"მოიზიდე და მოკალი" - კვირის პალიტრა

"მოიზიდე და მოკალი"

"ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში ინაცვლებს და მოზამთრე ფაზასთან ბრძოლა სწორედ თავშესაფარი ადგილებიდან უნდა დაიწყოს"

სურსათი და გარემო - აზიურ ფაროსანას სწორედ ეს ორი ფაქტორი იზიდავს. მავნებელს წვნიანი ნაყოფის მქონე მცენარეები მოსწონს, მათ შორის, ატამი, წიწაკა, ციტრუსი, კიტრი, პომიდორი, მზესუმზირა, ვაშლი, მსხალი, ქლიავი და ყურძენი. ამჯერად, როგორც ფერმერების, ისე სურსათის უვნებლობის სამსახურის ყურადღება ციტრუსის კულტურაზეა კონცენტრირებული, რადგან აჭარასა და გურიაში მოსავლის ასაღებად ემზადებიან.

აზიური ფაროსანა გაზაფხულზე - აპრილის მიწურულსა და მაისის დამდეგს სახლდება მცენარეზე და მავნებლობას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. ფაროსანა ხორთუმით ხვრეტს ნაყოფს, ათხელებს შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება. მავნებელი გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ სახლებში, ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში; ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს სახლის პირობებში და რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს სახელმწიფო, რომ ფერმერებს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეთ, "კვირის პალიტრასთან" სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ლიპარტია საუბრობს:

- აზიური ფაროსანა ციტრუსს მინიმალურ საფრთხეს უქმნის, თანაც ამ პერიოდში მავნებელს უკვე დასრულებული აქვს კვება და ის მხოლოდ ერთეული სახით გვხვდება. მართალია, ციტრუსის კულტურაშიც დაფიქსირდა ფაროსანა, თუმცა, არა იმ რაოდენობით, როგორც სხვა მცენარეებში. სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს როგორც მავნებელთან ბრძოლას, ისე პროცესში მოსახლეობის ჩართვას. კერძოდ, თითოეულ ფერმერს ერთი ლიტრი ფერომონი და მისი გამოყენების დეტალური ინსტრუქცია დაურიგდა - ერთი ლიტრი ფერომონი საკმარისია 2 ჰექტრის შესაწამლად. საერთოდ, ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - თუ აშშ-ში მავნებლისგან მიყენებული ზარალი 5%-მდეა დასული, ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ფერმერები მავნებელს სახელმწიფოსთან ერთად ებრძვიან. ფერმერზე უკეთ არავინ იცის, რა ღონისძიებებია აუცილებელი მის საკარმიდამო სივრცესა თუ ბაღებში. სახელმწიფო კი შხამქიმიკატებითა თუ რჩევებით ეხმარება.

- აჭარასა და გურიაში ციტრუსის დასაკრეფად ემზადებიან. ფერმერების ნაწილი აცხადებს, რომ მოსავლის დიდი ნაწილი მავნებელმა მნიშვნელოვნად დააზიანა.

- თუ ციტრუსის მოსავალი წელს მცირეა და ნაყოფი ცვივა, ეს ფაროსანას არ უნდა დავაბრალოთ, ისევე როგორც თხილის მოსავლის მხოლოდ 10% დააზიანა ამ მავნებელმა. ციტრუსის მოსავლის პრობლემა წელს გვალვა იყო, მოგეხსენებათ, ნალექი თვეების განმავლობაში არ მოსულა, რაც აისახა ნაყოფზეც. ეს მოსახლეობამ კარგად იცის, მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, საქართველოს მასშტაბით დარიგებულია 230 ათასი ბუკლეტი, სადაც აღწერილია როგორც მავნებლის თვისებები, ისე მასთან ბრძოლის მექანიზმები.

- ფერმერების ნაწილი ჩივის, რომ შხამქიმიკატი, მართალია, ანადგურებს ფაროსანას, თუმცა, მცენარესაც ახმობს.

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. პრეპარატი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზეა დარეგისტრირებული, მის შემადგენლობაში ბოლო შესწორება 2012 წელს შევიდა და 2030 წლამდე მოხმარებისთვის ვარგისიანადაა მიჩნეული. მას იყენებენ როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში, თუმცა, არც ერთ ფერმერს არ დაუჩივლია, რომ ქიმიკატის გამოყენების შემდეგ მცენარე გახმა. პირიქით, ფერომონი ბოსტნეულის შესაწამლადაც რეკომენდებულია და თუ, მაგალითად, ბადრიჯანს ან პომიდორს არ აზიანებს, როგორ შეიძლება ციტრუსის ხე გაახმოს? მეტიც, წყალში შეუზავებელი ფერომონიც კი არ არის დამაზიანებელი მცენარისთვის, ის მხოლოდ მავნებელს ანადგურებს. როგორც გითხარით, 230 ათას მოქალაქეს დეტალურად აღვუწერეთ ქიმიკატის გამოყენების წესები, ამჯერად ინფორმირებული ფერმერების აქტიურობის დროა.

- როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას სახლის პირობებში?

- მავნებელი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში ინაცვლებს და მოზამთრე ფაზასთან ბრძოლა სწორედ თავშესაფარი ადგილებიდან უნდა დაიწყოს. სახლის პირობებში ფაროსანასთან ფერომონით ბრძოOლა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მსოფლიოს ექსპერტების რეკომენდაციით, არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომლებსაც მოსახლეობა იყენებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. მაგალითად, მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოსაზიდად თავშესაფრებს სახლების მახლობლად ათავსებენ. ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ ფაროსანას. სახლის პირობებში ფაროსანასთან ბრძოლის ერთი კარგი საშუალება მტვერსასრუტით მისი შეგროვება და განადგურებაა. კიდევ ერთი რეკომენდაცია: აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ეფექტიანია ე.წ. მოიზიდე და მოკალის მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოსაზიდად მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება. გარდა ამისა, ვეგეტაციის პერიოდში ბაღის კიდეზე არსებულ მცენარეზე 5 ან მეტი ფერომონი თავსდება და ტარდება ყოველკვირეული წამლობა ინსექტიციდებით. ვიმეორებ, მთავარია, მოსახლეობამ არ დაიზაროს ფაროსანასთან ბრძოლა, რადგან ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას. გარე ტერიტორიებზე, ჭალებში, ჯაგებსა თუ ტყის პირებში, სადაც მავნებლის კონცენტრაცია ხდება, უკვე სახელმწიფო მოქმედებს და მომავალშიც გააგრძელებს ბრძოლას მავნებელთან. სიმინდის მოსავლის გადასარჩენად ყველა სპეციფიკური ტექნიკა გამოვიყენეთ, მათ შორის, ავიაციაც, იმავე ზომებს მივმართავთ ყველა ტერიტორიაზე, სადაც ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა გვექნება. ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია ფაროსანას მოსაზიდი 21 ათასი ხაფანგი, აქედან 11 თბილისის ლოკაციაზეა განთავსებული.

რუსუდან შელია

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" მხარდაჭერით/დახმარებით

რჩევები ჩვენი სპეციალისტისგან

მავნებელი მწერების საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებები არსებობს. ისინი შეგვიძლია გამოვიყენოთ აზიური ფაროსანას წინააღმდეგაც.

1. 400 გრამი თამბაქოს ნარჩენები (მტვერი) ჩავყაროთ ჭურჭელში და დავასხათ 10 ლიტრი წყალი. გავაჩეროთ ორი დღე-ღამე, შემდეგ გადავწუროთ და სითხეს კვლავ 10 ლიტრი წყალი დავუმატოთ.

მიღებულ სამუშაო ხსნარს ყოველ 10 ლიტრზე 40 გრამი სარეცხის საპონი ემატება. აუცილებელია, რომ ის ბოლომდე იყოს გახსნილი. ამიტომ საპონი დათალეთ თხლად ან გახეხეთ. შეიძლება მისი ცალკე შემთბარ წყალში გახსნა და გაზავებაც.

მიღებული სამუშაო ხსნარი შეგიძლიათ შეასხუროთ მცენარეებს სასხურებელი აპარატით.

შენიშვნა: თუ ორჯერ გაზავებულმა ხსნარმა არ იმოქმედა, შეიძლება პირდაპირ გამოვიყენოთ გადაწურული 10 ლიტრი სითხე, მეორე 10 ლიტრის დაუმატებლად.

2. თამბაქოს ნარჩენები (მტვერი) შეიძლება დავყაროთ ძველ ტაფაზე ან ლითონის ჭურჭელზე და ცეცხლი მოვუკიდოთ. რაც მეტხანს იხრჩოლებს კვამლი, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ ქარის მიმართულებას, რათა ცეცხლი ისეთ ადგილას დაანთოთ, რომ კვამლი საჭირო ტერიტორიას მოეფინოს.

3. შეიძლება თამბაქოს მტვრის შეფრქვევა, ოღონდ ჯერ ძალიან წვრილად უნდა დაიფქვას. გამოდგება გოგირდის შესაფრქვევი აპარატი.

არსებობს სხვა მცენარეებიც, რომლებიც გამოდგება მავნებელი მწერების წინააღმდეგ: ხახვის მშრალი კანი, ნივრის ბოლქვები, მდგოვი, პირშუშხა, ლენცოფა, ლემა, ძაღლყურძენა, პომიდვრის ანასხლავი, კარტოფილის მიწისზედა ნაწილი, ცხარე წიწაკა, აბზინდა, ფარსმანდუკი.

ნიკოლოზ იოსებიძე

იხილეთ დეტალურად: ყველაფერი ფაროსანას შესახებ

ნიკოლოზ იოსებიძე