როგორ მოვიგოთ ბრძოლა მოსავლისთვის - ფერმერი ურჩევს ფერმერს - კვირის პალიტრა

როგორ მოვიგოთ ბრძოლა მოსავლისთვის - ფერმერი ურჩევს ფერმერს

"2 ფარდულიც რომ დაგვრჩეს შეუწამლავი, ფაროსანა მთელ სოფელს გაანადგურებს"

ფერმერ მერაბ ნადარაიას წლეულს თხილის კარგი მოსავალი ჰქონდა და ეს არ არის იმის დამსახურება, რომ იღბლიანია და მის ფართობზე სოკოვანი დაავადებები თუ ფაროსანა არ გამოჩენილა. მცენარის მოსავლელად საკმაოდ დამღლელ სამუშაოებს ადრე შემოდგომაზე იწყებს, მოსავლის აღებამდე ფართობს რამდენჯერმე წამლავს და აზოტსაც განსაზღვრული რაოდენობით იყენებს. რა უნდა ვიცოდეთ, რომ გაისად თხილის კარგი მოსავალი თითოეულმა ფერმერმა მიიღოს, მერაბ ნადარაია საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

- კარგი მოსავლის მისაღებად წესების ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. მაგალითად, უნდა დავიწყოთ საშემოდგომო სამუშაოები მომავალი წლისთვის საღი ნაყოფის მისაღებად. ვიწყებთ თხილის გასხვლით, პარალელურად, დრენაჟებს ვასუფთავებთ. მოგეხსენებათ, დასავლეთი საქართველო ჭარბტენიანია, დანესტიანებულ ნიადაგში კი სოკოვანი დაავადებების რისკი მაღალია - ამიტომ, ფართობის დახრილობის მიხედვით, დრენაჟების განთავსების არეალი უნდა განისაზღვროს; ზოგ შემთხვევაში ყოველ 10 ან 20 მეტრში უნდა განთავსდეს. ამ მეთოდით ნალექისგან დაგროვილი წყალი ფართობიდან მაქსიმალურად განიდევნება.

თხილის გასხვლის შემდეგ, დაგროვილი მასა ფართობიდან უნდა გავიტანოთ და დავწვათ, რადგან, შესაძლოა, მავნებლები ფოთლებში ბუდობდნენ და საღი მცენარე დააავადონ... ამასთან, გასხვლისთანავე მცენარე სპილენძის შემადგენელი პრეპარატებით უნდა შეიწამლოს, რომ ახალგასხლულ მცენარეში მავნებლები არ გაჩნდნენ. გარდა სპილენძისა, უნდა შევურიოთ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატიც. მართალია, ფაროსანას ახლა ძილის პერიოდი აქვს, მაგრამ, შესაძლოა, ფოთლებში იყოს დამალული. მე შეწამვლისას ვიყენებ "დეციზის", "ზონდერის" ან "დი 58"-ის ჯგუფის პრეპარატებს, რაც ნებისმიერი ფერმერისთვის ხელმისაწვდომია.

აუცილებელია ფართობზე ქარსაფრების მოწყობაც - თუ ქარი 2-3 საათს გაგრძელდა, მცენარის 50%-ს დააზიანებს.

- საშემოდგომო სამუშაოები ამით დასრულდება?

- აუცილებელია ნიადაგის ანალიზიც, რათა დადგინდეს, რამდენი სასუქი სჭირდება ნაყოფს. დასავლეთ საქართველოში ნიადაგს კალიუმი და ფოსფორი აკლია, განსაკუთრებით იქ, სადაც ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული. ნიადაგის ანალიზი მისი მჟავიანობის ხარისხსაც გვაჩვენებს. თუ მაღალი მჟავიანობაა, მის შესამცირებლად, აზოტთან ერთად, კირიც აუცილებელია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ნებისმიერ სეზონზე თხილი სარეველებისგან უნდა გავწმინდოთ, რადგან საკვებსაც ართმევს და სარეველებში მავნებლებიც იბუდებენ.

რაც შეეხება საგაზაფხულო სამუშაოებს, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, შეწამვლა 15 მარტიდან, არა უგვიანეს 30 მარტისა უნდა დავიწყოთ. ამ პერიოდში იღვიძებს ზოგიერთი მავნებელი, მათ შორის, კვირტის ტკიპა, რომელიც მოსავლის 60%-ს ანადგურებს. შესაწამლად სპილენძის შემცველი პრეპარატები გამოიყენება და სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო ნივთიერებებიც უნდა შევურიოთ. მე "ენვიდორს" ან "მასაის" ვიყენებ. პირველი შეწამვლისას უნდა გამოვიყენოთ მავნებლების საწინააღმდეგო შხამქიმიკატები - "დეციზი" ან "დი 58". როცა პირველ შეწამვლას დავასრულებთ, ზუსტად 15 დღეში იმავე ნივთიერებებით შეწამვლა უნდა გავიმეოროთ.

ადრე გაზაფხულზე აუცილებელია დაზიანებული კვირტების მოშორება და მისი დაწვა. შეწამვლის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 15 აპრილიდან, ფართობში აზოტი უნდა შევიტანოთ. რაოდენობა მცენარის ასაკის მიხედვით განისაზღვრება. ახალდარგულს პირველ წელს აზოტი არ სჭირდება, მეორე წელს კი თითო ხისთვის 50 გრამი უნდა გავითვალისწინოთ, ზრდასრული მცენარე კი 500-600 გრამ აზოტს მოითხოვს.

- თხილის შეწამვლა გაზაფხულზე სრულდება?

- არა, ხელახალი შეწამვლა 15 ივნისიდან არის აუცილებელი, ამჯერად ფაროსანას საწინააღმდეგოდ. ფართობზე ფაროსანას ხაფანგები განვათავსოთ და დავაკვირდეთ, რამდენი მავნებელი დაგროვდება. ამის მიხედვით განვსაზღვრავთ, ფართობზე მოდებულია თუ არა ფაროსანა. მის წინააღმდეგ გამოიყენება "ზონდერის" ჯგუფის პესტიციდები, თუმცა გირჩევთ, ორჯერ ერთი და იმავე ნივთიერების გამოყენების შემდეგ, მესამედ სხვა შხამქიმიკატი გამოიყენოთ, რადგან ფაროსანა იმუნიტეტს გამოიმუშავებს და თუ კონკრეტული შხამქიმიკატი ორჯერ შეწამვლით შედეგს გვაძლევს, მესამედ მავნებელს ვეღარ ერევა. შემდეგ თხილის ფართობზე ისევ აზოტი უნდა შევიტანოთ და პარალელურად, ფესვებიდან ამოსული ე.წ. შვილებისგან გავათავისუფლოთ.

შეწამვლა აუცილებელია მოსავლის აღებამდე 15 დღით ადრეც. თუ დარი დაემთხვა, თხილის მოსავლის აღება უკვე 1-ლი აგვისტოდან იწყება და 15 ივლისისთვის იგივე პროცედურები უნდა გავიმეოროთ. თუ ჭარბი ნალექი მოვიდა, სპილენძის შემცველი სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ნივთიერებებით ერთხელ კიდევ, ერთჯერადად, უნდა შეიწამლოს ფართობი.

- წლეულს ფერმერები თხილის ცუდ მოსავალს უჩიოდნენ. თქვენ მთელი ამ პროცედურების შემდეგ რა რაოდენობის მოსავლის გადარჩენა მოახერხეთ?

- 100 ჰექტარი თხილი მაქვს. დაახლოებით 3% ფაროსანამ დააზიანა, 3% კი სოკოვანმა დაავადებებმა, დანარჩენი საღი იყო. სოფლის მეურნეობა უზარალოდ არ არსებობს, თუმცა, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ზარალი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ფერმერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ კარგი მოსავლის მისაღებად მხოლოდ აზოტის მიწოდება და გათიბვაა საკმარისი, შესაწამლავ ნივთიერებებს კი იშვიათად იყენებენ. წლეულს მოსავლის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი ჭარბი ნალექი და ნაყოფის ლპობა იყო, ამას დაემატა ფაროსანაც. გაისად ამ მავნებლის მასშტაბურად გამრავლების საშიშროებაა და ფერმერებმა თუ მოსახლეობამ უნდა დაიწყონ შენობა-ნაგებობების შეწამვლა, მათ შორის, ბოსლების, ფარდულების. 2 ფარდულიც რომ დაგვრჩეს შეუწამლავი, ფაროსანა მთელ სოფელს გაანადგურებს. სახლში კი ფაროსანას ფიზიკურად უნდა ვებრძოლოთ. მე საცხოვრებელი სახლის ირგვლივ დაჩხვლეტილი ყუთები დავალაგე, ფაროსანა სახლში აღარ შევიდა და ყუთებში დაიბუდა. ამ ხერხით უამრავი მავნებელი გავანადგურე. სოფლებში არიან ჯგუფები, რომლებიც 10 ლარად მოსახლეობას მთელ ფართობს უწამლავენ. მე ჩემი ნაკვეთიდან 3 კილომეტრის რადიუსში ყველა მოსახლეს დავეხმარები, რათა მოსავალი მავნებლებისგან დავიცვათ. ასე ებრძვიან ფაროსანას მთელ მსოფლიოში.

რუსუდან შელია

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" მხარდაჭერით/დახმარებით