"ალაზანში ტონიანი ლოქოები წვანან"
25-09-2017
"ალაზანში ტონიანი ლოქოები წვანან"
ალეკო თეთრაშვილის არასახუმარო ჰობი

"თევზაობა და ნადირობა ძალიან მიყვარს, ეგაა, ბოლო დროს ისე ხშირად ვეღარ ვნადირობ... მიყვარს ბუნება. რა სჯობს, ქალაქიდან სუფთა ჰაერზე რომ გადიხარ, გესმის ჩიტების ჭიკჭიკი, მიწისა და ბალახის საოცარ სურნელს გრძნობ. ახალგაზრდობიდან ვთევზაობდი და ვნადირობდი ნათესავებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად", - გვეუბნება მსახიობი და პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი.

ალეკო თეთრაშვილი: - ჩემი ჰობი ჯანმრთელობისთვისაც­ სასარგებლოა და აზარტულიც არის. განსაკუთრებით მიყვარს ანკესით თევზაობა. უყურებ მდინარეში გადაგდებულ ტივტივას, რომელიც ნელ-ნელა ჩაძირვას
იწყებს. მერე მოქაჩავ ანკესს. არ მოგყვება, რაც ნიშნავს, რომ თევზი მოეკიდა... ენით აუწერელი სიამოვნებაა ამოყვანაც - ახვევ ძუას და ამასობაში თევზსაც ამოაგდებ.

- ზოგი დაჭერილ თევზს უშვებს...

- პატარა თევზი უნდა გაუშვა, რომ გაიზარდოს, სხვამაც ხომ უნდა იხეიროს? ლიფსიტის დაჭერა ცოდვაა. ჩვენც ბევრჯერ გაგვიშვია. იმ
დღეს საკალმახოდ ვიყავი ხელოვნურ კერძო ტბორზე, რასაც დაიჭერ, წონით თანხას იხდი. ყველაფერი კანონიერია და რადგან ეს იცი, რამდენსაც გინდა, იმდენს დაიჭერ. ერთხელ კალმახს სხვა ჯიშის თევზიც მოჰყვა, დიდი კარჩხანა ("კარასი") და გავუშვი, უფრო კალმახის მოყვარული ვარ.

- ბადითაც თევზაობთ?

- ბადით ადრე ვთევზაობდი... ძალიან მაწუხებს მეკობრეობა, რასაც მკაცრად უნდა მოჰკიდონ ხელი. ისინი დენის აპარატით დადიან, დენის წყარო ხურჯინივით ჰკიდიათ (ძაბვა სპეციალური ხელსაწყოთი 12 ვოლტამდე გარდაიქმნება) და აპარატის წვერს წყალში უშვებენ, რეზინის ჩექმები აცვიათ, რომ თვითონ დაცული იყვნენ და რამდენ თევზს იჭერენ, არც კი ვიცი, რომელსაც მერე ყიდიან. ასე ფაუნას ანადგურებენ. ცუდი ის არის, რომ დენდარტყმული თევზი აღარ მრავლდება, ანუ ის ნაწილი, რაც ბადეს არ მოჰყვა და გაიქცა. ეს მეკობრეობა ულაპარაკოდ უნდა მოისპოს! ამას წინათ მაღალმთიან რაიონში ვიყავით. სოფლელებმა რომ დაგვინახეს, მაშინვე გვკითხეს - რით აპირებთ თევზაობასო. ანკესები ვაჩვენეთ. შვებით ამოისუნთქეს - ვიღაც გარეწრები დადიან და დენით თევზაობენ. სანამ პატრული მოვა, მანამდე თვითონ ვადევნებთ თვალსო.
გულდასაწყვეტია, რომ ყურადღება არ ექცევა თევზჭერასა და ნადირობას, როგორც მეურნეობას. ევროპის ქვეყნებში სამონადირეო საქმიანობა მაღალ დონეზეა დაყენებული და მომგებიანიცაა. შექმნილია სანადირო სავარგულები, მონადირეები კავშირის წევრები არიან და საწევროს იხდიან, ყოველწლიურად ლიცენზიას იძენენ, რა ცხოველზეც უნდათ ნადირობა (კურდღელი, ტახი...), ხდება მტაცებლების (ტურა, მელა, მგელი) გამოხშირვაც - თუ გარეული ცხოველები რაოდენობას გადააჭარბებენ და მოსახლეობისთვის, ტყის ფაუნისთვის საშიში ხდებიან... სავარგულები ისეთი მოვლილი და შემოსაზღვრულია, გაგიხარდება. ვისურვებდი, რომ ეს დარგი აქაც აღორძინდეს. ყველაფერი ჩანაგდება, მათ შორის უნიკალური ჯიშები. მაგალითად, სავათი, სარსარაკი, დურაჯი - ადგილობრივი ჯიშებია, რომლებიც ივრის, მტკვრის, ალაზნის ხეობაში თითო-ოროლა თუ იქნება, ასევე გნოლი. ყველა წითელ წიგნშია შეტანილი...

- ნადირობისას ალბათ ზღვარია დასაცავი.

- რა თქმა უნდა. არ შეიძლება ერთმა კაცმა 25-30 ხოხობი მოკლა, 2-ზე მეტი რად გინდა? მაგრამ ზოგს არ ჰყოფნის. ადრეც ასე იყო. ერთხელ, ხოხობზე სანადიროდ ლაგოდეხში ვიღაც დიდმოხელე წასულა. დახვედრია რაიკომის მდივანი და მილიციის უფროსი (როგორც ხდებოდა), 25 ხოხობი მოუკლავს... ეს სიხარბე და დანაშაულია. მსგავსი დარღვევები ახლაც ხდება.
გული მწყდება, რომ ჩვენს მშვენიერ ბუნებას შესაბამისად არ ვუვლით. არადა, უცხოეთში თუნდაც ავტობუსიდან, გზაზე ხედავ ირემს, ფრინველს... რატომ არ გვინდა, რომ ველურ ბუნებას, გარეულ ცხოველსა და ფრინველს მოვუაროთ, გავამრავლოთ? ამისთვის საჭიროა, რამდენიმე წლით ნადირობა აიკრძალოს, შემოისაზღვროს სანადირო სავარგულები, აშენდეს მონადირის სახლები, სადაც ღამეს გაათევ...

- ხოხობსა და იხვზე ნადირობაზე რას იტყვით?

- ხოხობსა და იხვზე ბევრი ნადირობს. მწყერი აფრიკიდან მოდის, იხვი - რუსეთიდან და უკან ისევ ჩრდილოეთში ბრუნდება... სამონადირეო წესი ასეთია: ნადავლი ერთად გროვდება. ჯგუფში მზარეულებიც არიან აღჭურვილობით, რომლებიც ნადირობის შემდეგ საოცარ ვახშმებს აწყობენ. მონადირეები ილოცებიან, ცნობილ მონადირეებს ადღეგრძელებენ და ნადავლს თანაბრად ინაწილებენ...

- მეთევზეებს ტრაბახიც უყვართ, დაიჭერენ­ კილოგრამიან თევზს და - 5-იანი იყოო!

- კი, უყვართ. ბევრი ვიცი, კილოიან თევზზე უთქვამს - 8 კილოს იწონისო. მე ტყუილი არ მიყვარს... მეგობარი მყავს პროფესიონალი მეთევზე, ცოტა ხნის წინ მასთან ერთად სათევზაოდ ვიყავი. ერთი ბადის სროლით ქარავანს დავეცით, 8 ცალი კალმახი იყო, 32 ხრამული და მურწაც. ლამის ერთი სათლი გავავსეთ.

კობრი დიდი იზრდება, 15 კილოგრამამდე და ყველაზე დიდი, კილონახევრიანი მაქვს დაჭერილი. ბიჭებს 5-8 კილოგრამიანიც დაუჭერიათ. რაც უფრო მოზრდილია, მით გემრიელია. ალაზანში ვეებერთელა, ნახევარტონიანი და ერთტონიანი ლოქოები პირდაპირ ფსკერზე წვანან, ვეღარ მოძრაობენ, ოღონდ, საშიში არიან, მტაცებლები. მათ დასაჭერად სპეციალურ სამკაპა ჩანგლებს იყენებენ. ლოქოს ინტერესი და აზარტი არ მქონია.

- იქნებ თქვენი ყველაზე წარმატებული ნადირობა გაიხსენოთ?

- კარგა ხნის წინ დედოფლისწყაროში ექვსი მეგობარი წავედით, ლიცენზია ავიღეთ, იქ 12-კაციანი ჯგუფი დაგვხვდა. ტახზე ნადირობას სხვა წესი აქვს. სპეციალურ ხეობაში უნდა შეხვიდე, "ნომრებში" უნდა დადგე, მარეკები უნდა წამოვიდნენ ძაღლების ყეფით, რომ ბუჩქნარიდან ტახი გამორეკონ. მოკლედ, ხელხვავიანი ნადირობა გამოდგა - 18-მა კაცმა 4 ტახი მოვკალით. ყველაზე დიდი 150-კილოგრამიანი იყო, პატარა - 90-კილოგრამიანი. თითოეული სამონადირეო წესით დაიკლა. ხორცი დახარისხდა, ყველას ზუსტი რაოდენობა მიეცა­, დანარჩენი - მოიხარშა, შეიწვა. კარგად მოვილხინეთ.

მწყერსა და იხვზე ბევრი მინადირია, მათზე ნადირობა ნებადართულია, რადგან გადამფრენია და უამრავია. საკმაოდ მინადირია კურდღელზეც.
უდიდესი სიამოვნებაა იხვზე ნადირობა. თან ისეთი სიჩქარით (120 კმ/სთ-ს ავითარებს) ჩაგიქროლებს, გაოცდები. როცა მოფრინავს, ყველა ფრინველისგან გაარჩევ (მის მოდელზეა შექმნილი თანამედროვე ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავები).

- ვიცი, რომ კარგი მზარეულიც ხართ... ნანადირევს როგორ ამზადებთ ბუნებაში?

- იხვს გემრიელი ხორცი აქვს, მისი ტაბაკაც შესანიშნავია და ხარჩოც, იხვის გულმკერდს ქათმის ღვიძლის გემო აქვს. ნანადირევი (ცხოველიც, ფრინველიც - მწყრის გარდა), მომზადების წინ ნახევარი საათით ძმარ-წყალში უნდა ჩაიდოს, რომ თავისი ოდნავ სპეციფიკური სუნი გაუვიდეს და ხორცი ცოტა დარბილდეს. ტახს რბილი ხორცი აქვს, ცხადია, მისი მწვადი უგემრიელესია და ჩვეულებრივად მუშავდება. თევზი (მურწა, ხრამული, წვერა) კარგად უნდა გამოიშიგნოს, გაირეცხოს, ადუღებულ წყალში ჩაიყაროს 3 მუჭამდე მარილი (თევზი მაინც იმდენს აიღებს, რამდენიც საჭიროა), დაემატოს ცოტა შაბი, ერთი-ორი დაფნის ფოთოლი და ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი). ამ ნახარშში თევზს ჩაყრით და 2 წუთში მზად არის. თვალი გაუთეთრდება, ზემოთ ამოიწევს და უნდა ამოიღოთ კიდეც.

- სხვებს თუ ურჩევდით რამეს.

- ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი უყვარს, აუზზე სიარული არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბუნებაში ყოფნას შეუძლია მოგანიჭოს. გავიდნენ ბუნებაში, დაუახლოვდნენ გარემოს... ნადირობა და თევზაობაც ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია.

ლალი ფაცია
კომბლე - ს
20 ოქტომბერი 2017 11:55
ტყუილად იძახი ,,ღმერთმა დამიფაროსო" შენ ქველმოქმედი და მით უმეტეს მილიარდელი ვერასოდეს გახდები, კომბლედ დარჩები, კომბლეეედ!
დიმა
29 სექტემბერი 2017 16:48
ალეკო ბატონო, გულზე რომ იბრაგუნებ ხელს და გაიძახი არ ვბრაკონიერობო, კალმახზე და კუდღელზე ნადირობა რომ აკრძალუილია ეტყობა არ იცი!
კ ო მ ბ ლ ე
29 სექტემბერი 2017 14:54
მე რომ ბიძინა ვიყო, „ღმერთმა დამიფაროს“ მაგრამ მაინც რომ ვიყო, ხუთი წლით ავკრძალავდი ნადირობას და თევზაობას. ნადირი და თევზი იქნებ გამრავლებულიყვნენ. გარდა მგელის, ტურას და სხვა მტაცებლებისა.
ეხ, რატომ არა ვარ მეფე გიორგი.

რედაქტორის რჩევით