ბრძოლა პირველობისთვის - ვის ერგება მდედრი
13-11-2017
ბრძოლა პირველობისთვის - ვის ერგება მდედრი
ბავშვობაში ვის არ უოცნებია ფერად აკვარიუმზე, რომელშიც ულამაზესი ოქროს თევზები დაცურავენ... აკვარიუმი ნებისმიერ ოჯახს ამშვენებს, თუმცა თევზების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ მისი მოვლა დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს. მოარული აზრი, რომ ზოგიერთი თევზი "ჭიქა წყალშიც" კარგად გრძნობს თავს, არასწორია. ჩვენი სტუმარი, დეკორატიული იქთიოლოგი მარიამ მღებრიშვილიც მიიჩნევს, რომ აკვარიუმის მოვლას უპასუხისმგებლოდ ვერ მოვეკიდებით.

- აკვარიუმის მოვლა არ არის იოლი, მაგრამ არც ძალიან რთულია. მთავარია, პირველი ნაბიჯები გადავდგათ სწორად: გონივრულად შევარჩიოთ აკვარიუმის
ზომა და რაც მთავარია, თევზები, რომლებიც ერთმანეთთან იცხოვრებენ. აკვარიუმი ერთი მთლიანი, ცოცხალი ორგანიზმია, ეს არის პატარა სამყარო, რომელსაც ქმნიან თევზები, მცენარეები და, რა თქმა უნდა, ამ აკვარიუმის მფლობელი.

- ძირითადად რა პირობებია საჭირო, რომ თევზები ჯანმრთელი იყვნენ?

- აკვარიუმის მეპატრონე თავდაპირველად კარგად უნდა გაეცნოს აკვარიუმის
მოვლის წესებს და ახალი თევზები ნელ-ნელა ჩაამატოს. მნიშვნელოვანია საკვების სწორად შერჩევა და წყლის სისტემატური ცვლაც. წესი, რომ აკვარიუმი მთლიანად უნდა დავცალოთ, გავხეხოთ და გავრეცხოთ, გადმონაშთია. აკვარიუმში წყლის მესამედი უნდა გამოიცვალოს კვირაში ერთხელ: წყლის 1/3-ს ამოვიღებთ სპეციალური ხელსაწყოთი (სიფონით), ამის შემდეგ ფსკერის ამოსუფთავებაც აუცილებელია. მერე კი დავამატებთ 24 საათის განმავლობაში ოთახში ნადგამ ჩვეულებრივ წყალს.

- ყველაზე ხშირად თევზები რატომ ჩხუბობენ?

- გააჩნია სახეობებს. ზოგიერთი აფრიკული და ამერიკული წარმოშობის თევზი ტერიტორიული არსებაა და და ამიტომ ისინი სწორედ ტერიტორიისთვის ჩხუბობენ: მამრი ინდივიდი აირჩევს­ თავის სახლს, კუთხეს, რომელსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და დედალს გასამრავლებლად ეპატიჟება.­ ამის შემდეგ ის იცავს თავის ტერიტორიას და სხვა თევზებთან ჩხუბობს. იგივე ხდება აკვარიუმში, სადაც ერთი სახეობის 3-4 მამრი ცხოვრობს. ამ შემთხვევაში ჩხუბი უკვე დომინანტობისთვის იწყება და ამ დროს ირკვევა, რომელი უფრო ძლიერია და რომელთან მივა მდედრი­. აკვარიუმში ჩხუბია მაშინაც, როცა არასწორად შერჩეული თევზები ერთად ცხოვრობენ. უფრო აგრესიული ხასიათის თევზი ჩაგრავს მშვიდს და ზოგჯერ ჭამს კიდეც.

- რა დაავადებები უჩნდებათ აკვარიუმის თევზებს და რატომ?

- ძირითადად უჩნდებათ სამი ტიპის - სოკოვანი, ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებები. სხვათა შორის, თევზები სტრესის დროსაც ავადდებიან. ყველაზე გავრცელებული დაავადებაა იქთიოპტირიოზი. ის აკვარიუმში შეიძლება შეიტანოს უკვე დაავადებული თევზის ჩასმამ. ამ დაავადების გამომწვევი კიდევ ბევრი რამ შეიძლება გახდეს, თუნდაც, ტემპერატურის თამაში. დავუშვათ, აკვარიუმში დღისით 28 გრადუსი იყო, მაგრამ ღამით ტემპერატურა *25 გრადუსამდე დაეცა. ასეთი ცვლილება თევზების იმუნიტეტს ასუსტებს და მათ იქთიოპტირიოზი ემართებათ. ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატები საკმარისად არის, მთავარია, დროულად შევნიშნოთ და შევაჩეროთ.

- როგორ გამოიყურება იქთიოპტირიოზით დაავადებული თევზი?

- წვრილი თეთრი წერტილები უჩნდება, თითქოს ფქვილი მიაყარესო. თუ დროულად შევამჩნევთ, მკურნალობაც ადვილია: საჭირო პრეპარატს მივცემთ და ტემპერატურულ რეჟიმს მოვაწესრიგებთ. საერთოდ, ტემპერატურა აკვარიუმში 25-26 გრადუსი უნდა იყოს, მაგრამ დაავადებისას 3-4 გრადუსით უნდა გავზარდოთ და 30 გრადუსამდე ავიყვანოთ. 5-6-დღიანი მკურნალობის ციკლის მერე დაავადება მარცხდება, ოღონდ, თუ მკურნალობას დროულად დავიწყებთ, ხოლო თუ თევზებს დროულად არ ვუმკურნალებთ, შესაძლოა, მთელი აკვარიუმი დაიღუპოს. დამწყებებმა კიდევ ერთი რამ უნდა იცოდნენ: მხოლოდ დაავადებული თევზის მკურნალობა შედეგს არ იძლევა, რადგან პარაზიტი მთელ აკვარიუმში ტრიალებს. ამიტომაც უნდა ვუმკურნალოთ მთელ აკვარიუმს.

- კიდევ რა დაავადებები შეიძლება გაჩნდეს აკვარიუმში?

- ხშირი დაავადებაა თვალების გათეთრებაც. ის ჩნდება ბაქტერიული დისბალანსის დროს, როცა აკვარიუმში მავნე ბაქტერიებია გავრცელებული და წყალი თევზის საცხოვრებლად არ ვარგა. თუ დაავადება მოძლიერებული არ არის, შეიძლება განვკურნოთ ხშირი წყლის ცვლით, წამლების გარეშე, მაგრამ როცა დაავადება რთული ფორმისაა და აკვარიუმში ბალანსი მკვეთრად დარღვეულია, ბაქტერიული მკურნალობისთვის განკუთვნილი პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ. ამის შემდეგ ვიყენებთ წყლის *კონდიციონერს, რომ აკვარიუმში დარღვეული ბიობალანსი მოწესრიგდეს.

- ცნობილია, რომ თევზებს ხშირად უჩნდებათ სოკოვანი დაავადებები. ისინი როგორ უნდა ამოიცნოს პატრონმა?

- ამ დროს თევზს დაზიანებული ადგილი უთეთრდება და იმ ადგილას სოკო მოედება. ეს დაავადებაც ადვილად განიკურნება, თუ დროულად მივხედავთ. მთავარია, სპეციალისტის კონსულტაცია და განსაზღვრა, თევზს რა წამალი სჭირდება.
ოქროს თევზებში ხშირია საცურაო ბუშტის დაზიანებაც, რაც გადაჭარბებული კვების დროს ჩნდება. თუ დროულად შევამჩნევთ და ოქროს თევზს დიეტაზე დავსვამთ, ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ აკვარიუმის პატრონები ამას ხშირად ვერ ამჩნევენ, ბუშტი სერიოზულად ზიანდება და თევზი წყალში წონასწორობას ვერ ინარჩუნებს - ან ზემოთ ტივტივებს, ან პირიქით - ფსკერზე იძირება. ამის შემდეგ ის მალე იღუპება. თუ ოჯახში ბავშვია, მშობელმა მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს, რომ აკვარიუმში ზედმეტი საკვები არ ჩაყაროს. საშიშია კუჭ-ნაწლავის დაავადებაც, რომელიც ზოგიერთ სახეობას უჩნდება.

- რა შემთხვევაშია დაავადებების გაჩენის რისკი უფრო მაღალი?

- აკვარიუმში დაავადებები შეიძლება გაუჩნდეს როგორც დამწყებს, ასევე პროფესიონალსაც, მაგრამ უფრო ხშირად ეს დამწყებებს ემართებათ, ან იმ ადამიანებს, რომლებიც აკვარიუმს უყურებენ, როგორც ავეჯს ან დეკორაციას. როცა ადამიანი მიხვდება, რომ აკვარიუმი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც საგულდაგულო მოვლა სჭირდება, დაავადებების რისკი ერთიორად მცირდება. დაავადების დროულად აღმოჩენა და მკურნალობა არის საუკეთესო გზა. ყველა თევზის მოყვარული უნდა ეცადოს დიდი აკვარიუმის შეძენას. 30-40-ლიტრიანი მაინც უნდა იყოს, რომ მისმა ბინადრებმა მშვიდად იცხოვრონ და ჯანმრთელი იყონ. "ჭიქა წყალში" თევზი ბედნიერი არ არის, რადგან მუდმივად სტრესშია და მიდრეკილია დაავადებებისკენ.
ვიდრე თევზის შეძენას გადაწყვეტთ ან თქვენ მოიძიეთ ინფორმაცია მის შესახებ, ან გამოცდილ სპეციალისტთან მიდით. ზოომაღაზიის გამყიდველი საჭირო კონსულტაციას ვერ გაგიწევთ, რადგან მას ერთი რამ ევალება - თევზის გაყიდვა. მობრძანდით თუნდაც ჩვენთან - აგრარული უნივერსიტეტის დეკორატიული თევზების საშენში. აქ 500-მდე სახეობის თევზი გვყავს. დაინტერესებულ მკითხველებს შეუძლიათ დამიკავშირდნენ, ან "ფეისბუკით" მომწერონ, სადაც ჩემი ტელეფონის ნომერია მითითებული. შეუძლიათ, ვიდეოც გამოგზავნონ: შევხედავ და ვეტყვი, რა სჭირდება თევზს. თევზების მიმართ ყურადღების გამოჩენა აუცილებელია, რადგან აკვარიუმი შეცდომებს არ გვპატიობს.

ყველაზე ძვირფასი თევზი მსოფლიოში

მსოფლიოში მრავალი ძვირფასი თევზი არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეულია აროვანა, რომლის ფასი საშუალოდ 5 ათასი დოლარია. აროვანას ზოგიერთ ქვეყანაში ძალისა და სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ზოგიერთი მკვლევარი კი ამტკიცებს, რომ ეს თევზი დიდი ხნის წინ გადაშენებული დინოზავრების შთამომავალია. აროვანა დიდი თევზია - ის 180-დან 240 სანტიმეტრამდე შეიძლება გაიზარდოს. ამის გამო აროვანას ხშირად ცალკე აკვარიუმში ათავსებენ. განსაკუთრებით ძვირფასია წითელი აროვანა, თუმცა მას არც ოქროსფერი და ვერცხლისფერი აროვანა ჩამორჩებიან. გემრიელი ხორცის გამო ამ ჯიშის თევზებს ყოველთვის დიდი რაოდენობით იჭერდნენ, ამიტომ აროვანას რიცხვი მსოფლიოში ძალიან სწრაფად მცირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა