"ალადასტურს რომ პატრონობა უნდა, ახალ პატარძალს არ სჭირდება იმდენი" - კვირის პალიტრა

"ალადასტურს რომ პატრონობა უნდა, ახალ პატარძალს არ სჭირდება იმდენი"

"ძელშავის ღვინო მოწითალო და თხელი დგება, ნაკლები ტანინი აქვს, გრადუსიც დაბალი და ლხინს უგრძელებს კაცს. ასე გგონია, ჩაფით რომ დალიო, არ დაგათრობს, თუმცა სულ ტყუილად"

მიხეილ სანიკიძე ქუთაისიდან 10 კილომეტრში, ბაღდათის რაიონის სოფელ როხში ცხოვრობს. მის მამულში ოთხი ჯიშის ვაზი ხარობს - ალადასტური, ცოლიკაური, ძელშავი და ოჯალეში. მთელ იმ მხარეში განთქმული ჯიშებიდან ღვინოც სახელიანი დგება, დანარჩენს კი თავად მევენახე გვიამბობს.

- "ყოველ წელიწადს 5-6 ტონა ღვინოს ვაყენებ. ცოლიკაურისგან თეთრი ღვინო დგება, დანარჩენებით - ლალისფერი სალხინო.

არ მინდა, ჩემი ღვინო სამძიმარში ისმებოდეს, მაგრამ ჭირი და ლხინი ძმები არიან. მაინც ჩემი ღვინოები ლხინისთვის მემეტება.

ვცდილობ, მსუბუქი და არომატული ღვინოები მქონდეს. ალადასტურს მეტი მოვლა სჭირდება, 7-8-ჯერ მაინც უნდა შეწამვლა. დანარჩენები მეტად გამძლენი არიან. ვენახი ურწყავში მაქვს, მაგრამ წლეულს ისეთი გვალვა დაიჭირა, რომ მომიჯნავეებმა სარწყავი სისტემა გავმართეთ. უკანასკნელ ხანს ვრწყავთ, მიწამ თითქოს ღალა დაკარგა. თუ არ მოვრწყავთ, რქასა თუ ნაყოფს მზე დაწვავს და მოსავლის გარეშე დავრჩებით. სამი ჯიში ერთ ნაკვეთზე თანამიმდევრობით მაქვს გაშენებული, ძელშავი განცალკევებით მიდგას, სხვა ფართობზე. მოხვნა-გაფხვიერება-შეწამვლას საკუთარი ტრაქტორებით ვაკეთებ.

ოჯალეშს 10 დღე მაინც ვაჩერებ ჭაჭაზე, რათა ტანინი აიღოს და სურნელება შეიძინოს, მარგებელი და გემრიელი გახდეს.

ღვინოს რომ დალევ, უნდა შეგერგოს, გახალისდე - მისი მთავარი დანიშნულება ეს არის.

10-12 დღის მერე ჭაჭას ვაცილებ. ამ დროს ღვინო სიმსუბუქეს ინარჩუნებს, სამაგიეროდ, წვნიანი ჭაჭისგან გემრიელ-ბარაქიან არაყს ვხდი. ალადასტურსაც იმავე წესით ვაყენებ, ძელშავსა და ცოლიკაურს ჩქეფად ვიღებ - უფრო დიდხანს ვაყოვნებ დედასთან.

ალადასტურითა და ოჯალეშით სავსე იყო ჩვენი მხარე, მაგრამ სიიაფის გამო ხალხმა ვაზი აჭრა და მის ადგილას ხილ-ბოსტნეული გააშენა, ვენახი სათესად გადააქცია. გაჭირვების დროს ზოგს სახსარი არ ეყო და ზოგსაც ნებისყოფა ვაზის შესანარჩუნებლად. გაუჭირდა მევენახესაც და მევენახეობასაც. მიუხედავად ამისა, წლეულს იმედის სხივი გამოჩნდა თითქოს, ერთ-ერთი ღვინის მარნიდან სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ვისაც ალადასტური ჰქონდა, ეხვეწებოდნენ, მოგვყიდეთო. ალადასტურს რომ პატრონობა უნდა, ახალ პატარძალს არ სჭირდება იმდენი.

გაწეულ შრომასთან შედარებით ეს ფასი დაბალია, ამიტომაც მთელი მოსავალი ისევ ძველებურად, ერთიანად დავწურე, კილოგრამიც არ გამიყიდია.

ძელშავის ღვინო მოწითალო და თხელი დგება, ნაკლები ტანინი აქვს, გრადუსიც დაბალი და ლხინს უგრძელებს კაცს. ასე გგონია, ჩაფით რომ დალიო, არ დაგათრობს, თუმცა სულ ტყუილად...

ოჯალეში უფრო მუქი წითელია, სისხლისფერი. კარგია საბარძიმედ და სამკურნალოდ. ერთი ჭიქა ოჯალეში ნასადილევზე წამალია.

ღვინოს მამაპაპურად, პირდაპირ ოჯახის მარნიდან ვატან ყველას. მსურველი თავისი ჭურჭლით მოდის, მეც ვულიცლიცებ და, მგონი, არც ერთს არ ვუშვებ გულდაწყვეტილს.

ორი წლის წინ ოცხანური საფერე ჩავყარე, მაგრამ პირობებს ვერ შეეგუა - ჩვენთან აყალო მიწაა, წებოვანი, ყველა ჯიში ვერ გუობს, აქ ციცქასა და კრახუნასაც უჭირს, ამიტომ ცოტაა. წლეულს 300 ძირი ცოლიკაური დავამატე და გაისადაც ერთ ამდენს ვაპირებ. თეთრ ღვინოზე მოთხოვნა ყოველთვის მეტია.

ბაზარში წაბლი რომ 4 ლარი ეღირება, ხოლო ყურძენი ლარ-ნახევარი, გულდასაწყვეტია. წაბლს ნებისმიერ ტყეში მოაგროვებ, ყურძენი კი ტანჯვით მოჰყავს გლეხს.

კარგია თხილისა და ჟოლოს პლანტაციები, მაგრამ ეს ვენახის გაჩეხის ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო. იძულებული ვიყავით, ასე მოვქცეულიყავით, ჩვენს შრომას ფასი დაეკარგა, ხალხმაც შედარებით `დაფასებული~ კულტურები მოაშენა.

შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის მეშვეობით იაფი სესხი მოვითხოვე მეურნეობის გასაზრდელად, მინდოდა, მინიქარხანა მომეწყო და ვენახის ფართობიც გამეზარდა, თუმცა რატომღაც თავი შეიკავეს. როგორც ხედავთ, ფარ-ხმალი არ დამიყრია.

შარშან ჩემი ღვინო მცირე რაოდენობით საზღვარგარეთაც გაიტანეს. ასე რომ, ხვალინდელ დღეს იმედით შევყურებ.

კახა მჭედლიშვილი