პატარა გურია ფოთოლას უბანში
18-09-2017
პატარა გურია ფოთოლას უბანში
"ამ ყველაფერს სულიერი სიმშვიდე მოაქვს, თანაც სუფთა ჰაერზე ვარ, დილაობით ჩიტების ჭიკჭიკიც მახალისებს და სიამოვნებით ვმუშაობ"

ოზურგეთელი ფოთოლა არობელიძე მეექვსე წელიწადია ოჯახთან ერთად სვანეთის უბანში ცხოვრობს და ბაღ-ბოსტნის გაშენების გარდა, ეზოც ლამაზად მოაწყო. რამდენიმე დღის წინ მისმა ნამუშევარმა ჩუღურეთის რაიონის ლამაზი ეზოების კონკურსში გაიმარჯვა - ინტერნეტმომხმარებელმა ყველაზე მეტად მისი ეზო მოიწონა. გასულ კვირას ქალბატონ ფოთოლას ვეწვიეთ.

- პროფესიით ფიზიკა-მათემატიკოსი­ ვარ, ოზურგეთის სკოლაში 30 წლის განმავლობაში ვასწავლიდი. მერე ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა
და მუშაობას თავი დავანებე. ახლა ჩემი ასპარეზი ეს ეზოა. დილის 5 საათზე გამოვდივარ და აქაურობას ვუვლი. ოჯახის წევრებიც მეხმარებიან, თუმცა, აქაურობაზე ზრუნვა უმეტესად ჩემი საქმეა. ეს ეზო-კარი რომ ვიყიდეთ, ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჩავყარეთ ვაზი, დავრგეთ ხეხილი (ვაშლი, გარგარი, ბროწეული, ბალი), ლეღვი კი დაგვხვდა, ხანდაზმ­ული ხეა.
მისი ნაყოფისგან ჩირს ვაკეთებ.

ბებიაჩემს, დედის დედას, ლამაზი ეზო ჰქონდა; დედაჩემსაც აქვს პრიზები და სიგელები აღებული ეზოს მოვლაში, კონკურსებში რამდენჯერმე გაუმარჯვია. მათგან განსხვავებით, ეს საქმე მე გვიან დავიწყე. ამ ყველაფერს სულიერი სიმშვიდე მოაქვს, თანაც სუფთა ჰაერზე ვარ, დილაობით ჩიტების ჭიკჭიკიც მახალისებს და სიამოვნებით ვმუშაობ.

- ეზოში ქოთნისა და გრუნტის უამრავი­ მცენარეა, თვალიც კი ამიჭრელდა...

- ბაზარში თუ ყვავილებისკენ, ლამაზი და უცხო მცენარეებისკენ გავიარე, ყიდვა მინდება... ჩემს ბაღში ისეთი დღე არ თენდება, ერთი ყვავილი მაინც არ ყვაოდეს. ხის ძირში იები ადრე გაზაფხულზე ყვავის, ადრე ეზოში მიმობნეული იყო, მერე კი ხის ძირას, რკალად მოვუყარე თავი. ყოჩივარდებიც მაქვს, თუმცა, აყვავებას იები ასწრებს. შემდეგ იღვიძებენ ნარცისები, ტიტები, და ა.შ., სულ ბოლოს - ქრიზანთემები. 11 სახეობის ქრიზანთემა მაქვს. ზოგჯერ იანვრის ბოლომდე, თოვლის ქვეშაც იწონებენ თავს. ახლა ადრეული შემოდგომაა, ბევრ მცენარეს დამთავრებული აქვს ყვავილობა. თუმცა, ერთმა გამაოცა, ხახვისებრთა ოჯახიდან არის, გაზაფხულის ყვავილია, მეგონა, ერთხელ ყვაოდა და კიდევ აწითლებულა. ეზოს ბოლოში მარწყვს ახლაც ასხია. გამოყვანილი ჯიშია და წელიწადში რამდენჯერმე მოდის. ზღმარტლის ხე ჯიშიანია, არის ვაშლიც, დეკორატიული გოგრები... ამდენი რამეა ეზოში, მაგრამ მუდმივად რაღაცის შემატება მინდა.
ბოსტანში მომყავს კიტრი, პამიდორი, მწვანილი, მაგრამ წლეულს გვალვის გამო ცუდი მოსავალი იყო. ისეთი თაკარა მზეა, დილა-საღამოს ვრწყავ, მაგრამ მაინც გადაიხრუკა ყველაფერი.

- საფრთხობელაც გაგიკეთებიათ...

- ბევრი ჩიტია და ამიტომ...

- ეზო დაყოფილი გაქვთ სხვადასხვა ზონად, რომლებიც ლამაზი დეკორაციებითა და კომპოზიციებით გამოირჩევა. აქაურობა არაერთი ძველი ნივთითაც გაგიწყვიათ...

- კონკურსი რომ დაიწყო, ეზო მეტად გავალამაზე. ძველი ნივთებიდან ზოგი ჩემი ოჯახიდან არის, ზოგი შევიძინე, ზოგი შვილს მოაქვს, ზოგი შვილიშვილების ნაქონი სათამაშოა... გურიიდან დედაჩემის ნახმარი კეცი წამოვიღე. აქვეა შავი ჩახანა, გურიის ყოფისთვის დამახასიათებელი ნივთი (შუაცეცხლზე ჩამოსაკიდებელი ქვაბი).
მოკლედ, გურული ელემენტების გარეშე ჩემი ყოფა შეუძლებელია, იქაურობას ვერ ვივიწყებ. კედელზე ღვინის ამოსაღები კოპი, გიდელია...
ახლა მინდა, პატარა სათბურიც მოვაწყო, ზამთარში მწვანილსაც მოვიყვან.

- ვარდები ცალკე დაგირგავთ.

- სავარდე ცალკე მაქვს, იშვიათი ფერებია - მწვანე და ყვითელი ვარდი წითელი ზოლებით. მაქვს კაქტუსების კუთხეც. ზურა შევარდნაძის ბაღში ხშირად დავდივარ და მის რჩევებს ვითვალისწინებ. ზოგი ყვავილი ფეხსაცმელშია ჩასმული, ზოგიც ჩამოკიდებულია. პატარა ბორცვზე მარადმწვანე ბალახი გავუშვი და ეკლესია დავადგი. უამრავი კერამიკული, თიხისა და თაბაშირის ცხოველი თუ ფრინველი მაქვს...
ერთი კუთხე გურიას განასახიერებს, დედას ჰქონდა ასეთი ქუხნა. ბამბუკის კიბე ყველაზე გამძლეა რკინის კიბის შემდეგ. პატარა გიდელი, სკოლაში რომ ვმუშაობდი, მოსწავლემ მაჩუქა. აქვეა დეკორატიული სიმინდიც, საწნახელი და წისქვილი.

- დიდი შრომა გაგიწევიათ.
- რა ვქნა, ვერ ვჩერდები... ერთმანეთზე აცმული ქოთნები შვილიშვილმა ინტერნეტში ნახა. მოეწონა და ერთობლივად გავაკეთეთ. ჩემოდანში ზურა შევარდნაძესავით ყვავილები მაქვს ჩაწყობილი. მეც გურული ვარ და ისიც, ჩემოდანში ყვავილები მასაც აქვს და მეც. ხომ არ ჩამოვრჩებოდი?! ამ ველოსიპედებს კი მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს. აქ შრომა კი არ მღლის, მაჯანსაღებს და ამიტომაც არ ვჩერდები.

ჩუღურეთის საუკეთესო ეზოების კონკ­ურსში პირველი ადგილი დავიკავე. გასულ კვირას ჩვენი რაიონის დეპუტატი რიმა ბერაძე და მისი ბიუროს წევრები მოვიდნენ და ისე მოეწონათ ჩემი ეზო, მოსახლეობასთან შეხვედრა აქ გამართეს.
ერთმა ქალმა მითხრა, ეზოში მეც მაქვს კარგი ვარდიო. ახლა მასთან ვაპირებ წასვლას, გასხვლის მერე კალმები რომ წამოვიღო. მეც თანახმა ვარ, თუკი ჩემგან ვინმე რამეს წაიღებს და თავის ბაღში დანერგავს. მცენარეთა თესლების მიცემაც შემიძლია.

- აკალმებთ მცენარეებს?

- რა თქმა უნდა, გაზაფხულზე ჩარგული კალმებიდან რამდენიმე უკვე ამოვიდა. როდესაც მცენარეს ჩარგავთ, სასურველია, მიწა ფხვიერი იყოს, ასეთ ნიადაგში უკეთესად ხარობს. ნიადაგი უნდა შედგებოდეს ერთი წილი მიწისგან, ერთი წილი წვრილი ხრეშისა და ნაკელისგან.

- მშვენიერი მწვანე მოლიც გაქვთ.

- მოლს სპეციალური მანქანით თანაბრად ვკრეჭ. აუზისთვისაც მიწა მე ამოვთხარე. სანამ არ დავასრულე, ოჯახის წევრებს არ გავუმხილე, რას ვაკეთებდი. მერე პატარა აუზი გავაკეთეთ, სადაც ჩემი შვილთაშვილი გაიზარდა.
მკითხეთ, ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენთვისო და გეტყვით, მთლად საკუთარი მონაგარივით არა, მაგრამ შვილობილივით კი მიყვარს...

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით