მილიონერი ფერმერის ფორმულა - ანუ როცა შრომის ყოველი წუთი ნაანგარიშებია - კვირის პალიტრა

მილიონერი ფერმერის ფორმულა - ანუ როცა შრომის ყოველი წუთი ნაანგარიშებია

"საოცრებები ვნახეთ - ლიტველ ფერმერებს ისეთი ხორცის ნაწარმი აქვთ, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ დაუდებს ტოლს. ძვირი ღირს, 1 კილოგრამი ძეხვის ფასი 25 ევრომდეა. თუმცა, ამ ხალხს თავისი შრომით ისეთი შემოსავალი აქვს, რომ მისი შეძენა არ უჭირს“

ბოლო დროს ევროკავშირმა საქართველოსთვის უნიკალური პროგრამა განახორციელა - აჭარის მაღალმთიანი სოფლების ფერმერები დააფინანსა და ლიტვაში მიავლინა. ლიტვა ის ქვეყანაა, რომელსაც არც ისე შორეულ საბჭოთა წარსულში ჩვენსავით არაფერი გააჩნდა, მაგრამ წელში გაიმართა და დღეს უმდიდრესი სოფლის მეურნეობა აქვს. ზოგიერთი პროდუქტი ისე ჭარბად მოჰყავთ, რომ პერიოდულად ამცირებენ და სხვა პროდუქტით ცვლიან. აჭარის სოფლის განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ხულოში რესან ჩოგაძე დარწმუნებულია, რომ ჩვენც მივაღწევთ წარმატებას, თუკი შრომას ლიტველი ფერმერებივით მივუდგებით.

- გამაოგნა იმ სიზუსტემ, რომელიც ამ ხალხს აქვს - შრომის ლამის ყოველი წამი გაანგარიშებულია. იმიტომაც არიან მათ სოფლებში მილიონერი ფერმერები. ორი თვის წინ ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოვიდა ფერმერი აუდრიას ბანიონიო, რომელსაც 1995 წელს საკუთარი მარჯვენის გარდა, არაფერი გააჩნდა. დღეს მისი საქონელბრუნვა წელიწადში 25 მლნ დოლარია.

ორი თვის წინ ევროკავშირმა ჩვენს რვა ფერმერს, რომელთაგან თითოეულს 15-15 მეწველი ფური ჰყავს, თანადაფინანსებით რძის წარმოების თანამედროვე ტექნიკა მისცა. მალე ლიტვაში გაემგზავრნენ, მათ შორის მეფუტკრეებიც. საოცრებები ვნახეთ - ისეთი ხორცის ნაწარმი აქვთ, რომ არა ერთ ევროკავშირის ქვეყანას არ დაუდებს ტოლს. ძვირიც ღირს, მაგალითად, კილოგრამი ძეხვის ფასი 25 ევრომდეა. თუმცა, ამ ხალხს თავისი შრომით ისეთი შემოსავალი აქვს, რომ მისი შეძენა არ უჭირს. სურსათი ჭარბადაც კი არის. მაგალითად, აუდრიას ბანიონიოს სახელმწიფომ 1500 ფურის 600 სულამდე შემცირება სთხოვა, თანაც როგორი ფურების!

- ესე იგი, ფერმერი ზარალდება. სად 1500 ფური და სად - 600!

- ფურების შემცირებამდე ბანიონისს ისე შეუწყვეს ხელი, როცა ფურებს შეამცირებს, მეფუტკრეობა ექნება აღორძინებული. Aასე რომ, არაფერი გაუჭირდება.

- წელიწადში 25 მილიონის მიღება როგორ შეძლო კაცმა, რომელსაც ოციოდე წლის წინ არაფერი გააჩნდა?

- სახელმწიფოს ხელშეწყობით, სკრუპულოზურად გათვლით, როცა შრომის ყოველი წუთი ნაანგარიშებია. აი, ამის სწავლა გვჭირდება მათგან. ამ ქვეყანაში უმაღლეს დონეზეა პროდუქციის რეალიზაცია. ყოველ ფერმერს, რომლებიც ხორცის ნაწარმით ვაჭრობენ, კონტეინერებზე დამონტაჟებული აქვს ულტრათანამედროვე მაცივარ-მანქანები და საჭირო ადგილზე მიაქვთ პროდუქცია. ყველა მათგანს, მცირე თუ მაღალშემოსავლიანს, თავისი სასაქონლო ნიშანი აქვს.

საქონლის რეალიზაციისკენ უკვე ჩვენთანაც გზა იკაფება. აჭარის ხუთივე რეგიონში შენდება პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო ლოჯისტიკური ცენტრები. ფერმერები პროდუქციას ჩააბარებენ, ის კი მათ ხორცს თუ ყველს გაყიდის.

- ბრძანეთ, რომ ლიტვაში საკუთარ პროდუქციას ფერმერები თავად ყიდიან, ჩვენთან რატომ არ შეიძლება ეს?

- ზოგიერთი ასეც იზამს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ლიტვაში ნებისმიერ ფერმერს ჰექტარობით მიწა აქვს კერძო მფლობელობაში. მაგალითად, ბანიონიოს 2 ათასი ჰექტარი აქვს. ასე აჭარაში ვერასოდეს იქნება, რადგან მთიანი რეგიონია, გლეხს 4 000 კვმ-ზე მეტი მიწა არა აქვს. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალია, რომ ფერმერები კოოპერატივში გაერთიანდნენ და კოოპერატივმა იზრუნოს პროდუქციის გასაღებაზე.

- უბრალო სოფლის მოსახლეობა როგორ ცხოვრობს მილიონერი ფერმერების ქვეყანაში?

- გაგიკვირდებათ და, მათ სოფლებიც იცლება, ამ მხრივ ჩვენზე უარესი მდგომარეობაა. ხალხი, ძირითადად, ფერმერების გარშემოა თავმოყრილი. ანაზღაურება ცოტა არ არის, მაგრამ ახალგაზრდობას არ იზიდავს. გვითხრეს, როცა ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, ჩვენთან მოდის და გვეუბნება, თუ მომცემთ 1000 ევროს, სოფელში დავრჩები, თუ არადა, ევროპაში წავალ სამუშაოდო. უმეტესობა მიდის კიდეც.

- ძეხვის დამზადების ტექნოლოგია თუ წამოიღეთ ლიტველებისაგან?

- აუცილებლად წამოვიღებთ. სხვა გზა არ არის. ეს მხოლოდ დასაწყისია.

ეთერ ერაძე