მწვანე ტბის კალმახი ულამაზესი ადგილიდან
18-09-2017
მწვანე ტბის კალმახი ულამაზესი ადგილიდან
"ზემოდან რომ დახედავ, ამ ტბაში ჩემი კალმახები ისე ლივლივებენ, ვეღარ ვცილდები, თანაც დიდ აუზში ბევრად სწრაფად იზრდებიან"

საოცარი კაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქის მკვიდრი კახა გასვიანი. დღეს მისი წყალობით ლამის დაცარიელებულ სოფელში ხალხი ბრუნდება... ამბობს, მეუხერხულება, როცა მეუბნებიან, შენ ხარ ჩვენი სოფლის მშველელიო. უნდა მეშველა, აბა, რა უნდა მექნა, ჩემი სამოთხე აქ არისო.

- შვიდი წლის წინ მეც წავედი და ოჯახით ქუთაისში გადავბარგდი - სოფ­ელში მარტო ოთხკლასიანი სასწავლებელია... სხვადასხვა სამუშაოს
ვასრულებდი, ტვირთსაც ვეზიდებოდი და ამით ვირჩენდი თავს, მაგრამ სოფელს მაინც ვერ ვტოვებდი.

ჩემი სახლიდან 2,5 კილომეტრში იმხელა წყალი ამოჩქეფს, ერთ პატარა მდინარეს ბადებს. ერთხელაც მოვიფიქრე, მოდი, აქ საკალმახეს გავაკეთებ-მეთქი. ვიცოდი, აჭარაში რომ ჰქონდათ გამოყვანილი კალმახის ლიფსიტები და იქიდან ჩამოვიყვანე. რის ვაი-ვაგლახით, მარტომ მოვაწყვე ამ ჩემი
მიწიდან ამოსული წყლით აუზი და ლიფსიტები გავუშვი. საკვებსაც ისე ვაძლევდი, როგორც მასწავლეს, მაგრამ ერთ დილით ჩავხედე აუზს და რას ვხედავ - ყველა ლიფსიტა დამწყდარა. მოკლედ, წყლის მილის ზომა ვერ გავთვალე, მილი ცოტა გავაფართოვე, მაგრამ არც ამან მიშველა, მეორეჯერაც ლიფსიტები დახოცილი დამხვდა. ამანაც არ გამტეხა. დედაჩემი მეუბნებოდა, რას ხარჯავ ან ძალას, ან ფულს რად ატან წყალს, შეეშვი ამ თევზსო. არ დავიშალე, უფრო დიდი აუზი გავაკეთე და წყლის მთელი ნაკადი მივუშვი... ერთ დღესაც აჭარიდან ის სპეციალისტი ჩამოვიდა, ვისგანაც ლიფსიტები ვიყიდე. ჩემს უშველებელ აუზს რომ დახედა, ფერი ეცვალა, იმიტომ, რომ ლიფსიტების პატარა აუზში გაზრდაც სათუოა. ყოველი ახალი პარტიის ჩასმისას ვფიქრობ, ან გამიმართლებს, ან არა, შენ კი ერთჰექტარიან აუზში აპირებ ლიფსიტების ჩასმას, ფული წყალში გაქვს გადაყრილიო. მე მაინც ასე მინდა, ლიფსიტები დიდ აუზში გამოვზარდო-მეთქი და იმ კაცს ლამის ძალით ჩავასმევინე ამხელა აუზში ლიფსიტები.

- და გაგიმართლათ?

- ისე გამიმართლა, როგორც არავის, დღეს შემიძლია დავიტრაბახო, რომ ისეთი გემრიელი კალმახი არავის ჰყავს, როგორიც ჩემი მწვანე ტბის კალმახია. და რატომ, იცით? რაც მეტი წყალი შემოდის, მით მეტად იკვებება მდინარის საკვებით. რასაკვირველია, ხელოვნურ საკვებსაც ვაძლევ. ზემოდან რომ დახედავ, ამ ტბაში ჩემი კალმახები ისე ლივლივებენ, ვეღარ ვცილდები, თანაც დიდ აუზში ბევრად სწრაფად იზრდებიან. Pლიფსიტების გაზრდა საინტერესო პროცესია, ყოველ ორ საათში უნდათ საკვების მიღება, როგორც ჩვილებს.

ეს წვალება სახელმწიფომაც დაინახა და დამეხმარა - კოოპერატივი შევქმენი მეზობლებთან ერთად, ისინი კობრს ზრდიან, მე - კალმახს.
არავის სჯეროდა, რომ ამ საქმისგან რამე გამოვიდოდა, ერთმა მეგობარმა ამხელა წვალებაში რომ დამინახა, ისიც კი მითხრა, ბიჭო, ერთი სიცოცხლე გაქვს და რა თავს იმწარებ, რატომ წვალობ ამდენსო! მე ამდენს განა მარტო ჩემი ოჯახისთვის ვწვალობ, მინდა, ლეჩხუმსაც ჰქონდეს სახელი,­ თორემ საქართველოში მისი არსებობა დაავიწყდათ. როცა გვარს მეკითხებიან და ვპასუხობ, ლეჩხუმელი ვარ, გასვიანი-მეთქი, მეუბნებიან, ეგ ლეჩხუმი სვანეთშიაო?! ახლა ზოგჯერ დღეში 200 კაცი მოდის ჩემთან სტუმრად და ყველამ იცის, რომ ასეთი ლამაზი და კარგი სწორედ ლეჩხუმია.

- 200 კაცი ყოველდღე სტუმრად მოდის?

- ერთ საქმეს რომ დავადგი თავი, მეორეს შევუდექი - საოჯახო სასტუმრო ავაშენე. ჩემი სოფლისთანა ლამაზი ბევრი არ მეგულება, დილით ჩვენს მწვანე ტბას ისეთი ნისლი ასდის, დახატული გეგონება. ჩემი სახლიდან ცხენებით თუ წახვალ, ალპურ ზონას 2 საათში მიაღწევ და იქიდან ულამაზესი ხედები იშლება, უკეთესი სადღა უნდა ეძებო! უცხოელები ხომ მოდიან და მოდიან, ქართველი სტუმარიც არ მაკლია.

- ხალხსაც დაასაქმებდით.

- 3 კაცი მყავს მუდმივად დასაქმებული, მაგრამ რომ არ მყოფნის, სხვებსაც ვიხმარ. გარდა ამისა, ტურისტები გამყოლებს ქირაობენ, 3-4-ცხენიან ტურისტს ალპურ ზონაში თითო კაცი მისდევს გამყოლად. მიხარია, ჩემს დაცლილ სოფელში ხალხი რომ ბრუნდება...

- ზამთარში რას აკეთებთ, როცა ბავშვები ქალაქში ბრუნდებიან?

- გზაზე ვარ გადებული, მაგრამ მალე აღარც ზამთარში მომიწევს სოფლის დატოვება. ბევრი ტურისტი მეუბნებოდა, თუ აქ ზამთარშიც იქნებით, უსათუოდ ამოვალო.

ეთერ ერაძე
თამუნა
22 სექტემბერი 2017 13:58
ღმერთმა გაგახაროს და გაგაძლიეროს კეთილო კაცო, დაილოცოს შენი მარჯვენა !!!

რედაქტორის რჩევით