ახირება ფრინველებსაც სცოდნიათ
27-11-2017
ახირება ფრინველებსაც სცოდნიათ
"რემეზი ბუდეს გულმოდგინედ ქსოვს მატყლისა და მცენარეებისგან. როგორც წესი, რემეზის ბუდე ხის ტოტებზეა ჩამოკიდებული და შთამბეჭდავი სანახავია"

ფრინველები ლამაზი და ჰაეროვანი არსებები არიან, ბევრი მათგანი იშვიათი გონიერებითაც გამოირჩევა, იმდენად, რომ ზოგჯერ მეცნიერებსაც აკვირვებენ. ფრინველების უჩვეულო ქცევებზე ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი, ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი გვესაუბრება.

"ცეცხლგამჩენი" მტაცებელი


ძერა საქართველოში თითქმის ყველგან ბინადრობს. ხშირად ის ადამიანის სამოსახლოს მიმდებარე ადგილებსაც არ ერიდება. იკვებება მცირე ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, ხვლიკებითა და მწერებით. თაგვებისა და სხვა მღრღნელების განადგურებით
დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანებისა და სოფლის მეურნეობისთვის. საკვების მოპოვებისას ძერა იშვიათ მოხერხებას იჩენს. მკვლევრები ძერას დააკვირდნენ და უცნაური საქციელი შეამჩნიეს: როცა ტყეში ან მინდორში ხანძარი ჩნდებო
და, ძერები ცეცხლმოკიდებულ ტოტებს ნისკარტით იღებდნენ და სხვა ადგილებშიც აგდებდნენ, რომ ხანძარი სხვაგანაც გაჩენილიყო. მოგეხსენებათ, ხანძრის ადგილიდან მღრღნელები სასწრაფოდ გარბიან და იქ, სადაც ბალახი არ არის, ძერა უფრო ადვილად ახერხებს საკვების მოპოვებას.

ასპუჭაკას ჭამა და ჭიკჭიკი


საქართველოში ბინადრობს მომცრო ბეღურასნაირი ფრინველი - ასპუჭაკა. მისი რამდენიმე სახეობა ჩვენს ბაღებსა და ეზოებში თითქმის ყველგან ბუდობს. ეს მწერიჭამია ფრინველი სასიამოვნოდ გალობს და მავნე მწერების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს. დადგენილია, რომ ეს ფრინველი ყოველდღიურად იმდენ მწერს ჭამს, რომ მათი წონა თვით ფრინველის წონის 80%-ს აღწევს. ალბათ, მკითხველიც გაიკვირვებს, როგორ ახერხებს ეს პატარა, მოხდენილი ჩიტი ამდენის ჭამას და შერგებას.

მოცარტის შოშია


შოშია საქართველოში ყველგან არის გავრცელებული, ბინადრობენ ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ბუდეს იკეთებენ ფუღუროში, სოროში, ნაპრალში, ქვებქვეშ, ადვილად სახლდებიან ხელოვნურ საბუდრებშიც. დებენ 4-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 2-3 კვირა გრძელდება. საქართველოში შოშიის 2 სახეობა გვხვდება - ტარბი და ჩვეულებრივი შოშია, რომელიც, ძირითადად, მწერებითა და კენკრით იკვებება. შოშიებს ერთი უნიკალური თვისება აქვთ: სხვადასხვა ბგერას სწავლობენ და ადვილად იმეორებენ. შეუძლიათ მიჰბაძონ ადამიანს, ცხოველს, მანქანებსაც კი. ცნობილია, რომ მოცარტსაც ჰყავდა შოშია, რომელსაც თავის მუსიკალურ ნაწარმოებებს ასწავლიდა. თურმე დიდ კომპოზიტორს ძალიან უყვარდა ეს ფრინველი და ანებივრებდა.

ჩიტი, რომელიც ბუდეს ქსოვს

რემეზი პატარა ჩიტია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. ეს ბეღურასნაირთა რიგის მცირე ზომის ფრინველია. საქართველოში გვხვდება ალაზნისა და მტკვრის ნაპირებზე, თბილისი-რუსთავის გზის გაყოლებაზე და სხვა ადგილებში, თბილისის ახლომახლოც მრავლად არის. ჩვენთან ბუდობს ამ ფრინველის 2 ქვესახეობა - ირანული რემეზი და *კასპური რემეზი. ფრინველის სხეულის სიგრძე 11 სანტიმეტრია. ბუდეში რემეზი 4-10 კვერცხს დებს. საყურადღებო სწორედ მისი ბუდეა, რომელსაც ეს ფრინველი გულმოდგინედ ქსოვს მატყლისა და მცენარეებისგან. როგორც წესი, რემეზის ბუდე ხის ტოტებზეა ჩამოკიდებული და შთამბეჭდავი სანახავია.

ყველაზე სწრაფი მსოფლიოში


შევარდენი ჩვენს ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული. ეს მტაცებელი სხვა ფრინველებისგან იმით გამოირჩევა, რომ ბუდეს არ იშენებს - კვერცხებს ან კლდის ნაპრალებში დებს, ან ნიადაგსა და სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. შევარდნის ინკუბაცია 1 თვემდე გრძელდება, როგორც წესი, დედალი კრუხობს. ფრინველი წვრილი ძუძუმწოვრებით, ქვეწარმავლებით, ფრინველებითა და მწერებით იკვებება, რომლებსაც ჰაერში იჭერს. შევარდენი იმითაა ცნობილი და გამორჩეული, რომ ყველაზე სწრაფი ცოცხალი ორგანიზმია დედამიწაზე. მას შეუძლია 300 პიკირებისას კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითაროს.

მუშა მერცხალი


მერცხალი მთელ დედამიწაზეა გავრცელებული, ის ყველგან ბუდობს, გარდა არქტიკისა და ანტარქტიდისა. სულ ცნობილია მერცხლის 79 სახეობა. საქართველოში მისი რამდენიმე სახეობა ბინადრობს. ზოგი მდინარისპირა ციცაბო თიხნარ ნაპირებში თხრის სოროს, ზოგი კი - ხის ფუღუროებში. სოფლის მერცხალი ბუდეს ადამიანის სახლის ჭერზე იკეთებს, ძირითადად, ტალახის ბურთულებისგან. დადგენილია, რომ ერთი ბუდის ასაშენებლად მერცხალს 1200-დან 1500-მდე გზის გაკეთება უწევს. როგორ უძლებს ეს პატარა ფრინველი ამხელა დატვირთვას, ძნელი სათქმელია.

"მოწკრიალე ჩიტი"


კირკიტა დედამიწის მრავალ წერტილში ბინადრობს, მათ შორის, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. მრავლად გვხვდება საქართველოშიც. სახელწოდება "კირკიტა" მას უცნაური ბგერითი გამოძახილის გამო დაარქვეს. ლათინურად კირკიტას "მოწკრიალე ჩიტი" ჰქვია. ის პატარ-პატარა მღრღნელებითა და მწერებით იკვებება, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. კირკიტა კარგად ეგუება ქალაქის პირობებსაც. მისი საკვებია მინდვრის თაგვი, სალამანდრა, ვირთაგვა და სხვა წვრილი მღრღნელები, რომლებიც თითქმის ყველგან მოიპოვება. კირკიტას უჩვეულო თვისება ის არის, რომ მას ულტრაიისფერ სპექტრშიც შეუძლია დანახვა. ამის წყალობით უფრო კარგად იჭერს თაგვებსა და მემინდვრიებს, უფრო ადვილად პოულობს საკბილოს და ამიტომ საკმაოდ კარგ მონადირედაც ითვლება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით