"სპარსული ბოსტნეული" ქართულ სუფრაზე - კვირის პალიტრა

"სპარსული ბოსტნეული" ქართულ სუფრაზე

"ჩვენთან ისპანახს გამრავლების ორი პერიოდი აქვს: შემოდგომის დასაწყისში, სექტემბერში, მეორე კი ადრე გაზაფხულზე. სექტემბერში რომ დავთესავთ, მოსავალს ოქტომბრის ბოლომდე იძლევა. გაზაფხულზე კი, დაახლოებით მარტის დასაწყისში ვთესავთ, არა უგვიანეს 20 მარტისა"

ისპანახი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო მცენარეა. მიჩნეულია, რომ ის ჯერ ირანში მოჰყავდათ, მერე კი, სავარაუდოდ, "აბრეშუმის გზის" წყალობით, ჩინეთში მოხვდა, სადაც VII საუკუნეში "სპარსული ბოსტნეული" უწოდეს. ისპანახი არაბული სამყაროს ყველაზე პოპულარული კულტურა იყო. ცნობილია, რომ ეკატერინე მედიჩი მოითხოვდა, საკვების ყოველი მიღებისას ისპანახი სუფრაზე ყოფილიყო. ეს მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს, რის გამოც აქტიურად გამოიყენება იოდის დეფიციტის წინააღმდეგ. მას მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვისაც მიირთმევენ. სასარგებლო თვისებების გამო, ისპანახის რაციონში ჩართვას ურჩევენ ბავშვებსა და ორსულებს. დღეს ისპანახის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთია, თუმცა ეს მცენარე ჩვენშიც ძალიან პოპულარულია და ქართველი ფერმერებიც სიამოვნებით ახარებენ.

ჩვენი სტუმარია ახალგაზრდა ფერმერი რუსო კილაძე, რომელსაც წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში დიდი სათბური აქვს. ამ სათბურში სხვა მცენარეებთან ერთად ისპანახიც მოჰყავთ.

- რას გვეტყოდით თქვენი საოჯახო ბიზნესის შესახებ?

- სოფელ გეგუთში დიდი სათბური გვაქვს, სადაც მეუღლესთან - დავით კვინიკაძესთან ერთად რამდენიმე სახეობის ბოსტნეული მოგვყავს. საქმეში ჩვენი პატარა გაბრიელიც აქტიურად არის ჩართული: ნერგებს აქეთ-იქით დაატარებს და ფიქრობს, რომ გვეხმარება. კარგია, რომ შრომას აქედანვე ეჩვევა, თანაც მისი "დახმარება" ჩვენთვისაც დიდი სტიმულია.

- როგორც ვიცი, ისპანახიც მოგყავთ. ადვილია მისი გახარება?

- დასავლეთ საქართველოში ეს მცენარე საკმაოდ კარგად ხარობს. ამას ჩვენი ნიადაგიც უწყობს ხელს და ჩვენც ხელს ვუწყობთ, რომ ყველა მცენარეს მისთვის შესაფერისი ნიადაგი დავახვედროთ. ჩვენს სათბურში, სალათასთან ერთად, სხვა კულტურებიც მოგვყავს, ისპანახიც მათ შორის არის. მას გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვახარებთ. სალათა 600-700 კგ მოგვყავს, ხოლო ისპანახი - 300-400 კგ.

- როგორც ცნობილია, ისპანახი უამრავი რამისთვის არის სასარგებლო.

- დიახ, ძალიან სასარგებლო მცენარეა და თან, გემრიელი. ის უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს, ამიტომ ვფიქრობ, ყველა ოჯახში უნდა იყოს. თანაც, ეს დიეტური პროდუქტია. ჩვენს კუთხეში დიასახლისები უგემრიელეს ისპანახის მხალს ამზადებენ.

- ისპანახს როდის თესავენ?

- ჩვენთან ისპანახს გამრავლების ორი პერიოდი აქვს: შემოდგომის დასაწყისში, სექტემბერში, მეორე კი ადრე გაზაფხულზე. სექტემბერში რომ დავთესავთ, მოსავალს ოქტომბრის ბოლომდე იძლევა. გაზაფხულზე კი, დაახლოებით მარტის დასაწყისში ვთესავთ. მაქსიმალური ვადა 20 მარტია, რადგან ისპანახს ცხელი ამინდები არ უყვარს. ის საშუალო ტემპერატურაზე უფრო კარგად ხარობს. სანამ ოდნავ სიგრილეა და ტემპერატურა 20-25 გრადუსს არ აღემატება, მანამ ვცდილობთ დათესვას. ისპანახის პაწაწინა ნერგები მალე ამოდის - დათესვიდან 3-4 დღის შემდეგ უკვე ღივდება და ამოწვერილია.

- როგორი ნიადაგი უყვარს ისპანახს?

- ისპანახის გასახარებლად ჩვეულებრივი ნიადაგია საჭირო, ოღონდ ტენიანი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სასუქით გამდიდრებულ და განოყიერებულ მიწაზე უკეთეს მოსავალს იძლევა.

ვიდრე დავთესავდეთ, ისპანახის თესლი უნდა დავალბოთ ოთახის ტემპერატურის წყალში და 2-3 დღეს გავაჩეროთ. ამ მცენარის თესლი ჩვენც მოგვყავს, მაგრამ როცა დიდი რაოდენობაა საჭირო, ვყიდულობთ. ჩამბალ მარცვლებს წყალი უნდა შევუცვალოთ, რომ არ დალპეს. 2-3 დღის შემდეგ კი გადავწუროთ და გავაშროთ. მზის გულზე თუ გავიტანთ, უფრო ადვილად გაშრება. ამის შემდეგ ისპანახის თესლს უკვე გამზადებულ მიწაზე მოვაბნევთ. 25 დღეში ნერგი რომ ამოიწვერება, ფრთხილად ამოვიღებთ მიწიდან და სხვა ადგილას გადავიტანთ, რომ უფრო კარგად გაიხაროს და უკეთესი მოსავალი მოგვცეს.

- დაახლოებით რა სიღრმეზე ირგვება ისპანახი?

- ბუდნებს ნერგების გადარგვის წინადღეს ვამზადებთ, ისინი საშუალოდ 1,5-2 სმ-ის სიღრმისა უნდა იყოს. ნერგები სათითაოდ გადაგვაქვს ნიადაგში. მათ შორის დაახლოებით 10 სმ უნდა დავტოვოთ, რომ ზრდის დროს ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. როცა გადავრგავთ, 3-4 დღეში ერთხელ მაინც უნდა მოვრწყოთ, რომ გაიხაროს. ისპანახის ნერგები ძნელი მოსავლელი არ არის, მთავარია დროულად მოვრწყოთ, რადგან ტენიანობა უყვარს. სასურველია ნიადაგის გაფხვიერება და სარეველების მოშორებაც.

- მოსავალს როდის იღებთ?

- ისპანახის მოსავალი დარგვიდან დაახლოებით 2 თვეში მოდის. როცა ფოთლების რაოდენობა 8-10 იქნება, ისინი უნდა შევჭრათ. ისპანახის ფესვები კი შეიძლება მიწაში დავტოვოთ, ამით არაფერი დაშავდება, პირიქით, ნიადაგს გაანოყიერებს.

- მოწეულ ბოსტნეულს სად ყიდით?

- ძირითადად ქუთაისის ბაზარში გაგვაქვს. ბითუმადაც ვაბარებთ და კილოგრამობითაც. მუდმივი კლიენტები გვყავს, რომლებიც სალათას, ისპანახსა და სხვა მცენარეებს დიდი რაოდენობით იბარებენ. მართალია, ჩვენ ძირითადად სალათა მოგვყავს, მაგრამ ისპანახი ჩვენთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

ისპანახის სალათი

ისპანახისგან უამრავი გემრიელი და სასარგებლო კერძი მზადდება. მათ შორის არის სალათი, რომლისთვისაც ახალი, ქორფა ფოთლებია საჭირო. რეცეპტი 4 ულუფაზეა გათვლილი:

შემადგენლობა: 200-250 გრამი ისპანახის ფოთლები; 1/2 ჭიქა შტოშის ჩირი; 1/3 ჭიქა დათლილი ნუში; 1/4 ჭიქა შაქარი; 1 ს/კ წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი; 1/4 ჭიქა თეთრი ძმარი; 1/4 ჭ ზეთი - ნებისმიერი; 1 ს/კ სეზამის მარცვლები, სასურველია მოხალული. მარილი და ცოტა წითელი წიწაკა ("პაპრიკა").

მომზადების წესი: მოხალეთ ნუში. ერთმანეთში აურიეთ ყველაფერი, პირველი სამი ინგრედიენტის გარდა (წითელი წიწაკა, მარილი, სეზამის თესლი, ზეთი, ძმარი, ხახვი, შაქარი). ეს სოუსი მოასხით ისპანახს, კარგად ამოურიეთ, გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ შტოშის ჩირი, ნუში და გემრიელად მიირთვით.

ხათუნა ჩიგოგიძე