როგორ მოვამზადოთ ფუტკარი გამოსაზამთრებლად - კვირის პალიტრა

როგორ მოვამზადოთ ფუტკარი გამოსაზამთრებლად

"მღრღნელებისა და სხვამავნებლებისგან დასაცავად, სკას უკეთებენ თუნუქის საფრენს (ფუტკრის გამოსაფრენად), რომელზეც 6-7 მმ სიგანის საძრომია ამოჭრილი"

ზამთარი ნებისმიერი არსებისთვის რთული პერიოდია. გამონაკლისი, ცხადია, არც ფუტკარია, ამიტომ მის გამოსაზამთრებლად მეფუტკრეებიც საგანგებოდ ემზადებიან. "წლეულს საქართველოში ადრე აცივდა, ამიტომ ყველა მეფუტკრე ყურადღებით უნდა იყოს და როგორც კი დათბება, ფუტკრის ოჯახებს გამოზამთრებისთვის საჭირო პირობები შეუქმნას", - გვითხრა შპს "მეთაფლიას" ხელმძღვანელმა და მეფუტკრეობის სწავლულმა ზოოტექნიკოსმა როლანდ ზირაქიშვილმა.

- თადარიგიანი მეფუტკრე ფუტკრის გამოზამთრებაზე ჯერ კიდევ ივლისიდან ზრუნავს: თაფლის გამოწურვისთანავე იწყებს ფუტკრის ოჯახების პროფილაქტიკურ მკურნალობას. საშემოდგომო დათვალიერების დროს აუცილებელია დადგენა, რამდენია სკაში საკვების მარაგი, როგორია მისი ხარისხი, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ დედაფუტკრის ჯანმრთელობასაც. სუსტი და უდედო ოჯახები შევაერთოთ და დაზიანებული ფიჭები ამოვაცალოთ, ჩავუდგათ ტიხარი, არასაიმედო საკვები შევცვალოთ ხარისხიანი თაფლიანი ჩარჩოებით, ან შაქრის ვაჟინით შევავსოთ. თუ მეფუტკრე საკვების მარაგს დროულად ვერ შეავსებს და ფუტკარს ვერ უმკურნალებს, შეიძლება ფუტკარმა ძალიან ცუდად გამოიზამთროს და დაიღუპოს კიდეც.

- რა უნდა იღონოს მეფუტკრემ, ეს რომ არ მოხდეს?

- ივლისში, თაფლის გამოწურვისთანავე, ტკიპა ვარვატოზის წინააღმდეგ ფუტკარს უნდა ვუმკურნალოთ თანამედროვე პრეპარატებითა და ინსტრუქციის მიხედვით. აგვისტოში საკვები მარაგის შევსება უნდა დავიწყოთ: ერთი ოჯახის გამოსაკვებად საჭიროა 5-7 კგ შაქარი. თუ ოჯახს საკვები აკლია, ფუტკარი დაიღუპება ან ცუდად გამოიზამთრებს. თუ საკვები მარაგის შევსება აგვისტოში ან სექტემბერში ვერ მოასწარით, ინვერსირებული საკვებით უნდა შეავსოთ.

- როგორ უნდა დავთბუნოთ სკები?

- მთიან ზონაში სკების დათბუნება უკვე უნდა დავიწყოთ: ყველა სკა უნდა გამაგრდეს, სპეციალური ტიხრები გაკეთდეს, ზემოდან კი ბალიში დავაფაროთ. ბალიშისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ბამბა, ჩალა, ბურბუშელა, ხმელი ფოთლები, ნახერხი, რომელიც სუსტ ოჯახებს ორივე მხრიდან და ზემოდანაც უნდა გაუკეთდეს. დაზამთრებისას სკაში უნდა იყოს ახალგაზრდა დედაფუტკარი, რომელიც 100%-ით გამოიზამთრებს.

- კიდევ რა არის საჭირო ფუტკრის გამოსაზამთრებლად?

- უნდა მოვაწყოთ საშემოდგომო გამაღიზიანებელი კვება, რათა დედაფუტკარმა მეტი კვერცხი დადოს და გაზაფხულზე მეტი ახალგაზრდა ფუტკარი მივიღოთ. ბარის ზონასა და დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში ეს ახლაც შეიძლება გაკეთდეს. იქ არც საკვები მარაგის შევსებაა დაგვიანებული და არც დედაფუტკრის შეცვლა. დათბუნებას ბარად და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში მეფუტკრეები ნოემბერში იწყებენ.

- ფუტკრის ოჯახებს თაგვებიც ერჩიან?

- მღრღნელები მეფუტკრეებს მართლაც უქმნიან სერიოზულ პრობლემებს. ამიტომ, მღრღნელებისა და სხვა მავნებლებისგან დასაცავად, სკას უკეთებენ თუნუქის საფრენს (ფუტკრის გამოსაფრენად), რომელზეც 6-7 მმ სიგანის საძრომია ამოჭრილი. არსებობს სპეციალური საკეტი, რომ ფუტკრის გარდა, სკაში ვერც ერთი მავნებელი ვერ შეფრინდეს. სკის ირგვლივ მთელი ტერიტორია მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატებით უნდა დამუშავდეს. დაცული უნდა იყოს საკვების რაოდენობა და ხარისხი: 1 ჩარჩო ფუტკარს 2,5 კგ თაფლი უნდა დავუტოვოთ. საჭიროა სკების სრულყოფილი ვენტილაცია, რადგან სინესტის გამო შეიძლება საკვები ამჟავდეს და ამან ფუტკრის დაავადებები და დასუსტება გამოიწვიოს.

- დამწყებ მეფუტკრეებს რას ურჩევდით?

- დღეს საქართველოში 50 ათასამდე მეფუტკრეა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია "მეთაფლიაში", საპატრიარქოში, სპეციალისტებისგან.

ხათუნა ჩიგოგიძე