ნამდვილი დამბალხაჭო ევროპის ჩემპიონისგან
08-10-2017
ნამდვილი დამბალხაჭო ევროპის ჩემპიონისგან
"ყველის ფესტივალებზე ვინც გასინჯავს ჩემს დამბალხაჭოს, ყველა ცერს მაღლა სწევს, მაგარიაო"

2014 წელს დამბალხაჭოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა


ნათია რიგიშვილი ორ განსხვავებულ სფეროში საქმიანობს - ევროპის ჩემპიონია ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში, ამასთან, ქართულ დელიკატესს - დამბალხაჭოს აწარმოებს. ყველაფერი ბებიის რეცეპტით დაიწყო, დღეს კი 10 მეწველი ძროხა ჰყავს და წარმოების გაფართოებაზეც ფიქრობს.

- თიანეთში დავიბადე და გავიზარდე, სოფელ ახალსოფელში. ბავშვობი
დან ვთამაშობდი კალათბურთს, ფრენბურთს, ბოლოს მძლეოსნობას შემოვრჩი, თანაც ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული გახლდით. ვაკეთებდი ნებისმიერ საქმეს, რასაც სოფლის მეურნეობა მოითხოვდა - სიმინდი, კარტოფილი, ლობიო, მოსავლის დათესვა, გათოხნა, აღება-დაბინავება - მშობლებს ამ ყველაფერში ვეხმარებოდი. მესაქონლეობაშიც გამოცდილი ვარ - ნახირი, ძროხის წველა, მაწვნის შეყენება, კარაქი, ხაჭო, ყველი - ყველაფერს ვაკეთებდი.


- ახლა სად ცხოვრობთ?

- კვირის ნაწილს
თბილისში ვატარებ, ნაწილს გორსა და თიანეთში
. წერეთლის პროსპექტზე, მძლეოსნობის ფედერაციის ბაზაში ვცხოვრობ, რაიონებიდან ჩამოსულ სხვა ნაკრების წევრ სპორტსმენებთან ერთად. დაახლოებით 10 წელია, რაც ნაკრების წევრი ვარ. ამ ეტაპზე, როგორც სპორტსმენს, ყველაზე დიდი მიზანი რაც მაქვს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობაა. გარდა ამისა, ვსწავლობ გორში, რძის გადამუშავების სპეციალობაზე. ტრავმის გამო 2-წლიანი პაუზა მქონდა და დიდ დროს ვატარებდი სოფელში, დედა საბერძნეთში იყო და მე ვიყავი ოჯახის დიასახლისი. იმხანად საქონელი არ გვყავდა და ხშირად ვყიდულობდი ხაჭოს, რისგანაც დამბალხაჭოს ვამზადებდი ბებიას რეცეპტით.

- ძნელი მოსამზადებელია?

- დამბალხაჭოს ადგილწარმოშობა თიანეთითა და ფშავით შემოიფარგლება, ამ რეგიონებში აწარმოებენ მხოლოდ.
ნატურალურ ხაჭოს ვზელთ მარილში, ვაკეთებთ 200-300-გრამიან კვერებს და ჭურჭელში, რომელსაც ძობანი ჰქვია, 10 დღეს ვაშრობთ. გამომშრალ ხაჭოს ვაწყობთ თიხის ქვევრებში, ვხურავთ ჰერმეტულად და ვინახავთ მეტწილად სარდაფში, დაბალ ტემპერატურაზე. დავარგებამდე თვე-ნახევარი მიმდინარეობს ხაჭოს დაობებ
ა.
დამბალხაჭო შეიცავს პენიცილინს, კეფალინსა და ლეციტინს, რაც ხელს უშლის ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას, ებრძვის და აკაფსულებს ტუბერკულოზის ჩხირებს.

ჩემი მომზადებული დამბალხაჭო ახლობლებს ისე მოეწონათ, მისი შეძენის სურვილი გაუჩნდათ. მამამ მირჩია, შეიტანე პროექტი, იქნებ გაგიმართლოსო. მართლაც დავწერე. მიუხედავად იმისა, რომ მესაქონლეობაში ბევრი რამ გამეგებოდა, რძის საკითხებით რომ დავინტერესდი, ბევრი ტერმინი არ ვიცოდი. ვიფიქრე, რომ გამიმართლოს და დამაფინანსონ, ცოდნა ხომ დამჭირდება-მეთქი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე რძის პროდუქტების ტექნოლოგიის შესწავლა. პროექტი დამიფინანსეს და ახლა 10 მეწველი ძროხა მყავს. დამბალხაჭოს წარმოებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის პროდუქტი, ამიტომ მერჩივნა, რძე ჩემი მქონოდა.

- სად ყიდით?

- თბილისში, ფალიაშვილზე ყველის სახლში ვაბარებ, დანარჩენს სოფელში, შინ მოდიან და ყიდულობენ როგორც ჩვენებურები, ასევე უცხოელებიც. კილოგრამი 25 ლარი ღირს. ფშავსა და თიანეთში დამბალხაჭო დელიკატესია, მისგან ერბოხაჭოსაც ამზადებენ, თხლად დაჭრიან და ერბოში წვავენ, ძალიან გემრიელია. ყველის ფესტივალებზე ვინც გასინჯავს ჩემს დამბალხაჭოს, ყველა ცერს მაღლა სწევს, მაგარიაო.

ერთ-ერთ ლაბორატორიაში გამოვიკვლიე და დამბალხაჭოს ვარგისიანობის ვადა 6 თვე აქვს. ამ ხნის განმავლობაში თითქმის გულამდე ლბება. რაც მეტად დაობებულია, უფრო გემრიელია.

2014 წელს დამბალხაჭოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

წლეულს სწავლას დავასრულებ, დამრჩება სპორტი და დამბალხაჭოს წარმოება, ვეცდები, ორივე სფეროში წარმატებული ვიყო. დიდი მიზნები მაქვს, ვნახოთ, მათ ხორცშესხმას რა ხანი დასჭირდება.

ეკა სალაღაია
მაია ველთაური
16 ოქტომბერი 2017 16:31
ღმერთმა დაგლოცოს და ხელი მოგიმართოს ჩემო კარგო...
მისაბაძი და საამაყო ახალგაზრდა ხართ...
წარმატებები ყველა კეთილ საქმეში...
მ ე ა მ ა ყ ე ბ ი თ .
09 ოქტომბერი 2017 17:56
წარმატებები ნათია, გამიხარდა ძალიან ეს ინფორმაცია

რედაქტორის რჩევით