"მრისხანე" სფინქსი ბიჭიკო ხაზარაძე
09-10-2017
"მრისხანე" სფინქსი ბიჭიკო ხაზარაძე
"ბიჭი" ჩემზე რაც უნდა გაბრაზებული და ნაწყენი იყოს, მაინც ვიცი, რომ ვუყვარვარ"

ზოგი ადამიანი შინ ქოთნის ყვავილებს უვლის, ზოგიც - ეზოს, მეურნეობას, ცხოველებს. ამჯერად ცხოველების მოყვარული რესპონდენტი გვყავს­ - ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს 14 წელიწადია, ერთი ჯიშის კატები (სფინქსი) ჰყავს და დიდი მონდომებით უვლის. სფინქსი უბალნო კატის პირველი ჯიშია, რომელიც 1966 წელს გამოიყვანეს. მის შეფერილობას კანის პიგმენტაცია განაპირობებს. ტიპური სახლის კატა კარგად ეთვისება გარემოცვას და ცუდად იტანს სიცივეს. შეიძლება იფიქროთ, რომ
სფინქსის მოვლა ძალიან ადვილია, თუმცა მათ კვირაში ერთხელ დაბანა და კანზე დაგროვილი ბუნებრივი ცხიმის ნოტიო ღრუბლით მოცილება სჭირდებათ.

- სფინქსის შესახებ ორი ვერსია არსებობს. არ მინდა, ერთ-ერთის მომხრე ვიყო, რომ ის ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშია. მეორე ვერსიით, ჩემი ფისოს ჯიში ძველი ეგვიპტიდან მოდის. მინდა, რომ ასე
იყოს... გარდა იმისა, რომ სფინქსი უბეწვო კატაა, არც სპეციფიკური სუნი აქვს.

- კატას რა დაარქვი?

- ბევრი არ მიფიქრია და სახელი სქესის მიხედვით შევურჩიე - "ბიჭი" დავარქვი. მაგრამ მის პასპორტს რომ ვიღებდი, რატომღაც გადაწყვიტეს, დოკუმენტში "ბიჭიკო" ჩაეწერათ და ასე გახდა ჩემი "ბიჭი" "ბიჭიკო ხაზარაძე". თუმცა, მე მაინც "ბიჭის" ვეძახი.

ჩემი კატა 24 დეკემბერს 9 წლის ხდება. სულ ვაპირებ და მასაც ვეუბნები, რომ დაბადების დღეს გადავუხდი, მაგრამ ჯერ ვერ ავასრულე დანაპირები.

- კატა მგრძნობიარე ცხოველია და ერთხელაც რომ გაგიბრაზდეს?

- "ბიჭი" ჩემზე რაც უნდა გაბრაზებული და ნაწყენი იყოს, მაინც ვიცი, რომ ვუყვარვარ.

- მახსოვს, "ბიჭიმდე" ამავე ჯიშის სხვა კატა გყავდა. როგორც ჩანს, სფინქსი შენი საყვარელი ჯიშია, რომელსაც ვერ ელევი...

- ვერც შეველევი. პირველად მოსკოვში, არბატზე ვნახე და მას მერე შემიყვარდა. კნუტებს ყიდდნენ, მაგრამ ძვირი ღირდა, ვერ ვიყიდე. 2003 წელი იქნებოდა, ჩემი შვილის, ლილუს გაჩენამდე. თბილისში რომ გადმოვედი, ორსულად ვიყავი და ტელეგადაცემაში, რომელიც მიმყავდა, განვაცხადე, თუ ვინმე ყიდის, ან იცით, რომ ასეთი კატა იყიდება, დამიკავშირდით-მეთქი. ეთერი დასრულებული არ იყო, რომ დამიკავშირდნენ და სფინქსი ვიყიდე. მას მერე სულ ეს ჯიში მყავს. "ბიჭი" მესამეა.

პირველი ფისო წლების მერე საშვილოსნოს კიბოთი დაავადდა. ოპერაციაც გავუკეთე, მაგრამ ვერ ვუშველე. მის დაკარგვას დიდხანს განვიცდიდი და მეორე კატა მალე ვერ ვიყიდე. მოგვიანებით კი მივხვდი, რომ სახლში სიცარიელე იყო და კვლავ სფინქსი მოვიყვანე, თუმცა უცნაური რამ მოხდა - ცუდი ხასიათის აღმოჩნდა. ვეტერინარმა მითხრა, თუ გინდა, ამ კატამ არ გადაგრიოს, ვინმეს მიეციო და ჩემს მეგობარს ვაჩუქე. ისევ საოცარი რამ მოხდა - იმ დღიდან საუკეთესო ზნის გახდა.

- რატომ მოხდა ასე?

- არ ვიცი, ესენი ხომ მისტიკური არსებები არიან და მითხრეს, შენს სახლში წინა კატის ხანგრძლივად ცუდად ყოფნა იგრძნო და ამის გამო ცუდად იქცეოდაო... მეგობარს რომ ვაჩუქე, ის უწესო კატა მალე დაორსულდა და მისი შვილი წამოვიყვანე.
შინ დაბრუნებულს "ბიჭი" მუდმივად კართან მხვდება. არ არსებობს, დავუძახო და არ მოვიდეს. რომ დამინახავს, ისე უხარია, ადგილზე ბზრიალებს.

- მზერაც თითქოს სხვანაირი აქვთ...

- კი, ასეა. ჩემი მეგობრებიდან ვისაც არ უყვარს კატა და განსაკუთრებით, ჩემი, სწორედ მას შეიძლება ჩაუხტეს კალთაში, "ბიჭი" ამას რაღაცნაირად ისე ოსტატურად ახერხებს, რომ სტუმარი გაკვირვებული რჩება. კომუნიკაბელურიც არის.

- რით კვებავ?

- "ბიჭის" მხოლოდ ერთსა და იმავე საკვებს ვაძლევ, რომელიც მეტად ძვირი ღირს, მაგრამ სხვას არაფერს ვაკარებ. არც ხორცის გემო იცის, არც ყველისა და რძის, მხოლოდ ნაყინს ვაჭმევ იშვიათად.

- დღეში რამდენჯერ უნდა აჭამო?

- სამი დღეც დამიტოვებია მარტო შინ. ძაღლს ამდენ ხანს ვერ დატოვებ, კატას კი საჭმელს ვუყრი და თვითონ ინაწილებს. ღორმუცელა არ არის და არც მშიერი მოიკლავს თავს...

- საშინაო პირობებში ჰიგიენას როგორ იცავთ?

- ჩემს კატას ბანაობა არ უყვარს. მუდმივად სველი ხელსახოცით ვწმენდ. ბეწვი რომ არა აქვს, ადვილად ეტყობა ჭუჭყი.

- აცრებს უკეთებ?

- ცოფზე ვცრი, მაგრამ ეს ხომ გარეთ არ გადის. სახლის კარი ღია რომ დატოვო, ზღურბლს არ გადააბიჯებს. მხოლოდ ერთხელ გაბედა სადარბაზოში გასვლა. თუ გარეთ გავიყვან, თავის საბანში ვახვევ.

- ვისაც ასეთი ფისოს შეძენა უნდა, რას ურჩევ?

- ყველას ვურჩევ, შინ რომელიმე ცხოველი მიიყვანოს, განსაკუთრებით - ვისაც პატარა ჰყავს. ეს ძალიან კარგია ბავშვისთვის. ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ ცხოველის ბეწვს ვერ ვიტან, მშვიდად ვერ ვუყურებ მას საწოლზე, ტანისამოსზე. ერთი უცნაურობა ახასიათებს ჩემს სფინქსს: მაღვიძარა რომ რეკავს, პირველად "ბიჭი" იღვიძებს, არადა, სხვა ხმაურზე რეაქცია არა აქვს. ტელევიზორიც რომ ჩართო, არ რეაგირებს, კლუბში დისკოთეკაზე რომ წაიყვანო, ის გრუხუნი ვითომც არაფერიაო.
ლილუსაც ძალიან უყვარს, მაგრამ კატამ ერთი პატრონის არჩევა იცის და მე ამირჩია. თავიდან ლილუ ეჭვიანობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ არაფერი იყო საეჭვიანო. ძალიან მიყვარს ჩემი "ბიჭი" და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით