"თავიდან ჩემზე ამბობდნენ, უსაქმურიაო" - კაცი, რომელმაც სამეგრელოს მარადმწვანე ედემი შექმნა - კვირის პალიტრა

"თავიდან ჩემზე ამბობდნენ, უსაქმურიაო" - კაცი, რომელმაც სამეგრელოს მარადმწვანე ედემი შექმნა

"ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ მცენარეებისთვის იშვიათი ფორმები მაქვს მიცემული, საქართველოში სხვაგან შეიძლება მსგავსი ვერც ნახოთ"

სამეგრელოში ლამაზი ეზო არავის უკვირს, რადგან ამ კუთხეში სახლ-კარის მოვლა ეზოდან იწყება. მაგრამ პაატა გოგელიას ეზო-კარი საცხოვრებელს ნამდვილად არ ჰგავს, უფრო ბოტანიკურ ბაღს ან დენდროლოგიურ პარკს მოგაგონებს. საოცარი სილამაზე, სიმწვანე, ყველაფერი საგულდაგულოდ, საკუთარი ხელით აქვს მოვლილი. რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სოფელ ახალაბასთუმნელი პაატა გოგელიას ნამუშევარი რაიონში ყველაზე ლამაზ ეზოდ გამოაცხადა.

პაატა გოგელია მხატვარ-დიზაინერია: - სამხატვრო აკადემიაში კარგი სპეციალისტები მასწავლიდნენ, მათ შორის, დიზაინერი გია ცხოვრებაძე, მისგან ბევრი რამ შევიძინე. ეზოს მოწყობაში ხელოვნების ცოდნაც მეხმარება, რასაც ჩემს პედაგოგ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს ვუმადლი, ხელოვნების ისტორიას მასწავლიდა...

მთავარია, ადამიანი მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს, თუ კმაყოფილია, ჩათვალეთ, რომ მკვდარია, ვეღარ განვითარდება. ეს განსაკუთრებით ხელოვანისთვის არის სახიფათო. ამიტომაც კრიტიკულად ვუდგები საკუთარ ნახელავს, მინდა, მუშაობისას რაღაც გამორჩეულს, განსხვავებულს მივაგნო. ასე ნელ-ნელა სხვადასხვა ეტაპზე გადავდივარ და საქმეც წინ მიდის.

- საკუთარ ეზოში მუშაობის გარდა, სად და რას საქმიანობთ?

- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდით, სადაც რეკონსტრუქცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საქმე არ აეწყო, თან ხელფასიც პატარა მქონდა და კერძო ბიზნესზე გადავერთე. ახლა შეკვეთები მაქვს, ბაღების რეკონსტრუქცია-აღდგენაზე, კომპოზიციების შექმნაზე, ჩანჩქერებზე, თევზებისთვის სპეციალურ აუზებზე ვმუშაობ.

- თქვენი ეზო აქამდე რატომ არ იყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი?

- ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ ჩემი შესაძლებლობის მხოლოდ 40% მაქვს გაკეთებული. ვამბობდი, როცა 70%-ს გადააჭარბებს, მაშინ წარვუდგენ საზოგადოებას-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა, პრესაში მანამდე "გამომაჭენეს".

- როდის დაიწყეთ ბაღის გაშენება?

- 7-8 წელია. რადგან შეკვეთები მაქვს, ჩემი ეზოსთვის მხოლოდ საქმისგან თავისუფალ დროს ვიცლი. ზოგჯერ დილით ადრე ვდგები ან გვიან ღამემდე ვმუშაობ. ყოფილა, 8-9 საათიც გაუჩერებლად მიმუშავია.

- ოჯახის წევრები თუ გეხმარებიან?

- დედა გარდამეცვალა, რომელიც ჩემი დიდი მხარდამჭერი გახლდათ, მყავს მამა, მეუღლე და ორი შვილი. ეზო დიდია, მაგრამ ჯერ 500 კვადრატი მაქვს დამუშავებული. ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებ, რასაც ადგილმდებარეობა ითხოვს. აქ შემოსულ ადამიანს ხშირად თვალში უცნაურად ხვდება გაკრეჭილ-ფორმირებული ხეები, ბუჩქები... ვიღაცები ამბობენ, რომ ეზო ცოტა გადატვირთულია, მაგრამ ვფიქრობ, ამასაც აქვს თავისი ხიბლი. ყველაფერი რომ დასრულდება, საცხოვრებელი სახლის ეზოს მოდელი აღარ იქნება - მთლიანად ბაღი მაქვს ჩაფიქრებული.

- რამდენი დასახელების მცენარე გაქვთ?

- 100-ზე მეტი სახეობის და 1000 დასახელების. ზოგი ადგილობრივია, ზოგი შემოტანილია ამერიკიდან, იაპონიიდან, აზიის სხვა ქვეყნებიდან. ვყიდულობ ნერგებს და ვზრდი, ვუვლი, ვახარებ, ფორმას ვაძლევ...

- ყველაზე მეტად რომელმა მცენარემ გაამართლა?

- კვიპაროსი საუკეთესოა, მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეიძლება. ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ იშვიათი ფორმები მაქვს ყველაფრისთვის მიცემული, საქართველოში სხვაგან შეიძლება მსგავსი ვერც ნახოთ.

- სამეზობლოშიც ბევრი კარგი ეზო იქნება, მაგრამ თქვენისთანა, მგონი, არავის აქვს. მეზობლები როგორ აფასებენ თქვენს ნახელავს?

- თავიდან ამბობდნენ, უსაქმურიაო, ბოლოს მიხვდნენ, რომ ეს სახუმარო საქმე არ არის.

ბატონ პაატას სხვა ბევრი გატაცებაც ჰქონია. ბავშვებს ქართულ საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლში ამეცადინებდა, 15 წელიწადს დადიანების ტაძრის მგალობელთა გუნდში გალობდა და როგორც მხატვარი, ხატწერითაც ყოფილა დაკავებული.

- ძველი და ქართული რაც არის, ყველაფერი მიყვარს, ქართველები ნიჭიერები ვართ, მაგრამ ერთი რამ გვაკლია - სულიერება. რატომ ვახსენე ეს, მცენარეებიც სულიერებასთან არის დაკავშირებული. ვისაც ფლორა უყვარს, ცუდ საქმეს არასდროს ჩაიდენს.

- ალბათ, მცენარეებს ესაუბრებით კიდეც...

- რა თქმა უნდა. ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. თუ გულით არ გიყვარს სიმწვანე, ამდენ მცენარესთან საერთო ენას ვერ გამოძებნი.

- როგორც ვატყობ, უმეტესად მარადმწვანეებს ირჩევთ...

- იმიტომ, რომ ზამთარშიც ინარჩუნებენ სილამაზეს და ხიბლს მატებენ ეზოს. მათი გაფორმება ფერადი ყვავილებითაც შეიძლება. მარადმწვანეების საოცარი კოლექცია მაქვს. მთავარია ფორმა - ნებისმიერ ბუჩქს სილამაზესა და ეშხს განსხვავებული ფორმა სძენს.

- ძვირია ასეთი ბაღის გაშენება?

- მოთხოვნას გააჩნია. არის უბრალო, საშუალო და უმაღლესი კლასის ბაღები. ჩემი უმაღლესი კლასის არ არის, რადგან დიდ ხარჯს მოითხოვს და ამიტომაც ვაკეთებ ასე ნელ-ნელა... მხოლოდ ბიოლოგიურ საკვებს ვიყენებ. მთავარია, მცენარეს არ დააკლდეს მინერალები, რათა სიჯანსაღე, სიმწვანე და ბრწყინვალება ჰქონდეს.

ჩემი რჩევა იქნება, როცა ბაღის გაშენებას დააპირებთ, დიზაინერს მიმართოთ, პროფესიონალი მცენარეებს შეგარჩევინებთ, განლაგებაში დაგეხმარებათ, ჩარგვის წესებსაც გასწავლით, მიმართულებებს მოგცემთ და კარგი შედეგებიც გექნებათ.

ლალი ფაცია