"ჩვენი მიზანია, სტუმარმა თავი შინ იგრძნოს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მიზანია, სტუმარმა თავი შინ იგრძნოს"

"ყველაზე კარგი ბიზნესმენი პაპაჩემი იყო. არც ინტერნეტი ჰქონდა, არც "ფეისბუკი", მაგრამ მისი ღვინო დაღესტანში იყიდებოდა"

პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკისმცოდნეა. ამბობს, რომ აქტიურია, უყვარს შეხვედრების მოწყობა, სიამოვნებს ადამიანების გახარება. პატივს სცემს ტრადიციებს და ყოველთვის მზად არის სიახლეებისთვის. "არ მრცხვენია იმის კითხვა, რაც არ ვიცი... მოკლედ, ყველა ეს თვისება რომ შევკრიბოთ, ჩემს ახალ საქმიანობას მივიღებთ", - ამბობს თიკა დუღაშვილი, რომელმაც ტელევიზიაში 10-წლიანი საქმიანობის შემდეგ ოჯახთან ერთად კერძო ბიზნესი წამოიწყო. ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მამაპაპისეული მარანი გააცოცხლა და ახალი ტურისტული ობიექტი - "ღვინის ეზო" შექმნა.

თიკა დუღაშვილი: - "ერაზმუსის" (სტუდენტებისა და მასწავლებლების გაცვლის ევროკავშირის პროგრამა) ფარგლებში ჰოლანდიაში ვცხოვრობდი. ჰოლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელშიც ვმუშაობდი და დროც მქონდა, ქვეყანა უკეთ გამეცნო. ჩავილაგებდი საგზალს და ველოსიპედით პატარა ქალაქებს დავივლიდი. ხშირად მეპატიჟებოდნენ სახლში და ეროვნული კერძებით მიმასპინძლდებოდნენ. ვხვდებოდი მეთევზეებს, მხატვრებს, მათზე ვწერდი და ვაქვეყნებდი ჟურნალებში. ეს იყო სულ სხვა თვალით დანახული ჰოლანდია. მაშინ ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება გავაკეთო ისეთი ტურისტული ობიექტი, რომელიც ჩვენს ყოფა-ცხოვრებას ასახავს-მეთქი.

საქართველოში რომ დავბრუნდი, იდეა ოჯახს გავაცანი. დიდი ოჯახი ვართ (ორი და და ერთი ძმა მყავს), ერთ მუშტად შეკრული. სიამოვნებით დამთანხმდნენ... უკეთ რომ გავრკვეულიყავი, ტურიზმის განვითარების კურსები გავიარე. ახლა სერტიფიცირებული გიდი ვარ. ზაფხულში ვიმუშავე კიდეც. მამა თავიდან უნდობლად უყურებდა ჩემს წამოწყებას, მაგრამ პირველი ჯგუფის ვიზიტის შემდეგ პროექტIIის მნიშვნელობაში დარწმუნდა. ძალიან მონდომებულია. ჩვენ ხომ მისი საყვარელი საქმე - მასპინძლობა ბიზნესად ვაქციეთ?!

- როგორი იყო პაპის მარანი?

- პაპა შესანიშნავი მეღვინე გახლდათ და რაც იცოდა, მამას გადაულოცა. მამამ ჩემი 25 წლის ძმა ამოიყენა გვერდში.

პაპა თითქმის სულ მარანში იყო, უვლიდა და ეფერებოდა ღვინოს, იქვე სადილ-ვახშმობდა. მარანში საზედაშეო ქვევრები გვაქვს. ბებო ყოველ შაბათს ქვევრზე სანთელს ანთებდა. ამ რიტუალს დღეს უკვე ტურისტებს ვაჩვენებთ...

ყველაზე კარგი ბიზნესმენი პაპაჩემი იყო. არც ინტერნეტი ჰქონდა, არც "ფეისბუკის" გვერდი, მაგრამ მისი ღვინო დაღესტანში იყიდებოდა - ლეკები მოდიოდნენ, ღვინო და არაყი მიჰქონდათ. მახსოვს, გოგოებს გვეხუმრებოდნენ, ღვინოსთან ერთად დაღესტანში წაგიყვანთო, ჩვენც შეშინებული ვიმალებოდით...

- რა მოსწონთ თქვენთან ტურისტებს?

- სიტყვა "ტურისტი" არ მოგვწონს - მამაჩემი მათ სტუმრებად თვლის. ჩვეულებრივი სახლია, სტუმრები ჩვენი ცხოვრების წესს ეცნობიან. არავის ვბაძავთ და ამან გაამართლა. ცოტა ხნის წინ გავხსენით და უკვე მშვენიერი შედეგი გვაქვს.

სტუმრებს ჩვენთან სითბო და ურთიერთობები მოსწონთ. თბილისიდან 160 კილომეტრს გადიან, რათა რეალური ცხოვრება ნახონ, ჩვენთან ერთად კერძი მოამზადონ, ღვინო გადაიღონ. ერთმა ტურისტმა მითხრა, მინდა ვნახო, შინ რა წიგნები გაქვთო. ავიდა მეორე სართულზე და ერთ საათს არ ჩამოსულა, კითხულობდა... ეს არის ჩვენი მიზანი - სტუმარმა თავი შინ უნდა იგრძნოს...

- მშვენიერი ბაღი გაქვთ.

- აქაურობა არაფერი იქნებოდა, ბაღი, ხეხილი და სივრცე რომ არ გვქონოდა, რომელიც ზღურბლიდანვე კარგად განაწყობს სტუმარს. ამაზე დედა ზრუნავს. ინტერიერის დიზაინის ნიჭი ჩემს უფროს დას - თამუნას აქვს. სტუმრებს აქედან წასვლა არ უნდათ, ამიტომ გაჩნდა დასაძინებლის საჭიროებაც. გავიმარჯვეთ პროექტში "აწარმოე საქართველოში". თუ ყველაფერი კარგად იქნება, მოსასვენებელიც გვექნება.

- სტუმრებს საკუთარ ეზოში მოყვანილ პროდუქტს სთავაზობთ?

- ზოგი რამ ეზოში გვაქვს, რაც არა - მეზობლებისგან ვიძენთ. გვაქვს პურის გამოცხობის, არყის გამოხდის, ჩურჩხელის მასტერკლასები. ზამთარში გვინდა, ბუხარი ავაღუღუნოთ - პლედები, გიტარა, მარანი...

- პაპას მოეწონებოდა თქვენი საქმიანობა?

- ჩვენ უკან სწორედ პაპა დგას - ვაკეთებთ, რაც ვიცით და განვაგრძობთ უნიკალურ ტრადიციას.

ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს, ნეტავ პაპა ხედავდეს ამასო!.. ვიცი, სიხარულისგან იტირებდა, ისე, როგორც ჩვენს დანახვაზე ტიროდა, თბილისიდან რომ ჩავდიოდით.

ლალი ფაცია