ყვავილები წმინდა სავანეებიდან - კვირის პალიტრა

ყვავილები წმინდა სავანეებიდან

"ხატის პატივსაცემად, აქაურობას "დედოფლის ბაღი" ვუწოდეთ"

სიზმრად გამოცხადებულმა ივერიის ღვთისმშობელმა მათ ხატის შექმნისკენ უბიძგა და ზურაბ შიოშვილი, მეგობარ გიორგი ჭოლოკავასთან ერთად, ივერიის ღვთისმშობლის ხატის, "დედოფალი სიხარულის მომნიჭებლის" (მისი რეპროდუქცია ორი წლის წინ ჩვენმა გაზეთმა მკითხველს სააღდგომო საჩუქრად გადასცა), მცველი გახდა. ხატმა ათონის მთა მოილოცა და მცველები მას ისრაელსა და პალესტინაში ხშირად დააბრძანებენ. იმავდროულად, ზურამ და გიორგიმ ასურეთთან ახლოს "დედოფლის" სახელზე საკუთარი ხელით ბაღი გააშენეს. რა მცენარეები ხარობს ამ ბაღში და როგორ ზრუნავენ მეგობრები გარემოზე, ამის შესახებ ზურაბ შიოშვილი გვესაუბრება. იმასაც შეგახსენებთ, რომ ზურაბი "მამულ-დედულის" ფურცლებზე უკვე მოხვდა თავისი ორქიდეების უნიკალური კოლექციით.

ზურაბ შიოშვილი: - აგარაკი თბილისთან ახლოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშია, სოფელ ასურეთთან ახლოს. იქ იყო წინაპრების სახლი, ხეხილიანი ეზოთი (1300 კვმ), სადაც მოუცლელობის გამო ვეღარ ჩადიოდნენ... მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ, იქაურობას დავბრუნებოდით, გაგვეცოცხლებინა, რაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა, რადგან არცთუ ეფექტიანად ათვისებული ტერიტორია მთლიანად უნდა გარდაგვექმნა, თუმცა, თუ მოხერხებული ხარ და მცენარეებსაც კარგად იცნობ, გარემოსაც შეცვლი და დროსაც დააჩქარებ. არ გაგიკვირდეთ - ლანდშაფტის არქიტექტურაში არსებობს საამისო ხრიკები.

- ვატყობ, ამ საქმეში გამოცდილი ხარ...

- დიახ, არაერთი ბაღი დამიგეგმავს... ყველაფერს თავისი წესი აქვს. თუ რამის გაკეთება დააგვიანე, არაფერი გამოვა. სამუშაოდ ოპტიმისტური განწყობით ჩავედით და აღმოჩნდა, რომ ყველაფერს ტიტანური შრომა სჭირდებოდა... უნდა შეგვექმნა ბილიკები, გამოგვეყო ზონები, სივრცე უფრო საინტერესოდ რომ გამოგვეჩინა. ვინაიდან ფართობი დიდი იყო, ჯერ მხოლოდ მესამედის ათვისება გადავწყვიტეთ, მაგრამ მუშაობისას ისე გავერთეთ, მთელი ფართობიც აღარ გვყოფნის... მზე რომ ჩავიდოდა და ღამდებოდა, ბაღში შუქს ვანთებდით და მცენარეებს ისე ვრგავდით, მერე მზის ამოსვლისთანავე ვაგრძელებდით მუშაობას. ორ თვეში, თავგადაკლული შრომის შედეგად, გადაპენტილი ყვავილნარიც გვქონდა და ფორმირებულ-გასხლული ხეებიც.

- რა ზონები შექმენით?

- ჟანრობრივად ბაღში შები შიკი დომინირებს, რასაც ჩვენთან რეტროს ეძახიან, თუმცა არც რეტროა და არც - ქანთრი. ჩვენი ბაღი უფრო ფრანგულ-პროვანსულია, სადაც შეხვდებით ძველებურ ავეჯს, კერამიკის ნივთებს. საბოლოოდ შეიქმნა ცოტა ხმელთაშუაზღვისპირული იერის მყუდრო გარემო ფრანგულ-იტალიური ელემენტებით. სიმყუდროვეა, ტრიალებს სურნელი, გარემოც შენარჩუნებულია...

- მითხარი, რომ ბაღის შექმნაში ხატის მცველობამ ბევრი რამ განსაზღვრა. რას გულისხმობ?

- იდეა მხოლოდ ის არ იყო, რომ ლამაზ გარემოში გვინდოდა ყოფნა. ჩვენ იმ ხატის მცველები ვართ, რომელმაც ათონის მთაზე, წმინდა მიწაზე იმოგზაურა. მისი პირველი ასლი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის ფრესკის პირდაპირ არის დაბრძანებული, სადაც შექმნილია ქართველთა კუთხე. იქაურ მონასტრებთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, რადგან სასწაულთმოქმედი ხატის წმინდა მიწაზე ჩაბრძანება ხშირად გვიწევს. ხატის მოსალოცად პალესტინიდან საქართველოში ბევრი ადამიანი ჩამოდის, უზარმაზარ ჯგუფებს ვიღებთ. ისეთი ბაღის გაშენება გვინდოდა, სადაც ამ ადამიანებს ვუმასპინძლებდით. ხატის პატივსაცემად, იქაურობას "დედოფლის ბაღი" ვუწოდეთ.

- წმინდა ადგილებიდან, მონასტრებიდან იშვიათი მცენარეების კალმები ჩამოგაქვთ...

- ეს იდეა სათავეს ათონის მთიდან იღებს. "დედოფალი" იქ შემოდგომით ჩავაბრძანეთ და ერთ-ერთი მონასტრის ეზოში ციკლამენი (ყოჩივარდა) აღმოვაჩინე. ჩვენთან ყოჩივარდა გაზაფხულზე, იაზე ადრე ყვავის და ხასხასა ჟოლოსფერია, იქ კი სულ ორიოდე კვირით იშლება და თანაც, შემოდგომით. მომეწონა და მისი საქართველოში ჩამოტანა მომინდა. ნებართვა მონასტერში ვითხოვეთ. ყოჩივარდა ბოლქვიანი მცენარეა და გზაში მისი დაღუპვა თითქმის გამორიცხული იყო. ის ყოჩივარდა, დიდი ხანია, ჩვენს ბაღში ხარობს...

"დედოფალი" პალესტინაში რომ ჩავაბრძანეთ, მე და გიორგის იდეა გაგვიჩნდა, წმინდა მიწის სხვადასხვა მონასტრიდან სამახსოვროდ თითო მცენარე წამოგვეღო და ვისაც იმ მონასტრების მოლოცვის საშუალება არ აქვს, იქაური სურნელი ჩვენს ბაღში სიმბოლურად, ამ მცენარეებით შეეგრძნო.

- საბაჟოზე პრობლემა არ შეგქმნიათ?

- არა, ყველა კანონს ვიცავთ. კალმების ჩამოტანა ნებადართულია, გრუნტით მცენარის წამოღებასაც თავისი წესები აქვს. მთავარი იყო, კალმები ჩამოტანამდე არ გაგვფუჭებოდა. მცენარეები გადავარჩინეთ, მაგრამ აქ გაუჭირდათ, თვეობით ავადობდნენ. მათ გახარებას დიდი შრომა დასჭირდა. მახსოვს, ჩემზე პირველი შთაბეჭდილება მოახდინა მაცხოვრის აღდგომის ტაძართან ერთ-ერთმა სუკულენტმა, რომელიც მანამდე არ მენახა (უსაშველოდ დიდი იზრდება) და ძალიან მომეწონა. ერთხელაც ზეთისხილის მთაზე, მონასტერში ვიყავით, სადაც ბევრი სიწმინდეა, ასევე შემორჩენილია იმ კიბის ნაწილი, რომლითაც ქრისტე იერუსალიმში ბზობას შევიდა და წარმოიდგინეთ, ის სუკულენტი იქაც დამხვდა!.. მონაზონს გავანდე, რომ მცენარის საქართველოში წამოღება მინდოდა. ყვავილი უსიტყვოდ მომცა.

გვაქვს მცენარე სცინდაპსუსი. მას ჩვენთან ბევრი ახარებს. მცირე გეთსამანიის ტაძრიდან წამოვიღეთ, სადაც ღვთისმშობლის სუდარაა დაბრძანებული. იქ გასაოცარი ყვავილები აქვთ. ჰოი იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდანაა, პაპაიას ხე იერიქონიდან გახლავთ. საქართველოში ხანგრძლივად იავადა. მერე მისი ქოთანი სხვა ქოთანს დავადგი, იქნებ ასე გადარჩეს-მეთქი და მოულოდნელად გამოკეთდა, სწრაფად გაიზარდა. თავისი ქოთნიდან ფესვები მეორე ქოთანში გაუშვა და ერთად, იარუსად, უკვე ორი მცენარე ცხოვრობს. რომ არ გაფუჭდეს, ერთმანეთს აღარ ვაშორებთ. გვაქვს ჰიბისკუსიც. ჩვენთან ჩინურ ვარდს ეძახიან. ის კაიაფას სასახლიდან წამოვიღეთ.

პელარგონია ნაბლუსის ტაძრიდან არის. იქ მომლოცველები ვერ მიდიან, კონფლიქტური ზონაა, თუმცა ხატის მცველებს არ გვაბრკოლებენ. ჩვენც ამით ვსარგებლობთ და ასეთ ადგილებში ფილმებსაც ვიღებთ. ქალაქში შესვლა სახიფათოა. იქ მოხვდები, თუ ვინმე იქაური იკისრებს პასუხისმგებლობას.

ნაბლუსის ტაძართან არის იაკობის ჭა. მაცხოვრისა და სამარიტელის საუბრის ადგილია. ინახება დოქიც, რომლითაც ქრისტემ წყალი დალია. იქ მოღვაწე მამა იუსტინე წმინდა მიწის ერთ-ერთ ცოცხალ წმინდანად არის მიჩნეული...

კარგი ყვავილები ჰქონდა მონასტერს, მათ შორის - სისხლისფერი, მუქი, თავმოღერებული პელარგონია, რომელიც იმდენად თვალში საცემი იყო, რომ მის გარეშე ვერ დავბრუნდით. ქლოროფიტუმი საქართველოშიც არის, მაგრამ ვინაიდან ხარების ტაძრის ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ, ისიც წამოვიღეთ. ჩვენთან შეფლერაც ხარობს, ადვილად იზრდება და მშვენივრად ეგუება კლიმატს, მაგრამ შეფლერას პატარა კალამი იერიქონის მთიდან გვაქვს. აქ მარხულობდა ქრისტე ორმოცი დღე.

გვაქვს აბუტილონის ტოტიც თეოდოსი დიდის მონასტრიდან, სადაც ბევრი ქართველი მოღვაწეობდა. საისტორიო წყაროები მოწმობს, რომ მონასტერი ქართული გახლდათ, იქ კი იმიტომ დაუარსებიათ, რომ მოგვები ცხოვრობდნენ. მოგვთა მღვიმე დღესაც არსებობს, არის ასევე დიდი მოღვაწეების საფლავები...

მოკლედ, ასე დავამშვენეთ ბაღი წმინდა მიწიდან ჩამოტანილი მცენარეებით.

ლალი ფაცია