"ტვიში სულ სხვაა..."
13-11-2017
"ტვიში სულ სხვაა..."
"ტვიშს უნიკალურად აქცევს ადგილ­ობრივი­ მიკროკლიმატი, რომლის გავრც­ელების არე ხვამლის მთის ფერდობზეა, მხოლოდ 15 კვადრატულ კილომეტრზე. ამ ადგილიდან ოდნავ მოშორებით ან მთის ფერდობზე ოდნავ უფრო მაღლა მოკრეფილი ყურძნისგან ნამდვილი ტვიში­ ვეღარ დადგება"

"ტვიში ქარვისფერი ყურძენია, რომლის შაქრიანობა 27 გრადუსამდე აღწევს"


ტვიში ლეჩხუმში, ხვამლის ფერდობზე შეფენილი ზვრების თეთრი ღვინოა, რომლის მსგავსი, სომელიეების დასკვნით, მთელ მსოფლიოში არ გვხვდება. ხვამლის ფერდობის კირქვიანი ნიადაგი ღამით 5-6 საათით გვიან ცივდება და ტვიშის ზვრებს ზომიერ სითბოსა და
ტენიანობას აწვდის, რის საფუძველზეც უნიკალური ღვინო დგება. ამის შემყურე ტვიშელმა ბექა ლიპარტელიანმა მიზნად დაისახა, სიმდიდრე საკუთარი სოფლის გასაძლიერებლად და გასამრავლებლად გამოიყენოს, რადგან თუ ტვიშელები არ გამდიდრდებიან და ლუკმაპურის საშოვნელად გადაიხვეწებიან, ტვიშსაც და მის ზვრებსაც სხვები დაეპატრონებიან.

ბექა ლიპარტელიანი: -
შეუძლებელია, სოფელ ტვიშში პირველად ჩამოვიდეს­ ადამიანი,
მათ შორის უცხოელიც, ჩვენი­ ქვევრების ღვინო გასინჯოს და გაო­ცე­ბულმა არ იკითხოს, გამაგებინეთ, რას ვსვამ, რატომ არის ეს ღვინო ასეთი გემრიელიო. კითხვაზე, რატომ არის ტვიში ასეთი გემრიელი, მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: მას ქმნის ადგილობრივი უნიკალური კლიმატი, და ჩვენებური გლეხის ტრადიცია და პატიოსნება. რა თქმა უნდა, არსებობს ქარხნულად ჩამოსხმული ტვიშიც (მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს), რომელიც ასევე კარგია, მაგრამ მას ტრადიციული, ქვევრის ტვიში არაფრით ჩამოუვარდება.

ტვიში ჩვეულებრივი ცოლიკა­ურია, მას უნიკალურად აქცევს ადგილ­ობრივი­ მიკროკლიმატი, რომლის გავრც­ელების არე ხვამლის მთის ფერდობზეა, მხოლოდ 15 კვადრატულ კილომეტრზე. ამ ადგილიდან ოდნავ მოშორებით ან მთის ფერდობზე ოდნავ უფრო მაღლა მოკრეფილი ყურძნისგან ნამდვილი ტვიში­ ვეღარ დადგება. ეს ყველა ჩვენებურმა იცის. ასეთ მიკროკლიმატს, ერთი მხრივ, კოლხეთის დაბლობიდან მონაბერი თბილი­ ჰაერი, მეორე მხრივ კი კავკასიონის ცივი ჰაერი ქმნის, რომლებიც ტვიშის გავრცელების არეალში იკვეთება. მზე ამ ადგილებს თითქმის მუდმივად ანათებს, ნიადაგი კირქვიანია, რომელიც მზის ჩასვლის შემდეგ 5-6 საათს ინარჩუნებს სითბოს. ტვიში ქარვისფერი ყურძენია, რომლის შაქრიანობა 27 გრადუსამდე აღწევს.

- იმერული ცოლიკაურის შაქრიანობა 20 გრადუსს არ სცდება.

- ასეა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი მომხიბვლელობა იმერულ ან გურულ ცოლიკაურსაც აქვს, ტვიში სულ სხვაა. დაყენებისას, როცა ღვინის ბუნებრივი შაქარი რეგულირდება, ტვიშში შაქრიანობა ხუთ გრადუსამდე რჩება და სწორედ ეს აძლევს განუმეორებელ გემოს.
ნამდვილი და არაფალსიფიცირებული ტვიში ძვირი ღირს ჩვენთანაც და უცხოეთშიც. როცა სხვა ყურძნის ფასი 2-2,5 ლარია, ტვიში 4 ლარად იყიდება. ღვინო კი ლიტრი 10-12 ლარამდეა. უცხოეთში მეტი ფასი აქვს. ჩეხებმა ჩემი ქვევრის ღვინო ლიტრი 10 დოლარად იყიდეს.
გაზაფხულზე კვლავ მექნება შეკვეთა ჩეხეთიდან ქვევრის ღვინოზე.

- არცთუ დიდი ხნის წინ ადვილი არ ჩანდა მთიანი რეგიონის სოფლებიდან მსგა­ვსი ბიზნესკავშირების დამყარება.

- ჯერჯერობით შეიძლება ამას მთლად ბიზნესკავშირები ვერც ვუწოდოთ. ჩემი მეგობრები მიწევენ რეკლამას და ტურისტული კომპანიებიც მეხმარებიან.…ახლა ბევრმა იცის, სად მზადდება კარგი ოჯახური ღვინო და ტურისტებსაც უთითებენ. ვცდილობ, ამ ხალხს განსაკუთრებულად დავანახო ჩემი მხარის სილამაზე, სტუმართმოყვარეობა, და ღვინოც. ხშირად უკვირთ, არ ვიცოდით, რომ სადღაც ასეთი ქვეყანა არსებობდა, ასეთი საუკეთესო ტრადიციები და ღვინო ჰქონდაო. ამას, ბუნებრივია, ურთიერთობების გაგრძელება მოსდევს.

5 წლის წინ ტრადიციული მეღვინეების­ გაერთიანება შევქმენით. ვცდილობთ, ქართ­ული ქვევრის ღვინის ფასი მსოფლიოში გაიგონ. ესპანეთში ყოფნისას აღმოვაჩინეთ­, რომ ტრადიციული ღვინის გადასარჩენად კავშირი მათ 70-იან წლებში შეუქმნიათ.

- რას იტყვით ტვიშის გამრავლებაზე? კლიმატი იცვლება, შესაბამისად, მავნებლებისა და კლიმატის გამძლე ჯიშია გამოსაყვანი.

- ჯერჯერობით ლეჩხუმში სიცხისგან ვაზი არ გადამხმარა, თუმცა, გამძლე ტვიშის ზვრისთვის მე სახელმწიფო პროგრამითა და უცხოელების თანადაფინანსებით 25 ათასი ამერიკული ფილოქსერაგამძლე ვაზის სადედე მაქვს დარგული საკუთარ სანერგეში და ტვიშის ამ სადედეზე ვამყნობ.
1000 ძირი ტვიში მქონდა ჩემს გლეხურ სანერგეში, მაგრამ არ მქონდა ცოდნა-გამოცდილება, უფრო ხარისხიანი ნერგები­ როგორ გამომეყვანა. ფილოქსერაგამძლე სადედე ნაწილზე მაშინვე დავამყენი, ნაწილი კი უბრალოდ დავრგე და სიგრძეში გავუშვი. სადედეები 25 მეტრამდე იზრდება, მაგრამ, რასაკვირველია, ამდენზე არ ვუშვებ, 18-20-სანტიმეტრიან მონაკვეთებს ვაჭრი და ტვიშის ახალი ნამყენები გამომყავს. ნერგები სხვებსაც მიაქვთ - სვანეთში, იმერეთში, გურიაში. რასაკვირველია, ვერსად ტვიში ვერ გამოვა, მაგრამ გაიზრდება ხარისხიანი და დაავადებაგამძლე ცოლიკაური. ჩემს სოფელში ჩემი გამოყვანილი 20 ათასი ტვიშის ნერგია დარგული.

ჩვენს მიკროზონაში დღეს 40 ტონა ყურძენი მოდის, ვაზს რომ მოვუაროთ, 150 ტონამდე მოვა. როცა გვექნება გასაყიდად უმაღლესი ხარისხის ყურძენი ან უმაღლესი ხარისხის ღვინო, კონკურენცია გაიზრდება და ვეღარც ღვინო გაყალბდება და აღარც ჩვენი სოფლიდან გადაიხვეწება ხალხი.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა