეკავ, დაიხოცებიან, ან, თუ არ დაიხოცნენ, მათი არც მწვადი ივარგებს და არც - ლორი.

- როგორც ცნობილია, ქართული ღორის აღორძინება სწორედ ლორის გამო დაიწყო...

- ქართული ღორი მხოლოდ ლორი არ არის, მას სხვა შემოსავალიც მოაქვს და გარდა ამისა, ეკონომიურია. განსაკუთრებით - მთაში, სადაც ღორი ტყის ხილით იკვებება. ზოგჯერ ქართული ღორი ტყიდან მთელი გაზაფხულ-ზაფხული არ გამოდის და პატრონს შემოდგომაზე უკვე გამრავლებული, გოჭებით უბრუნდება. ჩვენს ღორს კი საკუთარი ხილით ვკვებავთ. ახლა სოფელში უამრავი ხილია, თავისით ცვივა მიწაზე, ოღონდ არ უნდა დაგეზაროს და შეაგროვო.

ღორი ყოველ ოთხ თვეში მრავლდება. ქართული ღორი 7-8 გოჭს შობს და ეს ცოტა არ არის. მე გოჭებსაც ვყიდი. ბევრ გოჭსა და ბევრ ხორცს სჯობს, ცოტა იყოს, მაგრამ - სასარგებლო და გემრიელი. ქართულ ღორს არც სარგებლიანობა აკლია, არც - წონა. ქართული ნეზვი 140 კილოგრამი იზრდება, კერატი კი - 180 კილოგრამი.

- თქვენ როგორ ამზადებთ ლორს? რაჭაში ის წიფლის ან კოპიტის ბოლში გამოჰყავთ.

- ჩვენში გამხმარი წაბლის მორები უხვად არის. ამ მორს რომ დავანთებთ შაშხის დასამზადებელ სადგომში, შეიძლება ერთი თვეც არ ჩაქრეს. ბოლავს და არის. ასე რომ, სხვა საქმეებისაგან არ გვაცდენს.
გემოვნებაზე ვინ დაობს, მაგრამ მგონია, რომ ლეჩხუმური ლორი რაჭულ ლორზე ნაკლები არ არის. მე ძალიან კარგად ვყიდი. ნათესავებს უამრავი ნაცნობი ჰყავთ, რომლებიც ზაფხულიდან მეხვეწებიან, საზამთროდ Dშენი ღორების ლორი არ გამოგვაპაროო.

ეთერ ერაძე
გავაზელი
25 სექტემბერი 2017 15:59
სად შეიძლება შეძენა? მეც დიდი სიამოვნებით ვიყიდი.

რედაქტორის რჩევით