7 "პაემანი" ვარდების ბაღში - კვირის პალიტრა

7 "პაემანი" ვარდების ბაღში

"ყვავილებისადმი ჩემი ასეთი დამოკიდებულება ოჯახის წევრებსა და წარმოიდგინეთ, შინაურ ცხოველებზეც კი გადადის. ჩემი შვილი საოცრად ცელქია, ხან სკამები დაამტვრია, ხანაც კედლები ფლომასტერებით მოხატა, თუმცა, ყვავილებს ყოველთვის უფრთხილდება და მორწყვაშიც მეხმარება"

ალბათ, ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, როდესაც გგონიათ, რომ ადამიანს კარგად იცნობთ, მაგრამ ერთხელაც მიხვდებით, რომ მისი შესაძლებლობების შესახებ ბევრი რამ არ გცოდნიათ. ასე დამემართა, როდესაც ჩემს კოლეგას, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტ ნინო წიფურიას ვესტუმრე და მისი ულამაზესი ბაღი ვნახე - შუაგულ ვაკეში, სულ რაღაც 15 კვ.მ ეზოში ხარობს უამრავი მცენარე, რომელსაც ნინო ყოველდღიურად უვლის.

ნინო წიფურია: - ყვავილები ენერგიით მავსებენ და დაღლილობასა თუ სტრესს მიხსნიან. ბაღის გაშენებით ერთგვარი თერაპიული კურსი მოვიწყვე. როცა ამ სახლში გადმოვედით, ვაზის გარდა ეზოში არც ერთი მცენარე არ ხარობდა. როგორც ჩანს, წინა მეპატრონეები ფიქრობდნენ, რომ ასეთ პატარა ეზოში ბაღს ვერ გააშენებდნენ. მე კი მოვახერხე, თანაც ისე, რომ მცენარეების მოვლის არანაირი წესი არ ვიცოდი. ყველაფერი ინტუიციით გავაკეთე. ახლა ეზოში შვიდი სახეობის ვარდი მაქვს. სხვათა შორის, მეუღლემ მაჩუქა ყველანი შეყვარებულობის პერიოდში, ერთ ტოტს ვწყვეტდი, ვაფესვიანებდი და შემდეგ ეზოში ვრგავდი. ახლა ჩემი მეთოდით გახარებული ულამაზესი ვარდები შემომრჩა, რომელიც ჩვენს პაემნებს მახსენებს. სხვათა შორის, ღობის ვარდი ღუდუშაურის კლინიკიდან წამოღებული ტოტიდან გავახარე. მთავარი ამ საქმეში მოთმინება და ნებისყოფაა. ყოველ დილით ვამოწმებდი, ფესვები ეზრდებოდა თუ არა, ერთი წლის შემდეგ კი ეზოში გადავრგე და ახლა ღობის ვარდი დედოფალივით მყავს მთელ კედელზე გაშლილი. ასეთივე მეთოდით გავახარე კედარიც - მე და ჩემმა მეზობელმა ვაკის პარკიდან კედრის თესლები წამოვიღეთ. სამწუხაროდ, მან ეზოში კედრის გახარება ვერ შეძლო, მე კი მოვახერხე. ზოგჯერ მგონია, რომ საკუთარ შვილს არ ვუფრთხილდები ისე, როგორც კედარსა და სხვა მცენარეებს. მცენარეები მზრუნველობასა და გულწრფელობას ყოველთვის გრძნობენ. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. მაგალითად, დილით მცენარეებს ყურადღებით ვაკვირდები და ვგრძნობ, რომელმა მოიწყინა და რომელი გრძნობს თავს კარგად. რომლებსაც მოწყენას შევატყობ, ადგილს ვუცვლი და ისინიც მაშინვე ცოცხლდებიან.

- მცენარეების გარდა, საინტერესო დიზაინერული ვარიაციებიც შეგიქმნია.

- სახლში ნივთებს მუშტრის თვალით ვუყურებ, რომელი შეიძლება მცენარისთვის გამომადგეს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მამაჩემის ლუდის ხის კათხები აღმოვაჩინე, რომელსაც თურმე წლების განმავლობაში სუვენირად ინახავდა - გავხვრიტე, მიწა ჩავყარე, მცენარეები ჩავრგე და შედეგით აღფრთოვანებული დავრჩი. ასევე გამოვიყენე ძველი ჩაიდანიც. მართალია, მცენარეს თიხის შეუღებავი ჭურჭელი უყვარს, რადგან კარგად სუნთქავს, თუმცა, ალუმინის ჩაიდანშიც ყვავილმა კარგად გაიხარა. ნაფოტებისგანაც საინტერესო კომპოზიციებს ვქმნი - ვაკის პარკიდან ნაფოტები წამოვიღე და მცენარეს ღობესავით შემოვავლე. არ ვყრი ძველ და გატეხილ ნივთებს, ქოთნებს, მათგან ყოველთვის შეიძლება საინტერესო ვარიაციების მოფიქრება. ერთ გატეხილ ქოთანში სუკულენტები ჩავრგე და მისტიკური კომპოზიცია გამოვიდა.

- შენს ბაღში მანდარინი და პამიდორიც ხარობს. ბოსტნეულის ყვავილებთან შერწყმაც დიზაინერული ჩანაფიქრია?

- მრავალფეროვნებისთვის წლეულს გადავწყვიტე, პამიდორი დამერგო, მაინტერესებდა, ყვავილებთნ ერთად რა სინთეზს მივიღებდი. ექსპერიმენტმა გაამართლა, პამიდვრის ჯერ კიდევ მწვანე ნაყოფი კარგად ერწყმის ფერადოვან ყვავილებს. მანდარინის "მოსავალსაც" მალე მოვიწევ. მცენარეების სხვადასხვა კომპოზიციის წყალობით მთელი წელი ჩემი ბაღი მწვანე და ლამაზია.

ზამთარში ქოთნები სახლში შემაქვს. ორქიდეას ზამთარში გარეთ ვერ დავტოვებ. მსმენია, რომ მისი სახლში გახარება ძნელია, თუმცა, მე არ გამჭირვებია. მივხვდი, რას ითხოვდა მცენარე ჩემგან - სითბოსა და სიყვარულს. ჩემი ასეთი დამოკიდებულება ოჯახის წევრებსა და წარმოიდგინეთ, შინაურ ცხოველებზეც კი გადადის. ჩემი შვილი საოცრად ცელქია, ხან სკამები დაამტვრია, ხანაც კედლები ფლომასტერებით მოხატა, თუმცა, ყვავილებს ყოველთვის უფრთხილდება და მორწყვაშიც მეხმარება.

- დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებ მცენარეების მოვლას?

- მცენარეების მოვლაზე შრომატევადი საქმე ძნელად წარმომიდგენია. ყოველდღე ნიადაგს ბალახებისგან ვასუფთავებ, ვწმენდ ქოთნებს და ყველა დეტალს ვათვალიერებ. ვცდილობ, ღობის ფერებიც ხშირად შევცვალო - გარემოც შესაბამისად აისახება მცენარეებზე, მათაც სჭირდებათ გარშემო მრავალფეროვნება და მეც ვცდილობ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა.

რუსუდან შელია