ხავიწი, თუშეთი და ჩეხური Know-How
01-11-2017
ხავიწი, თუშეთი და ჩეხური Know-How
ბოლო რამდენიმე წელიწადია, თუშეთი ქართველი და უცხოელი ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. წლების წინ ცივილიზაციას თითქმის მოწყვეტილი მხარე დღეს ტურისტებს სიამაყით სთავაზობს საოჯახო სასტუმროებს, ცხელ წყალს (რაც ათიოდე წლის წინაც ფუფუნება იყო), ტრადიციულ თუშურ კერძებსა და ადგილობრივად მოყვანილ ნატურალურ პროდუქტს.

რამდენიმე წლის წინ თუშეთის სოფლებში მზის ენერგიის ათვისება დაიწყეს, რამაც აქ ვითარება შეცვალა. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა. მზის პანელებისა და ბატარეების დამონტაჟების შემდეგ თუშებს საშუალება მიეცათ, მცირე ბიზნესი წამოეწყოთ და
ტურიზმის სფეროში დასაქმებულიყვნენ. ასე შეიქმნა­ ე.წ. მოთხოვნილებათა ჯაჭვის პირველი რგოლები. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუშეთის ტურისტული პოტენციალის სარეალიზაციოდ და იმისთვის, რომ საქართველოს ეს ულამაზესი მხარე არ დაცარიელდეს...

მარინე ღუზარაული, მოზაიძეების ოჯახის რძალი, სოფელ ომალოს მკვიდრია. დაახლოებით შვიდი წელია, მისმა ოჯახმა ყველის წარმოება დაიწყო. თავიდან, ცხადია,
პრობლემები იყო, თანაც ბევრი, წარმოება კი საკმაოდ მცირე. თუმცა, წლიდან წლამდე თუშეთში ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში" დახმარებისა და თუშეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებით, მარინეს ოჯახის მეურნეობაც გაიზარდა.
 კაფეს მთავარი კერძი თუშური დელიკატესი ხავიწია
დღეს მარინეს ოჯახს 16 ძროხა ჰყავს. თითოეული 15 ლიტრამდე რძეს იწველის, საიდანაც რამდენიმე თავი ყველი მზადდება.­ ცოტა ხნის წინ კი მოზაიძეების ოჯახმა ომალოში პატარა სახავიწე კაფე გახსნა. ქართველ და უცხოელ ტურისტებს­ მარინე სახავიწეში თუშური სამზარეულოს ტრადიციული კერძებით მასპინძლობს. სახავიწეს ეზოში საკუთარი თონე აქვს. კაფეს მთავარი კერძი თუშური დელიკატესი - ხავიწია.
ხავიწი, იგივე დათხური, ხაჭოთი მზადდება. ხავიწის მოსამზადებლად გაადნობენ ერბოს, აადუღებენ, ჩაყრიან ხაჭოს და ნელ-ნელა შეზელენ ერთმანეთში, სანამ კვლავ არ წამოდუღდება. შემდეგ გადმოდგამენ ცეცხლიდან. სადღესასწაულო ქადებს გულად ხავიწს ჩაურთავენ ხოლმე. თუშები ამბობენ, ხავიწი "მუხლს აძლევს" და დიდი ხნით ანაყრებს ადამიანსო. შესახედავად და გემოთი ხავიწი ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთ ცნობილ კერძს, ფონდიუს წააგავს, თუმცა, იქვე, საოჯახო სასტუმროში გაჩერებული ფრანგი ტურისტების ჯგუფი ერთხმად გვიმტკიცებდა, ფონდიუ ხავიწთან ახლოსაც ვერ მოვაო...

მარინე ღუზარაული ზემო ომალოში სასტუმროს აშენებასა და სველი წერტილების კეთილმოწყობასაც გეგმავს. ეს კი ბიზნესის გაფართოების საშუალებას მისცემს.

"ძალიან დაგვეხმარნენ ჩეხები... ამ ხელშეწყობის გარეშე, დამოუკიდებლად, ჩვენი სახსრებით ამ ბიზნესის წამოწყებას ვერ შევძლებდით", - ამბობს მარინე.

"მოტივაცია მათთვის მზის პანელების თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაა. ადგილობრივებს უჩნდებათ შესაძლებლობა, ახალი საქმიანობა წამოიწყონ, ფული დააბანდონ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებასა და საოჯახო ბიზნესში, რაც, როგორც ვნახეთ, ძალიან კარგად გამოსდით. თუშები ძალიან მონდომებული ხალხია, მცირე ბიძგი, დახმარება და - საკუთარი სახსრების მობილიზებას და ინვესტირებას იწყებენ", - გვითხრა პროექტის მენეჯერმა ანზორ გოგოთიძემ.

ბილი მარტინსკი, მოგზაური ბლოგერი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა