სუფრის ყურძნის რთველი გარე კახეთში - კვირის პალიტრა

სუფრის ყურძნის რთველი გარე კახეთში

"ჩემი ორსართულიანი მომავლის ვენახი ერთი თავით მაღალი იქნება თავის "თანამემამულეებზე"

გიორგი გიქორაშვილი გარე კახეთის სოფელ ბადიაურში ცხოვრობს. პროფესიით სამართალმცოდნე, სკოლაში მანდატურად მუშაობს, დანარჩენ დროს კი ბაღ-ვენახის მოვლა-პატრონობას უთმობს.

- მშობლებსა და ძმასთან ერთად 3 ჰექტარამდე ვენახს ვუვლი, ყოველ წელს 25-30 ტონა განთქმული სუფრის თითა მოგვყავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჭირს სუფრის ჯიშების მოვლა, მოყვანა, შენახვა და გაყიდვა, მაინც მინდა, ძირძველი ქართული სუფრის ჯიშები ჩემს პატარა სავარგულში შევკრიბო.

როგორც კვლევებმა აჩვენა, სუფრის ყურძნის მთლიანი სახელმწიფო მარაგი, საღვინე ჯიშებთან შედარებით, ერთი ასზეა. საბაზრო მოთხოვნას ეს ერთი თვის განმავლობაშიც ვერ დააკმაყოფილებს, ამიტომ ბაზარიც იძულებულია, იმპორტით ისარგებლოს.

მეორე პრობლემა ის არის, რომ დარგის გასაუმჯობესებლად მსხვილი თანხები არ იდება. რამდენიმე ჰექტარის პატრონებს საშუალება არა აქვთ, მაცივრები დაიდგან და მთელი წლის მოსავალი შეინახონ. მოსავლის გაფუჭების შიშით იძულებული არიან, აგვისტო-სექტემბერში ერთიანად დაკრიფონ და იაფად გაყიდონ. ზოგი ქალაქში მოვაჭრეებს აბარებს. ზოგი თავადვე ქირაობს დახლებს და ცდილობს, რამდენიმე თეთრით ძვირად გაყიდოს.

სუფრის ჯიშის ყურძნის რთველი ჩვენთან ახლა შედის ძალაში, შუა კახეთში კი უკვე საღვინესაც კრეფენ. კარგი იქნებოდა, სადმე ცენტრალურ ადგილას ტრაილერი-მაცივარი იდგეს და სუფრის ყურძენს იბარებდეს, მევენახეებს მოსავლის დაბინავება გაუადვილდებოდათ. არც ამ ჯიშებს აწყენდა სუბსიდირება და ხელშეწყობა. ჩვენც იმედი მოგვეცემოდა, აღარავინ გაკაფავს მათ, ფასიც თუ ნორმალური იქნება, მოძლიერდებიან, ახალ ფართობებზე გააშენებენ ვაზს, ცოტა ხანში სამაცივრე მეურნეობასაც ააწყობენ და იქით შესთYავაზ\ებენ იმპორტიორ ქვეყნებს ყურძენს სუფრისთვის.

სოფლის მაშენებლებივით მხოლოდ სიმღერა რომ არ გამომივიდეს, თავად მინდა მივმართო ექსპერიმენტულ ღონისძიებებს. მით უმეტეს, მაგალითი წინ მაქვს - 20-30 წლის წინ თანასოფლელმა სახლის წინ ნასუქარ (ნაკელით მდიდარ) მიწაზე ვაზი გააშენა და ერთ ასმეტრიან რიგზე მესამე-მეოთხე წელს ტონაზე მეტი მოსავალი მიიღო.

წინათ სოფელში რეგიონის მასშტაბის სეტყვის საწინააღმდეგო სადგური გვედგა, მერე ყველაფერი მოიშალა, გაიძარცვა ის სადგურიც. უფროსები ამბობდნენ, რომ ხშირად დაუნახავთ ცისკენ გატყორცნილი ჭურვი, რომელიც საავდროდ შექუჩებულ ღრუბლებს შლიდა და ნალექისგან მოტანილ ზიანს ამცირებდა ან აქრობდა. ვოცნებობდი ისეთი რამის მოფიქრებას, რაც ჩემს ვენახებს მოსალოდნელი განსაცდელისგან დაიცავდა და მინდა, ბავშვობის ოცნება ნაწილობრივ ავისრულო.

ვაპირებ მცირე ფართობზე, სახლის ახლოს, ნიადაგის კარგად დამუშავებას და ვაზის ორ სართულად გაშენებას, რაც ლერწმის, გაშვებული რქის პირველ და მეორე მავთულზე გადაკავებას გულისხმობს. არც ვენახის ტრადიციული ფორმა ექნება და არც მთლად ხეივნის, რაღაც შუალედური.

მართალია, ვაზი დაიტვირთება, მაგრამ ნიადაგის კარგად გამოკვების ხარჯზე ორმაგ მოსავალს ველი. შესაძლოა, ამ გზით ვაზის სასიცოცხლო რესურსი შემცირდეს, მაგრამ მეტად ნაყოფიერად იცხოვროს და მევენახესაც მეტი სარგებლობა მოუტანოს. ვაზი რომ ასაკის გამო მოსავლის შემცირებას დაიწყებს, უმჯობესია, ახალგაზრდა ნერგით შეიცვალოს. ეს ბუნების კანონია. ვენახი ყოველწლიურად რაც შეიძლება ღრმად უნდა მოიხნას და შემდეგ პერიოდულად მაქსიმალურ სიღრმეზე გაფხვიერდეს. კარგად გაფხვიერებული მიწა ტენის საუკეთესო საცავია. სუფრის ჯიშები მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა საშუალებებით უნდა შეიწამლოს. ვაზს უნდა ვუწამლოთ და არა მოვწამლოთ.

მომავლის ვენახი ერთი თავით მაღალი იქნება თავის `თანამემამულეებზე~, რიგებს შორის მეტი ჩრდილი იქნება და მევენახესაც სიცხეში შრომას გაუადვილებს. დამწვარი ნაკელით ნიადაგს ყოველწლიურად უნდა განოყივრება. თითოეულ ძირთან წვეთოვანი გზით წყლის მიყვანასაც ვგეგმავ. სათადარიგო ჭის ამოჭრასაც ვფიქრობ ეზოში. სახლიც და ნაკვეთიც გორაკის ბოლოშია, ნაფერდალი წყალი წვიმების გამო ძირშია ჩაგროვილი. ჭაში ყოველთვის მექნება ვენახის სამყოფი წყალი და დენის საქაჩით გადავტუმბავ. მომავალში ჩემს ორსართულიან ვენახს სეტყვისგან დამცავი ბადითაც გადავხურავ..

მაფრთხილებენ, რომ სუფრის ყურძენი ძნელი მოსავლელია და ორ სართულზე მისი მოვლა გამიჭირდება. რას ვიზამთ, გაურჯელად საქმე არ გამოდის.

სუფრის ყურძენს სულ თვალებში უნდა უყურო, რამემ არ აწყინოს, ამას კი პატარა ნაკვეთზე უკეთ შევძლებ. სოფლის მიწა კირქვიანია, ცარცნარევი, მაინც საჭიროებს ხელოვნურ ჩარევას. სამაგიეროდ, დრო, მუშახელის ჯამაგირი და ტრაქტორის საწვავი დამეზოგება. ვერც უამინდობა დამაკლებს რამეს. მოვრწყავ და მოსავალსაც სახლიდან გაუსვლელად დავუგდებ ყურს.

კახა მჭედლიშვილი