ქართველი შოუმენი სიმწვანის ქვეყანაში
27-11-2017
ქართველი შოუმენი სიმწვანის ქვეყანაში
"საკუთარი სახლი მაქვს, კოხტა ეზოთი და ტერასა ქოლგით, სადაც ქოთნებში ბევრ მცენარეს ვახარებ და ისინიც იქაურობას ალამაზებენ"

საქართველოდან უცხოეთში უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი წასულა და დამკვიდრებულა. ჩვენს წარმატებულ თანამემამულეზე, რეჟისორ ლაშა ონიანზე­ მინდა გიამბოთ, მის სხვა მიღწევებზე რომ არაფერი ვთქვათ, ბატონი ლაშა სამჯერ იყო უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნისთვის დადგმული შოუების ავტორი. ის ოჯახთან ერთად უკვე 25 წელიწადია გერმანიაში, ზაარბრიუკენში ცხოვრობს და საქმიანობს. როგორი აღმოჩნდა ქვეყანა მისთვის, სადაც გარემოზე
ზრუნვა არა მარტო მთავრობის, არამედ თითოეული მოქალაქის ვალია?

- 25 წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. აქ ცხოვრება რეალიზმზეა აწყობილი - არსებობს იდეების ხორცშესხმის რეალური შესაძლებლობა, შრომა ფასდება, ადამიანის ღირსების პატივისცემა ჩვეულებრივი ამბავია. შრომა ეკონომიკური მდგომარეობის, ხელფასის გარანტიაა. მუშაობს გამართული ჯანდაცვის სისტემა. ეს ქვეყანა ჩემი მეორე
სამშობ­ლოა, რომელმაც ყოველგვარი "პატრონების"­ გარეშე წარმატების გზაზე­ დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში აღარაფრის შანსი აღარ მქონდა. მასწავლა ისიც, თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანა სუფთა და მოვლილი, რაც სამშობლოს სიყვარულის ტოლფასია!

- გერმანიაში მწვანე გარემოს შექმნის მაღალი კულტურა აქვთ.

- ქვეყანა განსაკუთრებულად არის მოვლილი და საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილია გერმანული ინდუსტრიის მაღალი ხარისხი, აქ პირველად ჩამოსული ვერც კი წარმოიდგენს, რამდენი გამწვანებული ტერიტორია დახვდება. ავტობანები შუა ტყეებშია გაჭიმული, ქალაქიდან ქალაქამდე.

- ამ კოხტა ბაღების, სკვერების, გაზონების ქვეყანაში მგონია, რომ ყველა მებაღე და მეყვავილეა. ამან თქვენზეც იქონია გავლენა?

- რა თქმა უნდა. საკმაოდ მოზრდილი­ საკუთარი სახლი მაქვს, კოხტა ეზოთი და ტერასა ქოლგით, სადაც ქოთნებში ბევრ მცენარეს ვახარებ და ისინიც იქაურობას ალამაზებენ. მათზე ზრუნავს მთელი ოჯახი - თინიკო, გიორგი, მაიკი და ლუკასი...
სახლი რომ ვიყიდე, ეზოში, რაც ამ ქალაქში არცთუ ხშირია, ვაზი დამხვდა,­ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში­ იყო. დორნფელდერის ჯიშია. მოვუარე­ - ვრწყავდი, ვსხლავდი, ტოტებს მიმართ­ულება მივეცი, ჩვენებურად ტალავერი გავმართე და ტერასაზე ამოვიყვანე. მოკლედ, გაიხარა და გაალამაზა გარემო...

90-110 კილოგრამი ყურძენი იკრიფება. მოსავალი მეზობელ ქალაქში, კობლენცში, მეგობართან, ამირან უჯმაჯურიძესთან მიმაქვს და ვწურავთ. სასიამოვნო სურნელის, ზომიერად მათრობელი ღვინო გამოდის.

- ჩანს, მიწის დამუშავება გიყვართ...

- უდროობის გამო მხოლოდ ქოთნის მცენარეების მოვლას ვახერხებ. მიწას ხშირად ვუცვლი - ეს მათთვის ჰაერივით აუცილებელია. ამ საქმეში ოჯახის წევრებიც მეხმარებიან. ჩვენ მიერ გამწვანებულ გარემოში ყოფნა გვსიამოვნებს. განსაკუთრებით ხშირად მოდიან საქართველოდან ჩამოსული მეგობრები. სტუმრებს ვერანდაზე ვმასპინძლობ.

- რას ურჩევდით მებაღეობის მოყვარულებს, განსაკუთრებით, თანამემამულეებს?

- კარგი იქნება, რაც შეიძლება ბევრი მწვანე საფარი შეიქმნან გარშემო, ბევრი ხე დარგონ, ბევრი ყვავილი გაახარონ როგორც მიწაზე, ასევე შენობებზე, ხიდებზე, მოაჯირებზე. სილამაზე დადებითად მოქმედებს თითოეულ ადამიანზე, განსაკუთრებით დღეს, აჩქარებული ტემპის მქონე ყოფაში.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით